Accessibility links

logo-print

461-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 461-ე გამოშვება.

წამყვანი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, დღევანდელ გადაცემას, როგორც ყოველთვის “მეათე სტუდიაში” განვაგრძობთ და რადიოჟურნალის ამ გამოშვებას თითქმის მთლიანად დავუთმობთ კულტურის თემაზე საუბარს. გიამბობთ ქართული ენციკლოპედიის საქმიანობაზე და გამოვეხმაურებით პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას, გავიხსენებთ საბჭოთა ეპოქაში გადაღებულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმს და გიამბობთ, რითი ამაყობენ აზერბაიჯანის ქალაქ ლერიკის მკვიდრნი. ბოლოს კი გამოვეხმაურებით დიდი გერმანელი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის, რუდოლფ აუგშტაინის გარდაცვალებას. მეათე სტუდიაში მიკროფონთან მარიამ ჭიაურელია.

მუსიკა
ქართული ენციკლოპედიის საქმიანობა

წამყვანი:
ოთხი წლის წინ ქართულმა ენციკლოპედიამ დაიწყო ხუთტომეულის – ენციკლოპედია “საქართველოს” გამოცემა. ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ტომი დაიბეჭდა; გამოცემის შეყოვნების მთავარი მიზეზი გასაგები და ცნობილია: უსახსრობა. მაგრამ სულ ახლახანს გამოვიდა ახალი ენციკლოპედია, ერთტომეული “თბილისი”, რომლის სასიგნალო ეგზემპლარები უკვე მზად არის, ხოლო იანვრიდან პირველი ტირაჟი გაიყიდება კიდეც. “თბილისის” გამოსაცემად ქართულ ენციკლოპედიას ქალაქის მერია შეეწია. ჩვენი თბილისელი კოლეგა, დავით პაიჭაძე ქართული ენციკლოპედიის საქმიანობასა და საგამომცემლო განზრახვებზე ესაუბრა მის ხელმძღვანელს, ავთანდილ საყვარელიძეს.

დავით პაიჭაძე:

უფულობა, ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა ის ფონია, რომელზედაც უნდა დაიწყოს ლაპარაკი ყველა იმ ორგანიზაციისა თუ საქმის შესახებ, სახელმწიფოს შემწეობას რომ საჭიროებს. მართალია, მსოფლიოს არაერთი ცნობილი ენციკლოპედია სახელმწიფოს ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე გამოიცემა, მაგრამ საქართველოში ასე არ არის. მიზეზი ისიცაა, რომ ენციკლოპედიას, როგორც ძვირ გამოცემას, მყიდველი აკლია. შედარებისთვის ვიტყვით, რომ ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის 11-ტომეული 80-ათასიანი ტირაჟით გამოიცა, ენციკლოპედია “თბილისი” კი ჯერჯერობით მხოლოდ 2500 ცალი იქნება.

ენციკლოპედია “თბილისი”, ქართული ენციკლოპედიის ხელმძღვანელის, ავთანდილ საყვარელიძის თქმით, თავისუფალია ყოველგვარი იდეოლოგიისაგან, რაც შეუძლებელი იყო იმავე ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემისას. სახელმწიფო დღეს არაფერს კარნახობს ენციკლოპედიის ავტორებს, მას არა აქვს პრეტენზია, თავისი ხედვა თავს მოახვიოს მოქალაქეებს. რაც შეეხება ამ თითქმის 1100-გვერდიანი წიგნის სტრუქტურას, ის შედგება ორი ნაწილისაგან: ზოგადი ცნობები თბილისის შესახებ და ანბანის რიგზე გაწყობილი სტატიები. ზოგადი ცნობები შეიცავენ ინფორმაციას ისეთი დარგების შესახებ, როგორიცაა [ავთანდილ საყვარელიძის ხმა]: “ისტორია, აღმსარებლობა, მოსახლეობა – განხილულია ისტორიულ და თანამედროვეობის ჭრილში; არქიტექტურა – არა მხოლოდ როგორც ხელოვნების დარგი, არამედ როგორც გარემო და პირობების შექმნა ადამიანთა ცხოვრებისათვის; ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება, მედიცინა, ენა და ლიტერატურა, მასმედია, ხელოვნება, სპორტი – ყველაფერი, მოკლედ. ეს არის ზოგადი მიმოხილვითი სტატიები ამ წიგნში. შემდეგ მოდის პატარა ისტორიული მიმოხილვა აბსოლუტურად ყველა ქუჩის, რაც კი არის თბილისში. ასევე მოცემულია ყველა ძეგლი, რაც კი დგას ჩვენს დედაქალაქში”. ეს წიგნის მცირე ნაწილია, უდიდესი ნაწილი ანბანის მიხედვით დაბეჭდილ სტატიებს უკავიათ, რომელთა არსს ავთანდილ საყვარელიძე ასე გადმოსცემს [საყვარელიძის ხმა]: “აქ არის ინფორმაცია ყველა ფაქტის, მოვლენის, პიროვნების შესახებ, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდათ თბილისის წარსულში, თუ აქვთ თანამედროვეობაში”.

