Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოერევა ადამიანი ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას


რუსეთი შუა აზიის ქვეყნებთან ერთად ცდილობს წინ აღუდგეს ნარკოტიკებით მსოფლიო ვაჭრობას. ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ბორის გრიზლოვი შუა აზიის ქვეყნებს ეწვია,

რათა იქაურ ლიდერებთან ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია შეეთანხმებინა. ამავე დროს, იზრდება ნარკოტიკების ნაკადი მთავარი წყაროდან, ავღანეთიდან.

ნარკოტიკებით ვაჭრობა გამდიდრების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ყველა დონეზე. ამ საშუალებით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად სარგებლობენ მთავრობის წარმომადგენლებიც და ყველაზე დაბალი, უქონელი ფენებიც. ასევეა შუა აზიის სახელმწიფოებშიც, სადაც ტრადიციულად მოიხმარენ ნარკოტიკებს, მოჰყავთ ის და ავრცელებენ კიდეც. იქაური ღარიბი მოსახლეობისთვის ეს ხშირად შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომელთა მოსახლეობაც ამ ნივთიერებების მომხმარებელია. ესენი კი, ძირითადად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არიან, ეკონომიკური თვალსაზრისით. თუ როგორ ებრძვის დასავლეთი ნარკომანიას, ჩვენი თემა არ არის.
როგორც უკვე შეიტყვეთ, შუა აზიაში, სადაც ნარკოტიკები უდიდესი პრობლემაა, იმოგზაურა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბორის გრიზლოვმა. იგი ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ხელისუფლებას შეხვდა და მათთან ამ საჭირბოროტო თემაზე მოილაპარაკა.
მოსკოვს სურს თავი დაიცვას ნარკოტიკების კონტრაბანდისგან და სამხრეთში, როგორც გრიზლოვმა თქვა, უსაფრთხოების სარტყელი შეიქმნას. ეს სარტყელი ძალინ დიდი იქნება და, შესაბამისად, ძნელი იქნება მისი დაფინანსებაც. რუსეთის მინისტრს მიაჩნია, რომ ამ საქმეში დასავლეთი უნდა დაეხმაროს მასაც და მის მოკავშირეებსაც. გრიზლოვი შუა აზიაში არ არის პირველი და უკანასკნელი სტუმარი-პოლიტიკოსი, რომელიც ნარკოტიკების ვაჭრობის პრობლემამ ჩაიყვანა იქ. ახლახან რეგიონში იმოგზაურა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც, რომლის ადგილობრივ ლიდერებთან შეხვედრების მთავარი თემა ნარკოტიკები იყო.
ტაჯიკეთის ხელისუფლება, ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც თავის სახელმწიფოს თამამად შეუძღვა ანტიტერორისტულ კოალიციაში, ფიქრობს, რომ საერთაშორისო ფრონტი უნდა შეიქმნას ნარკოტიკების წინააღმდეგაც. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სალოჰიდინ ნასრიდინოვი ასე ხსნის თუ, რატომ გაიზარდა ნარკოტიკების კონტრაბანდა ავღანეთში ანტიტერორისტული ომის დაწყების შემდგომ:
[ნასრიდინოვის ხმა]
“ამ პერიოდში ავღანეთიდან, მეზობელი ქვეყნების გავლით, ევროპასა და ამერიკაში ნარკოტიკების ტრანსპორტირების მოცულობა გაიზარდა, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა, ებრძვის რა ტერორიზმს, ივიწყებს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა ავღანელი ხალხის მთავარი საქმიანობაა”.
ტაჯიკი დიპლომატი არ ცდება. ავღანეთზე მოდის მსოფლიოში წარმოებული ოპიუმის 75 პროცენტი და, ამავე დროს, მისი წილი კიდევაც იზრდება. გაეროს თანახმად, ანტიტერორისტული ომის პერიოდში ავღანეთში მოწეული ოპიუმის რაოდენობამ 1990 წლის დონეს მიაღწია. ავღანეთის საზღვრებზე, მთელ შუა აზიაში, საკმაოდ ხშირად იჭერენ ხოლმე კონტრაბანდისტებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიმოქცევის დონე არ იკლებს.
გაეროს წარმომადგენელი ბარნეტ რუბინი ფიქრობს, რომ ნარკოტიკების იმ მოვაჭრეთა წინააღმდეგ ბძოლა, რომლებიც მცირე გადამყიდველებს წარმოადგენენ, შედეგს არ მოიტანს. საჭიროა საშუალო და მაღალი დონის ნარკო-საქმოსანთა ალაგმვა, აცხადებს რუბინი და მოჰყავს მაგალითი ავღანეთის ლიდერის ჰამიდ კარზაისა, რომელმაც ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირში შემჩნეული ოფიციალური პირები გადააყენა. რუბინს მიაჩნია, რომ ამ პრინციპით უნდა იმოქმედონ სხვა ქვეყნებმაც.
ტაჯიკეთის ხელისუფლება კმაყოფილია თავისი მოქმედებით, რაც სხვა ქვეყნებთან, თვით შორეულ გერმანიასთან, თანამშომლობაში გამოიხატება. ასეთსავე თანამშრომლობას სთავაზობს რუსეთი თავის შუააზიელ მეგობრებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG