Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ბაღდადი თანახმაა შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს 1441-ე რეზოლუცია, და ვლადიმირ პუტინი განაგრძობს ომს ჩენეთში

- ამ ორ საკითხზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი დათახმდა - ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს 1441-ე რეზოლუცია, რომელიც განიარაღების საერთაშორისო ექსპერტთა საქმიანობის განახლებას ითვალისწინებს ერაყში, მაშინ როცა წინა დღით, ანუ 12 ნოემბერს, საგანგებო სხდომაზე, ბაღდადში, ერაყის პარლამენტმა ერთხმად უარყო ხსენებული რეზოლუცია. როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, სადამ ჰუსეინის პოზიციის ესოდენ მოულოდნელი შეცვლა იმას ნიშნავს, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება, ყოველ შემთხვევაში მანამდე გადაიდო, ვიდრე განიარაღების საერთაშორისო კომისია არ ჩავა ბაღდადში და გაარკვევს, მართლა აპირებს თუ არა სადამ ჰუსეინი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. გაზეთი დასძენს:

"უდაოდ მისასალმებელია ცნობა იმის შესახებ, რომ ბაღდადი თანახმაა გაეროს რეზოლუციის შესრულებაზე და შეიქმნა რეალური პერსპექტივა, რომ ერაყში მთლიანად იქნება ლიკვიდირებული მასობრივი განადგურების იარაღი. მართალია, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კვლავაც ეჭვი ეპარება იმაში, რომ ერაყის ლიდერი დააკმაყოფილებს განიარაღების ექსპერტთა ყველა მოთხოვნას, და მაინც, განიარაღების საერთაშორისო კომისიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა - ბოლომდე მიიყვანოს თავისი მისია ერაყში".

ხოლო გაზეთ "დეილი ტელეგრაფის" აზრით, მას შემდეგ, რაც ერაყი დათანხმდა შეასრულოს უშიშროების საბჭოს 1441-ე რეზოლუცია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განიარაღების ექსპერტთა საქმიანობას, ვინაიდან ამჯერად უნდა შემოწმდეს ერაყის ნებისმიერი ობიექტი, მათ შორის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ყველა სასახლე. გაზეთი წერს:

"რეზოლუციის თანახმად, 8 დეკემბრისთვის ერაყმა გაეროს უნდა წარუდგინოს ამომწურავი ინფორმაცია თავისი მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ. უნდა მოველოდეთ, რომ სადამ ჰუსეინი კვლავაც გააგრძელებს მტკიცებას, რომ არ გააჩნია ხსენებული იარაღი, ან კიდევ გადამალავს მასობრივი განადგურების იარაღს და მის შესაქმნელად საჭირო ზოგიერთ კომპონენტს გამოაჩენს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შესძლებს განიარაღების საერთაშორისო კომისია ერაყში საჭირო ინფორმაციის მიღებას. სადამ ჰუსეინს კარგად მოეხსენება, რომ სიცრუე და თაღლითობა, ამჯერად, სამხედრო ოპერაციით დამთავრდება".

გერმანიის გაზეთი "ველტი" იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ წერილში, რომელიც გაეროს გაუგზავნა სადამ ჰუსეინმა არანაირი სინანული არაა გამოთქმული, სამაგიეროდ სიაა ბრალდებებისა ჯორჯ ბუშისა და ტონი ბლერის წინააღმდეგ, რომლებსაც "ეშმაკების ბანდად" მოიხსენიებს ერაყელი დიქტატორი. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ამ პამფლეტით, ერაყელი დესპოტი ცდილობს თავისი ძალა და ღირსება დაანახოს თანამემამულეებს. სადამი თანახმაა ამასთანავე, შეასრულოს გაეროს რეზოლუცია, რომელიც აღარ უტოვებს მას მანევრირების შესაძლებლობას, ხოლო გაეროს განიარაღების ექსპერტებს შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებს. იმ შემთხვევაში, თუ ერაყი განიარაღების ექსპერტთა თვალის ახვევას შეეცდება, ანდა მუშაობაში შეუშლის ხელს, დაიწყება ომი, რომელსაც სადამი და მისი კლანი ვერ გადაურჩება. ამდენად, გამარჯვება მოიპოვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა; მისი დაჟინებული მოთხოვნისა და გამუდმებული მუქარის გარეშე ერაყი არასოდეს წავიდოდა დათმობაზე."

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და ჩეჩნეთის ომს ეძღვნება სტატია, რომელიც ქალაქ მიუნხენის გაზეთმა "ზიუდოიჩე ცაიტუნგმა" გამოაქვეყნა. გაზეთი წერს:

"პოლიტიკოსებს, როგორც წესი, არ მოსწონთ ჭკვიანური შეკითხვები. ფრანგმა ჟურნალისტმა, პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ბრწყინვალე შეკითხვა დაუსვა პუტინს - რატომ ხოცავს რუსეთი ჩეჩნეთში არა მარტო ისლამისტ ტერორისტებს, არამედ უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებსაცო. პასუხად პუტინმა იმ საფრთხის შესახებ ილაპარაკა, ილამისტური ტერორი რომ უქმნის მთელს მსოფლიოს, და თან უცენზურო ფრაზაც მიაყოლა. არა, პუტინს მოთიმინება არ დაუკარგავს. პირიქით, თავისი როლი მონახა. ჟურნალისტები ხომ თითქმის ისევე აღიზიანებენ რუსეთის პრეზიდენტს, როგორც მეამბოხეები; ამიტომაც შეზღუდა პუტინმა რუსეთში პრესის თავისუფლება. კაგებეს ყოფილი აგენტი იმ დანაშაულს კი არ ებრძვის, ფედერალური ჯარი რომ სჩადის ჩეჩნეთში, არამედ ცნობებს ხსენებული დანაშაულის შესახებ."

პუტინის გამოსვლას რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე, ბრიუსელში, საფრანგეთის გაზეთი "მონდიც" გამოეხმაურა. გაზეთი "უდიდეს სიცრუეს" უწოდებს პუტინის მტკიცებას იმის შესახებ, რომ ჩეჩენი სეპარატისტები ეკუთვნიან ისლამისტ ექსტრემისტთა ფართო მოძრაობას, რომელსაც თურმე ქრისტიანობის მოსპობა აქვს განზრახული. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ირწმუნა პუტინის ვერსია, რომ ჩეჩნეთის კონფლიქტი, თურმე, ალ-ყაიდის წინააღმდეგ მიმდინარე ომის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს აშკარა სიცრუე ბუშის ევროპელმა კოლეგებმა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმაც ირწმუნა. თუ ტერორიზმი პოლიტიკური მიზნით მშვიდობიან მოქალაქეთა დახოცვას ნიშნავს, მაშინ ის, რასაც რუსეთის ჯარი სჩადის ჩეჩნეთში, "მასობრივი ტერორიზმის" კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ."

გაზეთი "ფრანკფურტერ რუნდშაუ" გერმანიის კანცლერს გერჰარდ შრიოდერს აკრიტიკებს იმის გამო, რომ პუტინთან შეხვედრისას შრიოდერმა, გაამართლა ფედერალური ჯარის მოქმედება ჩეჩნეთში. გაზეთი წერს:

"კანცლერი ერთ რამეში იყო მართალი - ჩეჩნეთი - რუსეთის საშინაო პრობლემაა. სხვა მხრივ, გერჰარდ შრიოდერმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომლის მოწყობა პუტინსა აქვს განზრახული, დღევანდელ ვითარებაში იქნება ფარსი, ხოლო ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს, ტერორიზმთან თანმიმდევრული ბრძოლა უწოდო, ფაქტების სრული დამახინჯებაა და სხვა არაფერი. ბატონ შრიოდერს დრო არ ჰქონდა, როგორც ჩანს, იმ სტატიების წასაკითხად, რომლებშიც თავად რუსი ჟურნალისტები აკრიტიკებენ კრემლის პოლიტიკას ჩეჩნეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიის კაცლერი შეიტყობდა, რომ რუსეთი - კოლექტიურ ტერორს სჩადის ჩეჩნეთში."

ჩეჩნები ომის მძევლებად მიიჩნევენ თავს, და მათ შორის ცოტა ვინმე თუ აკრიტიკებს მძევლების ამასწინანდელ დატყვევებას მოსკოვის თეატრში - წერს ჩეჩნეთიდან გამოგზავნილ რეპორტაჟში გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტი შერონ ლაფრანიერი. სამ ნოემბერს, ჭურვი, მარიატ ნასარკოევას სახლს მოხვდა და ეს, 23-წლის ორსული ქალი მოკლა - წერს ამერიკელი ჟურნალისტი და განაგრძობს:

"მარიატის დაკრძალვაზე, ოთხშაბათს, მის ნათესავს, მოკლულის ხუთი თვის ბავშვი ეჭირა ხელში და ყვებოდა, რომ შორიახლო რუს არტილერისტებს მოჰკრა თვალი მავთულხლართებით შემოღობილ პოზიციებზე. "ისინი პირუტყვებივით გვხოცავენ. ჩვენ მზად ვართ მოვკვდეთ, როგორც ის ახალგაზრდა ტერორისტები დაიღუპნენ მოსკოვის თეატრში" - ამბობს დაშა. იგი არ ამართლებს ჩეჩენი ექსტრემისტების მიერ მძევალთა დატყვევებას მოსკოვში, მაგრამ სიმპატიითაა მათდამი განწყობილი. დაშა ნასარკოევასთვის, მისი ნათესავის მკვლელი რუსი ჯარისკაცები, ასეთივე ტერორისტები არიან."

პუტინმა იმიტომ დაკარგა წონასწორობა რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში, რომ ჩეჩნეთი - პირადად მის მიერ დაწყებული ომია - წერს გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"პუტინის მრჩევლები აცხადებენ, რომ ჩეჩნეთმა დაღალა რუსეთის პრეზიდენტი. არცაა გასაკვირი პუტინის დაღლა - ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე უკვე აღარავისა აქვს იმედი ამ კონფლიქტის მალე დამთავრებისა, ხოლო ბარბაროსობა, ჩეჩნეთში, სულ უფრო ფართო მასშტაბებს ღებულობს. ჩეჩნეთია ის ერთადერთი საკითხი, რომლის შესახებ საუბრისას პუტინი, გონიერი რუსი ევროპელის, სამშვიდობო მოლაპარაკებათა მაგიდასთან მჯდომი სასურველი სტუმრიდან, მყისვე გარდაიქმნება ხოლმე სულ სხვა ადამიანად, რაღაცით ნიკიტა ხრუშჩოვს რომ გვაგონებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, როცა საბჭოთა ლიდერმა ფეხსაცმელი მოიმარჯვა მაგიდაზე დაიწყო კაკუნი".
XS
SM
MD
LG