მსოფლიოს რამდენიმე ცნობილი ენციკლოპედიის (მაგალითად, “ლარუსის” ან “ბრიტანიკას”) გამომცემლები ამაყობენ მათი წიგნების ავტორებითაც, რომელთა შორის ხშირად არიან მსოფლიო სახელის მქონე მოღვაწეები, მეცნიერები, პოლიტიკოსები თუ სხვები. ენციკლოპედიები საგანგებოდ აღნიშნავენ ხოლმე ავტორთა შორის ნობელის პრემიის ლაურეატთა რიცხვს. ენციკლოპედია შეიძლება მხოლოდ გამოიყენო, მაგრამ შეიძლება სიამოვნებით წაიკითხო კიდეც, თუ გამომცემელი მიზნად არ ისახავს მხოლოდ საცნობარო ხასიათის წიგნის დასტამბვას (ასეთი იყო, მაგალითად, დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ბოლო გამოცემა, რომელსაც მრავალი ბრწყინვალე ავტორი ჰყავდა, მაგრამ ყველა მათგანის ნაწერი გაითქვიფა 30-ტომეულის მშრალ და სტანდარტულ სტატიებში). ენციკლოპედია “თბილისს” დაახლოებით ოთხასი ავტორი ჰყავს. ავთანდილ საყვარელიძე ამბობს, რომ წიგნში არ არის რაღაც ერთიანი, სტანდარტიზებული და უნიფიცირებული სტილი [საყვარელიძის ხმა]: “აქ შენარჩუნებულია ავტორთა ხედვა და სტილი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, ვისაც კი ჰქონდა თავის სამეცნიერო საქმიანობაში თბილისთან შეხება, მოგვეწვია და მონაწილეობა მიეღო წიგნის შექმნაში”. ენციკლოპედიის ავტორთა შორის ბევრი ცნობილი მეცნიერია.

“თბილისის” შემდეგ ქართული ენციკლოპედია მიზნად ისახავს ენციკლოპედია “საქართველოს” გამოცემის გაგრძელებას, რომლის მეორე ტომი, კარგა ხანია, მზადაა; ამავე ენციკლოპედიის შემოკლებულ ვარიანტს, თავისებურ ენციკლოპედიურ ლექსიკონს, ერთტომეულს ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომლის აუციულებლობასაც ავთანდილ საყვარელიძე მსოფლიოში საქართველოს შესახებ ინფორმაციის არარსებობით ხსნის. გამოიცემა ასევე ენციკლოპედია “ქართული ენა”. ამ ყველაფერს ქართულ ენციკლოპედიაში მომავალი წლისთვის განიზრახავენ.

რაც შეეხება ქართული ელექტრონული ენციკლოპედიის გამოცემას, ავთანდილ საყვარელიძეს ეს აუცილებელ საქმედ მიაჩნია, თუმცა ახლა ჭირს განსაზღვრა, როდის მოხერხდება ეს. ისე, ენციკლოპედია “თბილისი” ამ ხასიათის პირველი წიგნია, რომლის მთელი ინფორმაციაც ქართული ენციკლოპედიის კომპიუტერულ ცენტრშია დაცული, ანუ ბაზა მისი ელქტრონული ვერსიის შესაქმნელად უკვე არსებობს.

დავით პაიჭაძე რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი

მუსიკა
პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის გამოფენა

“მონუმენტური ქანდაკება აზროვნების ფორმაა. ტოტალიტარულ ქვეყნებში უყვართ მონუმენტური ქანდაკება, მაგრამ რა შუაშია აქ მონუმენტალისტი?”... ეს ერნსტ ნეიზვესტნის სიტყვებია. ცნობილმა მოქანდაკემ მონუმენტალიზმი 80-იანი წლების მიწურულს დაიცვა, როცა საბჭოთა კავშირში ყველამ ერთიანად შეუტია 20-იან და 30-იან წლებში დადგმულ კომუნისტურ ძეგლებს. იმხანად თბილისში მარქსიზმ-ლენინიზმის შენობის ფასადზე, ქართველი მოქანდაკე ქალის, თამარ აბაკელიას რელიეფები დაანგრიეს. ბოლო მოუღეს სხვა ძეგლებსაც. საბედნიეროდ, გადარჩა ნინო წერეთლის ნამუშევრები, რომელიც გასულ კვირას საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა. ამ გამოფენის შესახებ, რომელიც ნინო წერეთლის დაბადებიას ას წლისთავს მიეძღვნა, ჩვენი თბილისელი თანამშრომელი, გიორგი გვახარია გვიამბობს.

