Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ეროვნული ტრადიციების ყველაზე თავგამოდებული


საქართველოში ეროვნული ტრადიციების ყველაზე თავგამოდებული

დამცველებიც კი აღიარებენ, რომ კულტურა ვერ განვითარდება, თუ არ გახსნა საზღვრები და თუ არ ჩაერთო ინტეგრაციის პროცესებში. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება გლობალიზაციის მიმართ, ფაქტია, რომ ეროვნული კულტურის გადარჩენა საკუთარი სახსრებით საქართველოს დღეს არ შეუძლია. თანაც, ის ადამიანები, რომელთაც გლობალიზაციის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ (ზოგჯერ საკმაოდ დამაჯერებელი), ვერ მალავენ სიხარულს, როცა ქართველ ხელოვანს უცხოეთში აფასებენ ხოლმე. ჩვენში კარჩაკეტილობას დღეს თითქმის არავინ უჭერს მხარს. ეს კი ეროვნულ კულტურას განვითარების შანსს აძლევს; სულ უფრო აშკარა ხდება ქართველ ხელოვანთა სურვილი “მიუახლოონ” თანამედროვე კულტურა მსოფლიო სტანდარტებს.

მაგალითად, ამ კვირაში დასრულებული პიანისტთა მეორე ეროვნული კონკურსი, რომელიც ნოდარ გაბუნიას სახელს ატარებს, თავისი ფორმატით, შინაარსით, შედეგებით, სრულიად მოკლებული იყო პროვინციალიზმს... არადა, როცა საქართველოში ახალგაზრდა ხელოვანთა კონკურსები ეწყობა, პროვინციალიზმისგან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი ხდება ხოლმე: ისევ მრავლად გვყავს მშობლები, რომელთაც თავიანთი შვილები გენიოსები ჰგონიათ. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი მათგანი ფულსაც კი უხდის ტელეკომპანიებს, რათა შვილი ტელეეკრანზე გამოაჩინოს, რათა, ასე ვთქვათ, “თვითმარქვია ვუნდერკინდებმა” მთელ ქვეყანას გააცნონ თავიანთი თავი.

ისევე როგორც შარშან, ნოდარ გაბუნიას სახელობის კონკურსის ჟიურის “გრან-პრი” არც წელს გაუცია. ეს მაშინ, როცა წლევანდელი კონკურსი, მრავალრიცხოვანი სპონსორების, პირველ რიგში კი, “არტ-იმედის” დახმარებით, შარშანდელთან შედარებით, ბევრად უფრო მასშტაბური გამოდგა. არსებითად, წელს ჩატარდა არა ერთი, არამედ, ერთდროულად, ორი კონკურსი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის პიანისტებისთვის, მასტერკლასები, ჟიურის თავმჯდომარის ფაინა აიზენბერგის კონცერტი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ეროვნულ კონკურსს არა ქართველი მუსიკოსი, არამედ ისრაელიდან საგანგებოდ მოწვეული პიანისტი ხელმძღვანელობდა. როგორც ჩანს, ვალერიან შიუკაშვილს, რომელიც ამ კონკურსის სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელია, მართლაც, სურდა მაქსიმალურად ობიექტურად ჩაეტარებინა კონკურსი და მიაღწია კიდეც ამას. გრან-პრი არ გაიცა, მაგრამ ნიჭიერი პიანისტები, რომელთაც სხვადასხვა პრიზი ერგოთ, კონკურსმა მაინც გამოავლინა. ჟიურის მკაცრმა გადაწყვეტილებამ კი მაშინვე “გაზარდა” კონკურსის ავტორიტეტი. როგორც აღმოჩნდა, პიანისტთა ეროვნული კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის საპატიო წევრი მსტისლავ რასტრაპოვიჩიც გახდა.

პროვინციალიზმი არაა საშიში, როცა მხოლოდ თანამედროვე ხელოვნებას “მოედება” ხოლმე. ასეთ ფსევდოკულტურას ალტერნატივა ყოველთვის გამოენახება. გაცილებით უფრო საშიშია კარჩაკეტილობის ქადაგება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში... ამასწინანდელმა სკანდალმა, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში დაწყებულმა მშენებლობამ გამოიწვია, დაგვანახვა, რომ საქართველოში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებმაც თითქოს არ იციან, რომ უკვე ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრობენ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მათი რიცხვი დღითიდღე მცირდება. ზოგიერთი მათგანი, უბრალოდ, იძულებული ხდება დახმარებისთვის უცხოელებს მიმართოს.

