Accessibility links

logo-print

უკავშირდება თუ არა “აგრობიზნესბანკის” პრივატიზაცია პიტერ შოუს ამბებს


12 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თბილისში ვიზიტად მყოფ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის - “კა-ეფ-ვე”-ს ვიცე-დირექტორს შეხვდა.

საუბარი ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის მიერ ორი წლის წინ დაფუძნებული “აგრობიზნესბანკის” პრივატიზაციასაც შეეხო. რა უდევს საფუძვლად ბანკის გაყიდვის განზრახვას და არის თუ არა დაკავშირებული ეს პროცესი “აგრობიზნესბანკის” ყოფილ დირექტორ პიტერ შოუს თავს გადამხდარ ამბებსა და მის ხმაურიან მოღვაწეობასთან საქართველოში?

“აგრობიზნესბანკი” საპარტნიორო ფონდის ერთგვარი მემკვიდრეა, რადგან მისი საწესდებო კაპიტალი სწორედ ფონდში აკუმულირებული 10 მილიონ ორასი ათასი ლარი გახლავთ. ბანკმა ფონდიდან მემკვიდრეობით მიიღო აგრეთვე დირექტორიც – პიტერ შოუ, რომლის სახელიც ბოლო დროს საქართველოში თითქმის ყველაზე ხშირად მოიხსენიება. ხუთი თვის წინ მისი გატაცების ერთ-ერთ მოტივად სწორედ ფინანსურ ინტერესსა და შოუს მიერ უკანონოდ დიდი თანხის მითვისებას ასახელებენ და, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა და ერთ-ერთ ბოლო საგაზეთო ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრიც აცხადებს, რომ “ჯერჯერობით ასეთი მასალები გამოძიებაში არ არის”, “აგრობიზნესბანკის” ყოფილი დირექტორი ყველასთვის მაინც ფინანსურ მაქინაციებთან ასოცირდება. კობა ნარჩემაშვილი ინტერვიუში აგრეთვე დასძენს, რომ გამოძიების მთავარი მიმართულება გატაცების საქმეა და პიტერ შოუს კომერციულ საქმიანობაზე მოკვლევა მხოლოდ ახლა დაიწყება.

12 ნოემბერს კი სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ გერმანული საკრედიტო ბანკის “კა-ეფ-ვე”-ს ვიცე-დირექტორი ნორბერტ კლოპენბურგი მიიღო. როგორც ჯორბენაძის თანაშემწემ განმიმარტა, შეხვედრის ძირითადი თემა იყო არა “აგრობიზნესბანკის” პრივატიზაცია, არამედ რეგიონალური ენერგეტიკის საკითხები, თუმცა კლოპენბურგმა “აგრობიზნესბანკის” პრივატიზაციის საკითხისადმიც გამოხატა ინტერესი. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა მურთაზ კიკორიამ განმიმარტა, პრივატიზაციაში მონაწილედ ითვლება არა “კა-ეფ-ვე”, არამედ - “საქართველოს მიკროსაფინანსო ბანკი”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის “კა-ეფ-ვე”.

საინტერესოა, რომ “აგრობიზნესბანკის” პრივატიზაციის პროცესის კომენტირებისგან თავი შეიკავა როგორც გერმანული ბანკის ვიცე-დირექტორმა, ასევე “აგრობიზნესბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და ევროკომისიამ, რის ერთადერთ მიზეზადაც შეიძლება პიტერ შოუსთან დაკავშირებული ისტორია მივიჩნიოთ. თუმცა ევროკომისიაცა და ნორბერტ კლოპენბურგიც ამას იმით ხსნიან, რომ ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან საქმე გვაქვს მხოლოდ სამუშაო პროცესთან. “აგრობიზნესბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა კი უფრო კომპეტენტურად მიიჩნია ეროვნული ბანკი, რომლის წარმომადგენელმა მურთაზ კიკორიამ ჩემთან საუბრისას განაცხადა:

[კიკორიას ხმა]
“პრივატიზაციაზე საუბარი დაიწყო მას მერე... რა თქმა უნდა, ყოველთვის იდგა ეს საკითხი, მაგრამ განსაკუთრებით მას მერე, როცა საქართველოს მთავრობასა და ევროგაერთიანებას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, სადაც საქართველოსთვის დახმარების მიღების ერთ-ერთ პირობად ჩაიწერა ამ ბანკის პრივატიზაციის საკითხი - საკითხის დაჩქარება, უფრო სწორად. ეს ხდება ამ წლის დასაწყისში. ეს თავიდანვე ჩადებული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ თვითონ ეროვნული ბანკიც დაჟინებით მოითხოვდა ამ ბანკის პრივატიზაციას, იმიტომ რომ სახელმწიფო სახსრებით დაფუძნებული ბანკი სისტემაში სხვა არ არის და არც უნდა იყოს – ეს ერთი და მეორე – თვითონ სახელმწიფოს ინტერესი იყო იმაში, რომ, ამ ბანკის პრივატიზაციის შედეგად, ის 10 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა წარმართულიყო” .[სტილი დაცულია]

თავის მხრივ, ევროკომისიაც “აგრობიზნესბანკის” პრივატიზების მომხრეა და სხვაგვარად ვერც იქნება, რადგან ბანკის დაარსებისთანავე საფუძველშივე განზრახული იყო მისი შემდგომი პრივატიზაცია. რაც შეეხება ბანკის საქმიანობის მიმართ არსებულ ეჭვებს, იძულებული ვარ ისევ და ისევ ეროვნული ბანკის პოზიციას დავეყრდნო, რომ აღარაფერი ვთქვათ ბანკისავე ვებგვერდზე გამოქვეყნებულ 2000 და 2001 წლების საქმიანობის ფინანსური აუდიტის შედეგებზე, რომელიც ადასტურებს, რომ ის საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებს შეესაბამება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოზიციას:

[კიკორიას ხმა]
“ამ თემას უკავშირებენ იმავე საპარტნიორო ფონდის თემას, რომელიც აბსოლუტურად სხვადასხვა თემაა და, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რასაც ვფლობთ ინფორმაციას და რა ზედამხედველობასაც ვუწევთ... იქ არის, რა თქმა უნდა, საკითხები, მაგრამ ფინანსურ მდგომარეობაზე აქ სერიოზული შენიშვნები რომ გვქონდეს, ასეთი არ არის.”[სტილი დაცულია]

ჯერჯერობით “აგრობიზნესბანკის” შესყიდვით დაინტერესება მხოლოდ ერთმა ბანკმა გამოთქვა. ბუნებრივია, საბოლოოდ, მისი პრივატიზაციისას, უმთავრესი კრიტერიუმი იქნება ორმხრივი ინტერესის – გამყიდველისა და მყიდველის ფინანსური ინტერესების - დაცვა. “აგრობიზნესბანკის” პრივატიზაციის საკითხის დასმის მომენტი, თავისთავად, შეიძლება ცოტა უხერხული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეებს არ სურდათ სამუშაო პროცესის გახმაურება და კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებული მოვლენების გამო ეს გარდაუვალი გახდა.
XS
SM
MD
LG