გიორგი გვახარია:
პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი, ნინო წერეთელი, რომელიც 1939 წელს, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა სისხლის მოწამვლით, პრინციპში არც იყო მონუმენტალისტი. იაკობ ნიკოლაძის მოწაფემ ადამიანურობით, სინაზით, ინტიმურობით გაამდიდრა ქანდაკება იმ ეპოქაში, როცა სწორედ მონუმენტალიზმი იყო მოდაში და, რაც მთავარია, თავისი სკულპტურული პორტრეტებით, მაგალითად, კოტე მარჯანიშვილის მარმარილოს ბიუსტით, სანდრო ინაშვილის პორტრეტით, რომელიც ასევე მარმარილოშია შესრულებული, დაუპირისპრდა ქვის კერპების შემქმნელ ავტორებს, იმათ, ვინც ტოტალიტარული კულტურის არსს გამოხატავდა.

გამოფენა, რომელიც გასულ კვირას ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ნინო წერეთელმა უბრალოდ “თავი აიცდინა” სტალინური კულტურისაგან. ეს უფრო 20-იანი წლების ავანგარდია, ვიდრე სოცრეალიზმი, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ნინო წერეთლის “კონსტრუქტივისტულ” თეატრალურ ესკიზებში, რომელიც პირველად გამოიფინა თბილისში. ჩვენთან საუბარში, მოქანდაკის ვაჟმა, ჯუანშერ ამირანაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად დაკარგულია ნინო წერეთლის უამრავი ქანდაკება – ზოგიერთი ნამუშევარი შუა აზიაშია, სადაც წერეთელს 30-აინი წლების დასაწყისში მოუხდა მუშაობა. არსებობს ნამუშევრები, რომელიც რესტავრაციას საჭიროებს, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათი გამოფენა ვერ მოხერხდა.

[ჯუანშერ ამირანაშვილის ხმა]: “39 ქანდაკება მე დავითვალე და ეხლა ძიებაში ვარ სხვა ქანდაკებების... სურათებიც არის, რაც ოჯახში შემოგვრჩა, ბევრი რამ დაიკარგა – ეხლა ვეცდები, რომ ნელა-ნელა შევაგროვო ყველაფერი და რაღაც ბუკლეტივით გამოვცე”

1927 წელს, პირველად ქართული საბჭოთა ხელოვნების ისტორიაში, ნინო წერეთელმა ქალის შიშველი ტორსი გამოაქანდაკა. იმხანად ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიანიჭეს, ალბათ იმიტომ, რომ სტალინური ცენზურა ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებდა ხელოვნებას. შესაძლებელია, წერეთლის მიერ შესრულებული შიშველი ტორსი იმდენად პოეტური იყო, იმდენად მოკლებული ვულგარულობას, რომ მოქანდაკე ქალს ასეთი სითამამე ადვილად აპატიეს. მაგრამ თანამედროვე ხელოვნების საერთო ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის შემოქმედება სხვა მხრივ ხდება მნიშვნელოვანი – მასკულინურ-პატრიარქალური კულტურის გარემოში, ხელოვანი ქალი სირბილეს, სინაზეს, გამჭვირვალებას ამკვიდრებს ერთი შეხედვით ყველაზე “მასკულინურ” ხელოვნებაში – ქანდაკებაში.

“დრო გარბის და მე რისი გაკეთების სურვილიც მაქვს, ვერ ვახერხებ” – უთქვამს ერთხელ ნინო წერეთელს. იგი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. არავინ იცის, რას გააკეთებდა მოქანდაკე ქალი იმ ეპოქას რომ მოსწრებოდა, როცა ჩვენში ქვის კერპების მასობრივი დადგმა დაიწყო. ამ დროს იგი თავისი ბუნებრივი სიკვდილით გადაურჩა. გადარჩა ქანდაკებაც, როგორც ხელოვნების დარგი… ქანდაკება, რომელიც თურმე თავად ადამიანზე უფრო “ადამიანური” შეიძლება იყოს.

