Accessibility links

logo-print

თბილისი დედაქალაქის მთავრობის წევრების უმრავლესობის გარეშე დარჩა


თბილისის საკრებულოში გამარჯვებულმა ძალებმა თბილისის შევარდნაძისგან გათავისუფლება დედაქალაქის მთავრობის წევრების თანამდებობებიდან გადაყენებითა და თბილისის მერის მიმართ

უნდობლობის გამოცხადებით დაიწყეს. ეს პროცესი
უჩვეულო გარემოში წარიმართა. 15 ნოემბერს მერიის შენობაში მარტო საკრებულოს თანამშრომლები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები მუშაობდნენ. სპეცსამსახურების თანამშრომლები და კინოლოგები შენობაში ნაღმს ეძებდნენ. ამის გამო მერიის თანამშრომლებმა მუშაობას ევაკუაცია ამჯობინეს. მათგან განსხვავებით, საკრებულოს მუშაობა არ შეუწყვეტია.

სპეცსამსახურის თანამშრომლები და კინოლოგები დედაქალაქის მერიის შენობაში მას შემდეგ გამოცხადნენ, რაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა
გაავრცელა ინფორმაცია მერიის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ. ნაღმის ძიების პროცესში, თბილისის საკრებულოს წევრებისა და ჟურნალისტებისგან განსხვავებით, მერიის თანამშრომლებმა კამიკაძეთა რიგებში ჩაწერა არ ისურვეს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მერიაში ნაღმს ვერ მიაგენს. ეტყობა, პირმა, რომელმაც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შეშინება გადაწყვიტა, ნაღმში მთელი საკრებულო იგულისხმა. მოულოდნელი არავისთვის არ ყოფილა, რომ 15 ნოემბერს თბილისის ახლად ამოქმედებულმა საკრებულომ თბილისის მთავრობის წინააღმდეგ გაილაშქრა. 15 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხები წინასწარ იყო ცნობილი.
ამ დღეს თბილისის საკრებულომ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, მუშაობა დილით დაიწყო და თბილისის მთავრობის დათხოვნის პროცესი ერთობ უცნაურად დაასრულა. მიაღწია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სამი ვიცე-პრემიერის და სხვა, შედარებით, დაბალი თანამდებობის პირების თანამდებობებიდან გადაყენებას, რაც მათივე განცხადებების საფუძველზე მოხდა. დიდმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მერის, ვანო ზოდელავას, თანამდებობიდან გადაყენებას, მაგრამ თანმდებობა შეუნარჩუნა პრემიერს, გია შერაძეს. მერსაც და პრემიერსაც, თბილისის მთავრობის სხვა წევრებისგან განსხვავებით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები არ დაუწერიათ, აქედან გამომდინარე, მათ არ დაუმსახურებიათ საკრებულოს თავმჯდომარის ეს შექება.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ მინდა დიდი მადლობა გითხრათ ამ გაბედული ნაბიჯისათვის. მე არ მახსოვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ვერტიკალში რამდენიმე ასეთი მასშტაბის თანამდებობის პირს ერთად აეწია ხელი.”

მიხეილ სააკაშვილმა ამ სიტყვებით მიმართა ნებაყოფლობით გადამდგარ თბილისის ყოფილ ვიცე-პრემიერებს: მუხრან მდივანს, ვლადიმერ დარჯანიას, დავით ღვინიაშვილს, დაბა წყნეთის ყოფილ გამგებელ გია ასათიანსა და დედაქალაქის რამდენიმე სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელებს. მათ შორის იყო თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ასევე ყოფილი ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, რომლის თქმითაც, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კოლექტიური გადაწყვეტილების ნაწილი არ ყოფილა და არც ვინმეს დავალებით ნაკარნახევი. ასეა თუ ისე, თბილისის მთავრობის წინააღმდეგ საკრებულოს კოლექტიურ გალაშქრებას პრემიერთან დაკავშირებით არაფერი შეუცვლია. არადა, მერისგან განსხვავებით, საკრებულოს შეეძლო შერაძის თანამდებობიდან გადაყენება. მოხდა ისე, რომ საკრებულოს გარკვეულმა წარმომადგენლებმა მერის თანამდებობიდან გადაყენებას დაუჭირეს მხარი, მაგრამ პრემიერის წინააღმდეგ წასვლა არ ისურვეს. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. აქედან გამომდინარე, თამაშის ამ უცნაური წესით მოქმედთა ვინაობა უცნობი დარჩება. კენჭისყრების დაწყებამდე ღია კენჭისყრის წინააღმდეგ “გაერთიანებული-დემოკრატების” წარმომადგენლებმა გაილაშქრეს. საკრებულოს 15 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ მერის საკითხი საბოლოოდ პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს.
საკრებულო მას ზოდელავას თანამდებობიდან გადაყენების წინადადებით მიმართავს.
XS
SM
MD
LG