გიორგი გვახარია რადიო “თავისუფლებისათვის”, პრაღა

მუსიკა
როგორ გადაწყვიტა კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” ელდარ რიაზანოვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის ბედი

წამყვანი:
ელდარ რიაზანოვი, ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული კინორეჟისორია, რომლის ფილმები ერთნაირი წარმატებით სარგებლობს განსხვავებული ასაკის, სოციალური წარმომავლობისა თუ ეროვნების მაყურებელთა შორის. “საკარნავალო ღამე”, “ერიდე ავტომობილს”, “ჰუსარული ბალადა”, “ბედის ირონია, ანუ გაამოთ”, “სამსახურებრივი რომანი”, “იტალიელების წარმოუდგენელი თავგადასავალი რუსეთში” , “სადგური ორისათვის”, “გარაჟი” და ა.შ. და ა.შ. – ეს ფილმები უკვე კლასიკად იქცა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღემდე უყვარს მაყურებელს. 18 ნოემბერს ელდარ რიაზანოვს 75 წელი უსრულდება. თამარ ჩიქოვანი მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ რა როლი ითამაშა კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” რიაზანოვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში.

თამარ ჩიქოვანი:
თავად ელდარ რიაზანოვის თქმით, პოპულარობის თვალსაზრისით, ვერც ერთი ფილმი ვერ შეედრება ფილმს “ბედის ირონია ანუ გაამოთ.” მართლაც, 1976 წლის 31 დეკემბერს სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გადაცემული ეს ტელეფილმი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთბაშად 100 მილიონმა მაყურებელმა იხილა. როგორც რიაზანოვი იგონებს ავტობიოგრაფიულ წიგნში “ შეუჯამებელი შედეგები,” ფილმის წარმატება გამაოგნებელი იყო. თუმცა ფილმის შექმნის ისტორია საკმაოდ დრამატული ყოფილა: პირველ რიგში, ფილმის სახელმწიფო ტელევიზიისთვის გადაღებამ საშინლად გააღიზიანა საკავშირო კინემატოგრაფიის მინისტრი ფილიპ ერმაში, რომელმაც კინორეჟისორის მუშაობა ტელევიზიისთვის ღალატად მიიჩნია. ფილმი წინასწარ ჩვენებაზე არ მოეწონა პარტიულ ნომენკლატურასაც, მაგრამ ეს საკითხი შედარებით უმტკივნეულოდ გადაწყდა, რადგან ფილმი ლეონიდ ბრეჟნევს მოსწონებია. თუმცა პრემიერის წინ, ფილმის დაწყებამდე, ელდარ რიაზანოვს მაინც მოუწია ტელემაყურებლისთვის ალკოჰოლის მავნე გავლენაზე მცირე საუბრის ჩატარება: უამისოდ სახელმწიფო ტელეკომპანია უარს ამბობდა ფილმის ჩვენებაზე.

მაგრამ ყველაზე საინტერესო მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც ფილმის ფანტასტიკური წარმატებით ფრთაშესხმულმა კინოსტუდია “მოსფილმის” ხელმძღვანელობამ სახელმწიფო პრემიაზე მისი წარდგენა გადაწყვიტა, მაგრამ მოულოდნელად წინააღმდეგობას წააწყდა. სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობამ სახელმწიფო პრემიაზე საინფორმაციო პროგრამა “ ვრემია” წარადგინა და კატეგორიულად წინააღმდეგი წავიდა იმისა, რომ სახელმწიფო ტელევიზიას კიდევ ერთი ნომინანტი წარედგინა. ერმაშის დამოკიდებულების გამო, ფაქტია, რომ საბჭოთა კიმენატოგრაფისტთა კავშირმა ასევე არ ისურვა “ბედის ირონიის” დასახელება. მოულოდნელად ფილმის სახელმწიფო პრემიაზე წარდგენის ინიციატივით გამოვიდა ქარხანა “მოსელექტროაპარატის” შრომითი კოლექტივი, მაგრამ, სახელმწიფო პრემიების განაწილების წესით, კანდიდატის წარდგენის უფლება მხოლოდ შემოქმედებით კოლექტივს ჰქონდა. და სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, რიაზანოვის ფილმი “ბედის ირონია, ანუ გაამოთ” სახელმწიფო პრემიის კანდიდატად კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” წამოაყენა. კითხვაზე, ხომ არ იყო მოსალოდნელი რაიმე სადამსჯელო ღონისძიება ქართული ფილმის მისამართით, რაკი ფილმს აშკარად არ სწყალობდა საკავშირო კინომატოგრაფიის მინისტრი, “ქართული ფილმის” დირექტორი რეზო ჩხეიძე მიპასუხებს: [რეზო ჩხეიძის ხმა] “ ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ფილმი ამის ღირსი იყო. ხომ მართალია? ეს დრომაც უჩვენა. მე არ მახსოვს ისეთი ახალი წელი, რომ ეს ფილმი არ გადმოეცათ რუსეთის სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით. ჩვენშიც ძალიან უყვართ ეს სურათი.”

რეზო ჩხეიძის თქმით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ერთ სტუდიაში შექმნილი ფილმი სახელმწიფო პრემიაზე მეორე სტუდიამ წარადგინა. “ბედის ირონია” კიდევ ერთი რამით იყო გამორჩეული: ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა სახელმწიფო პრემიაზე არასაბჭოთა მსახიობი – ბარბარა ბრილსკა წარადგინეს. თავად ელდარ რიაზანოვი ამას პოლონელი მსახიობისადმი ქართველი მამაკაცების განსაკუთრებული გრძნობებით ხსნის: 1977 წელს ბარბარა ბრილსკა მონაწილეობას იღებდა თბილისში გამართულ ტელეფილმების ფესტივალში, სადაც მან საბოლოოდ დაიპყრო თბილისელების გული, ფილმი კი ყველაზე არაპოლიტიკური ჯილდოთი - მაყურებლის სიმპათიის პრიზით დაჯილდოვდა.

რაც შეეხება სახელმწიფო პრემიას – 1977 წელს, ოქტომბრის რევოლუციის მე-60 წლისთავზე ძალზე ცოტა იყო შანსი, რომ საბჭოთა პერიოდის ყველაზე პრესტიჟული პრემიით სრულიად არაპოლიტიკური ფილმი, თავისებური ფილმი-ზღაპარი დაეჯილდოებინათ. თუმცა ამ ისტორიის ბოლო კეთილია: ხანგძლივი კულუარული განხილვების შემდეგ სახელმწიფო პრემიების კომისიამ მაინც გაითვალისწინა მაყურებლის აზრი და ფილმი “ბედის ირონია, ანუ გაამოთ” სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვა.

თამარ ჩიქოვანი რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი

მუსიკა
აზერბაიჯანის ქალაქი ლერიკი ხანდაზმულთა სიმრავლით ამაყობს

მარიამ ჭიაურელი:
ათ წელიწადზე მეტია, აფხაზეთზე საუბრის ლამის ერთადერთ თემად არის ქცეული სეპარატისტული კონფლიქტი, ცნობები მისი გამწვავების საფრთხისა თუ მისი მოგვარებისაკენ მისწრაფების, სამშვიდობო ძალების როლის, ეკონომიკური კრიზისისა თუ ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ. კულტურისა და სპორტის თემებს იშვიათად თუ ექცევა ყურადღება და მივიწყებულია ისიც, რითაც აფხაზეთის მცხოვრებნი ხშირად თავს იწონებდნენ – მოხუცებულთა სიმრავლე. ვინ იცის, რამდენი ჭარმაგი ხანდაზმული შემორჩა მოსახლეობის ნახევრისაგან დაცლილ აფხაზეთს, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ საქართველოს ამ თვალწარმტაც კუთხეს კონკურენტი გამოუჩნდა – დავით კაკაბაძე მოგითხრობთ აზერბაიჯანის ერთ პატარა ქალაქზე - ლერიკზე, რომელსაც ამას წინათ ესტუმრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ქლოე არნოლდი. ლერიკში ირწმუნებიან, რომ 100 წელს გადაბიჯებულ მკვიდრთა რაოდენობით მათ მსოფლიოში ვერავინ შეედრება.

დავით კაკაბაძე:
დარსა თუ ავდარში, ყიზილ ყულიევა დილაუთენია დგება წიწილების დასაპურებლად. ყულიევას ოჯახი კარგა მოზრდილი კარ-მიდამოს პატრონია და დილიდან საღამომდე დაუღალავ საქმიანობაში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ასაკი – ყიზილ ყულიევა, როგორც ჩვენმა კორესპონდენტმა დაბადების მოწმობაში ამოიკითხა, 131 წლისაა.

ბოლო ხანს მხცოვან ქალბატონს ყურთ დააკლდა და უყავარჯნოდ სიარულიც გაუჭირდებოდა. მაგრამ ყულიევა არ წუწუნებს – ირწმუნება, რომ თავს ძველებურად, ყოჩაღად გრძნობს. [ყიზილ ყულიევას ხმა] "სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი მყავდა. შვილიშვილები- მაპატიეთ, არც კი მახსოვს, რამდენი მყავს. დღეგრძელობის საიდუმლო რა არის? კი ბატონო, გეტყვით: კარგად ვჭამ და ბევრს ვმუშაობ. მეტი არაფერი.”

მუსიკა

სამხრეთ აზერბაიჯანში, ირანთან საზღვრის მახლობლად მდებარე ლერიკი რბილი ჰავით არის განებივრებული. მის აღმოსავლეთით კასპიის ზღვა, ხოლო დასავლეთით – ტალიშის ქედია გადაშლილი. ქალაქში ლამის ყველა სახლი ხეხილში ეფლობა და, ვინ იცის, სადმე იქნებ უკვდავების წყაროც მოჩხრიალებდეს – ლერიკის 65 ათას მოსახლეზე ხომ 100 წელს გადაბიჯებული 21 ადამიანი მოდის! ეს მაჩვენებელი ოთხჯერ აღემატება საშუალო მაჩვენებელს დასავლეთის ქვეყნებში. მაგრამ სახელგანთქმულ გინესის წიგნში ლერიკის ფენომენი იგნორირებული რჩება; როგორც ამბობენ, იმ მიზეზით, რომ აზერბაიჯანში ხანდაზმულთა დიდ ნაწილს თავისი ასაკის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნია.

ასეა თუ ისე, ლერიკში უჩვეულოდ ბევრი ხანდაზმული რომ ცხოვრობს, ფაქტია და ამ ფაქტის მიზეზებს, სულ ცოტა, 30 წელია იკვლევს აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი ჩინგიზ გუსანოვი.

[ჩინგიზ გუსანოვის ხმა] "ეს ადამიანები დაუბინძურებელ გარემოში ცხოვრობენ. დიდ ფიზიკურ შრომას ეწევიან, სოციალურად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ყოველივე ეს ძლიერ გენებთან ერთად იმას ნიშნავს, რომ მათ ყოფაზე უარყოფით ზეგავლენას არაფერი ახდენს. მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ხანდაზმული ადამიანები აქტიურად ცხოვრობენ. მთელი დღე ლოგინში არ წვანან. მათ ექიმიც კი არ სჭირდებათ. ბევრს მუშაობენ, მიწაზე მუშაობენ."

ჩვენი კორესპონდენტი ქლოე არნოლდი ლერიკში სტუმრობისას გამოელაპარაკა 125 წლის კიში ბენდიევსაც, რომელიც პირველად ცხენზე ამხედრებული იხილა და მისგანაც შეიტყო დღეგრძელობის საიდუმლო. ეს საიდუმლო ჯირითი და ყოველდღე ერთი ულუფა ბოზბაშის მირთმევა ყოფილა. ბენდიევი განსაკუთრებით ამაყობს საუცხოო მეხსიერებით: [კიში ბენდიევის ხმა]"პირველი, ვინც მახსოვს, ნიკოლოზ მეორე იყო. ცოტა ხანი იმეფა და მერე ლენინი მოვიდა, ლენინის მერე სტალინი იყო, მერე ბრეჟნევი და მერე გორბაჩოვი, რომელმაც, როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერი დაანგრია."

ასე დაამახსოვრა თავი რუსეთისა და საბჭოთა იმპერიების ისტორიამ კიში ბენდიევს.

ლერიკში, მართალია, ნანგრევები არ ჩანს, მაგრამ, რომ იტყვიან, “ახალი ეპოქის სუნთქვა” უკვე იგრძნობა და ქალაქი, როგორც ვარაუდობენ, ადრე თუ გვიან დაკარგავს ხანდაზმულთა სავანის იმიჯს. ლერიკის მხცოვან ბინადართა შთამომავლებიდან ბევრი, სამუშაოს შოვნის იმედით, ბაქოში გადასახლდა. იქ კი, ნავთობი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ უკვდავების წყაროს აღმოჩენის შესახებ ცნობა ჯერჯერობით არ მოგვეპოვება.

მუსიკა
გარდაიცვალა რუდოლფ აუგშტაინი

მარიამ ჭიაურელი:
უკანასკნელ ხანებში გახშირდა კრიტიკული ხმები ჟურნალისტიკის კრიზისის შესახებ. თავად მოწინავე ჟურნალისტები გამოთქვამენ შიშს, რომ მათი დარგი ნელ-ნელა კარგავს თავის უპირველეს ფუნქციას – სწორი ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებას – და სულ უფრო მეტად მოქმედებს კომერციული ინტერესების კარნახით. დღეს გესაუბრებით ადამიანზე, რომლის ცხოვრება და საქმიანობა სიმართლის გამოჩხრეკასა და მოურიდებლად თქმაში მდგომარეობდა და რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ჟურნალისტიკისა და პუბლიცისტიკის ისტორიაში. ეს გახლავთ გერმანიის ჟურნალ "შპიგელის" გამომცემელი, რუდოლფ აუგშტაინი, რომელიც გასულ კვირაში გარდაიცვალა 79 წლის ასაკში. მოუსმინეთ ბიძინა რამიშვილს.

ბიძინა რამიშვილი:
რუდოლფ აუგშტაინი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას სამართლიანად უწოდებდნენ საუკუნის პუბლიცისტს. მათემატიკისა და ლოგიკის მეთოდს თუ გამოვიყენებთ და დავუშვებთ დასავლეთი გერმანიის ისტორიას აუგშტაინის გარეშე, ვნახავთ, რომ ეს შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ გერმანელები, მათი მოწინავე წარმომადგენლები. და ეს მით უფრო ღირებულია, რომ ლაპარაკია არა კონკრეტულ პიროვნებაზე, არამედ მის საზოგადოებრივ როლზე. მისი, როგორც ჟურნალისტისა და პუბლიცისტის როლზე ომისშემდგომ გერმანიაში, თუ გნებავთ, საერთოდ, ჟურნალისტის როლზე თანამედროვე საზოგადოებაში.

ნიშანდობლივია ცნობილი გერმანელი ლიტერატურის კრიტიკოსის, მარსელ რაიხ-რანიცკის გამონათქვამი: "ვერ წარმომიდგენია ისეთ გერმანიაში ცხოვრება, რომელშიც არ იქნებოდა ჟურნალი 'შპიგელიო'".

აუგშტაინი იყო უმაღლესი რანგის ინტელექტუალი; მახვილგონიერი ანალიტიკოსი; მწვავე პოლემისტი; გამორჩეულად წარმატებული ბიზნესმენი.

პოლიტიკოსობა არ მინდოდაო, ამბობდა, მაგრამ ყველა სხვა გერმანელ პუბლიცისტზე უფრო მეტად პოლიტიკოსი იყო. იგი 55 წლის განმავლობაში, მთელი თავისი კარიერის მანძილზე აკეთებდა ამას. 1923 წლის 5 ნოემბერს ჰანოვერში დაბადებული აუგშტაინი ომის შემდეგ შინ დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ჟურნალ "დიზე ვოხე"-ში, რომელსაც ბრიტანეთის საოკუპაციო არმია გამოსცემდა. ბრიტანელებმა ჟურნალის გამოცემა მალე ახალგაზრდა აუგშტაინს გადააბარეს. 23 წლის აუგშტაინის ხელმძღვანელობით ჟურნალი სახელს იცვლის და 1947 წლის 4 იანვარს გამოდის ლეგენდად ქცეული "შპიგელის" პირველი ნომერი. მას მერე შეუძლებელია "შპიგელისა" და აუგშტაინის უერთმანეთოდ წარმოდგენა.

1949 წელს აუგშტაინი ჰანოვერიდან ჰამბურგში გადავიდა და იმ დროიდან მოკიდებული ის და მისი გუნდი განუწყვეტლივ გაფაციცებულები ადევნებდნენ თვალყურს ბონის მთავრობას. კრიმინალისტის ყნოსვის მქონე აუგშტაინი ერთიმეორის მიყოლებით ააშკარავებდა სერიოზულ კანონდარღვევებს, მათ შორის ქვეყნის უმაღლეს მმართველ ეშელონებში. "შპიგელი" იყო ის ორგანო, სადაც პირველად ჩნდებოდა ხოლმე ჟურნალისტური გამოძიების გზით ფარდაახდილი ცნობები, რასაც შედეგად არაერთი სერიოზული სკანდალი მოჰყოლია. ლაპარაკია არა ბულვარული პრესის საკბილოზე, არამედ მსხვილ პოლიტიკურ სკანდალებზე, რომლებიც ღრმა კვალს აჩნევდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას.

50-60-იან წლებში "შპიგელის" მთავარი სამიზნე იყო კანცლერი კონრად ადენაუერი და მისი მთავრობა. ერთ-ერთმა ყველაზე გახმაურებულმა სკანდალმა, რომელიც "'შპიგელის' სკანდალის" სახელით შევიდა ისტორიაში, ძლევამოსილ თავდაცვის მინისტრს, ფრანც-იოზეფ შტრაუსსაც კი დაატოვებინა თანამდებობა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1962 წლის შემოდგომაზე "შპიგელში" დაიბეჭდა სტატია სათაურით "პირობითად თავდაცვისუნარიანი", რომელშიც გერმანიის ბუნდესვერში არსებული მდგომარეობა იყო წარმოჩენილი. სტატიას ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. "შპიგელის" ხუთი თანამშრომელი დააპატიმრეს სამშობლოს ღალატის ბრალდებით. თავად რუდოლფ აუგშტაინი 103 დღის მანძილზე იჯდა საპყრობილეში.

მოგვიანებით მისთვის ჰამბურგის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საზეიმო ცერემონიაზე აუგშტაინმა მისთვის ჩვეული მწარე ირონიით თქვა, ამ ქალაქის ერთადერთი საპატიო მოქალაქე ვარ, რომელსაც ბორკილები უტარებიაო.

[აუგშტაინის ხმა]

"შპიგელის" გამოცემა აიკრძალა. მაგრამ ამ მოვლენას იმხელა რეზონანსი ჰქონდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, უკან დაეხია. გერმანიის უახლესი ისტორიის სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ "შპიგელის" გარშემო სკანდალით დასრულდა ძველი, ავტორიტარულ აზროვნებაზე დამყარებული გერმანია და დაიწყო ახალი სამოქალაქო საზოგადოება.

"დემოკრატიის მოიერიშე არტილერია" – ასე უწოდებდნენ რუდოლფ აუგშტაინს, რომელიც ჯიუტად, დაუღალავად წმენდდა საზოგადოებას სარეველისგან, "საზოგადოებრივი ჰიგიენისთვის" ზრუნავდა, როგორც ერთმა მისმა კოლეგამ შენიშნა. "სწორად ინფორმირება უკვე ნიშნავს შეცვლასო", იტყოდა ხოლმე თვითონ.

იგი ყოველ ღონეს ხმარობდა და უზარმაზარი თანხის გადახდისგანაც არ იხევდა უკან სწორი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ჭეშმარიტების გამოსააშკარავებლად. მისი პროფესიული კრედო "შემტევ ჟურნალისტიკასთან" უფრო ახლოს დგას, ვიდრე "გამოძიებით ჟურნალისტიკასთან".

ძალაუფლების, ძლიერთა ამა სოფლისათა და საქმოსანთა მიმართ აუგშტაინის სკეფსისმა წარმოშვა კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, რომლის მსგავსი გერმანიას მანამდე არ ახსოვს. ბონში პოლიტიკოსები ყოველ ორშაბათს შიშით ელოდნენ, თუ ვის მოხვდებოდა ამჯერად "შპიგელის" მწვავე მათრახი.

მართალია, ჟურნალი მემარცხენე-ლიბერალური, ზოგჯერ კი მემარცხენე მიმართულების იყო, მაგრამ მისი ეშინოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით კი ხელისუფლებაში მყოფთ. "კარგი ჟურნალი 51 პროცენტით ოპოზიცია უნდა იყოსო" – ასეთი იყო მისი დევიზი.

სხვათა შორის, "შპიგელის" იდეა, აუგშტაინს არ ეკუთვნის. როგორც თავად ამბობდა, მოდელად გამოუყენებია ამერიკის ჟურნალი "ტაიმი".

"შპიგელი" გამორჩეული ჟურნალია კომერციული თვალსაზრისითაც. ეს ამ ტიპის ყველაზე დიდი გამოცემაა ევროპაში. გერმანიაში მისი მთავარი კონკურენტები "შტერნი" და "ფოკუსი" დიდად ჩამორჩებიან სახელმოხვეჭილ გამოცემას.

კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე თვალშისაცემი ნიშანი, რითაც გამოირჩევა "შპიგელი" სხვა გამოცემებისგან, არის მისი გესლიანი ენა, სრულიად განსაკუთრებული სტილი, რაც ეხმიანება აუგშტაინის პიროვნულ პოზიციას, რომლის დახასიათება მოკლედ ასე შეიძლება: უსაზღვრო მოურიდებლობა. "თუ გნებავთ, ცინიკოსი მიწოდეთ, მაგრამ ცინიზმის გარეშე შეუძლებელია უყურო ძლევამოსილთა თამაშებს".

[აუგშტაინის ხმა]

პოლიტიკოსების კრიტიკოსმა ერთხელ თავადაც სცადა ბედი პოლიტიკაში. გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის სიით მოხვდა ბუნდესტაგში. მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო და სამ თვეში ისევ თავის კაბინეტს დაუბრუნდა "შპიგელის" გამომცემლობაში.
საბედნიეროდ.

მუსიკა

წამყვანი:
ეს იყო ყოველკვირეული რადიოჟურნალი “მეათე სტუდია”, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით. ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”
XS
SM
MD
LG