რომ არა უცხოელი სპეციალისტები, და ამის თქმა დღეს უკვე დამაჯერებლად შეიძლება, საქართველოს - დღეს თუ არა, ხვალ -ყინწვისის ფრესკები აღარ ექნებოდა. დაახლოებით 25 წლის წინ ხელოვნებათმცოდნე ეკა პრივალოვამ ყინწვისის ტაძრის მოხატულობის გადასარჩენად დასავლელი ექსპერტების მოწვევა მოითხოვა, მაგრამ თავდაპირველად მას წინააღმდეგობა გაუწიეს. ამასობაში ფრესკებს ვარდისფერი მოედო. 1996 წელს განგაში ატეხა “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა”, რომლის პროექტი “გადავარჩინოთ კულტურული მემკვიდრეობა” მსოფლიო ბანკმა და სოროსის ფონდმა დააფინანსა. საქართველოში ჩამოვიდნენ იტალიური სარესტავრაციო ცენტრის თანამშრომლები, მათ შორის - იპოლიტო მასარი, ჩამოიტანეს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ყინწვისში, მეთორმეტე საუკუნის დასაწყისის ფრესკებზე, ეგრეთ წოდებული “ვარდისფერი სოკო” აღმოაჩინეს. ჩვენთან საუბარში “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის” დირექტორმა, ხელოვნებათმცოდნე მაკა დვალიშვილმა აღნიშნა: მერე საჭირო იყო დრენაჟი, გადახურვის სისტემის განხორციელება, რომ შემდეგ გადავსულიყავით ფრესკებზე.. და ამის შემდეგ იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პროექტი – ამათი კონსერვაცია – გამოკვლეული მდგომარეობის დაფიქსირება, შეწამვლა და მისი აღდგენა...

ამის შემდეგ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” ამავე ეპოქის კიდევ ერთი ძეგლით, ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსით, დაინტერესდა. სამუშაოებს აქ რესტავრატორი გურამ ჭეიშვილი ხელმძღვანელობდა. პრობლემები ისეთივე იყო, როგორც ყინწვისში. მაკა დვალიშვილის თქმით:
[მაკა დვალიშვილის ხმა] “ჩვენი მიდგომა ასეთია: ჯერ უნდა ჩატარდეს კვლევა ძეგლზე, მერე კი მისი რესტავრაცია. არ შეიძლება ძეგლთან მისვლა და იმის დაფიქსირება, ის როგორ არის.”

მაკა დვალიშვილის თქმით, ყინწვისშიც და ტიმოთესუბანშიც ფრესკების დაშლის პროცესი დღეს შეჩერებულია. ახლა რესტავრაციის ხანა დადგა, მაგრამ ამას უკვე სოლიდური თანხა სჭირდება. იმისათვის, რომ ასეთი თანხები გამოინახოს, მსოფლიომ, რაც შეიძლება, მეტი უნდა იცოდეს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის” დირექტორი გვიამბობს:

[მაკა დვალიშვილის ხმა] “გამოცხადდა კონკურსი მუზეუმების გაერთიანების საერთაშორისო კომიტეტის… აქ იგულისხმება, საერთოდ, კულტურული მემკვიდრეობა. ეს ისეთივე საერთაშორისო ორგანიზაციაა, როგორც “იუნესკო”, მაგრამ საქართველო ჯერ არ არის გაწევრიანებული და პირდაპირი კავშირი არ არის მასთან… გურამ ჭეიშვილი იყო მისი წევრი… ბატონმა გურამმა მოითხოვა, რომ ის პრობლემატიკა, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ, შეიძლება წარმოადგენდეს მსოფლიო რესტავრაციის ცენტრის ინტერესის სფეროს… გავაკეთეთ განაცხადი და ამ თემამ ინტერესი დაიმსახურა მსოფლიო რესტავრაციის ცენტრის, სწორედ მიკრობიოლოგიური წარმონაქმნებიდან გამომდინარე.”

ასე მოხვდა ყინწვისისა და ტიმოთესუბნის ფრესკები მუზეუმების საერთაშორისო გაერთიანების მეცამეტე ტრიენალეზე, რომელიც სექტემბრის მიწურულს ჩატარდა რიო-დე-ჟანეიროში. მომხსენებლები იყვნენ: მაკა დვალიშვილი, მხატვრობის ტექნიკური ცენტრის დირექტორი ნანა კუპრაშვილი, იტალიელი რესტავრატორები მარკ გიტინსკი და საბინა ვედოველო. მოხსენების სახელწოდებაა “ქართული შუა საუკუნეების ფრესკების მდგომარეობის კვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდების დადგენა”. მაკა დვალიშვილის თქმით, ყინწვისის ანგელოზის ასლმა ბრაზილიაში ყველა აღაფრთოვანა
[მაკა დვალიშვილის ხმა]: “დიდი ეფექტი მოახდინა განსაკუთრებით ამ ფრესკებმა… იქ ხდება პირველყოფილ საზოგადოებაში აღმოჩენილი ნახატის კვლევა, მაგალითად, მაგრამ მხატვრული ღირებულება ნაკლებ ეფექტურია… ამ ფონზე, როცა წავიდა სლაიდების ჩვენება ყინწვისის და ტიმოთესუბნის, ისეთი ეფექტი მოახდინა დარბაზში, რომ რესტავრაცია აღარ აინტერესებდათ.”

ტრიენალეს დასრულების შემდეგ რესტავრაციისა და კონსერვაციის საერთაშორისო სწავლების დირექტორმა ქართულ მხარეს ფინანსური დახმარება აღუთქვა. მაკა დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ტიმოთესუბნის ფრესკების სრული რესტავრაცია დაახლოებით 100 000 დოლარს საჭიროებს. “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” არ აპირებს მოსთხოვოს ეს თანხა სახელმწიფოს, რადგან წინასწარ იცის, რომ ქართველ ხელოვნებათმცოდნეებს უარით გაისტუმრებენ. “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” კვლავაც შესაბამისი ფონდების ძიებაშია... იმ იმედით, რომ უცხოელებს უფრო აწუხებთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ბედი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას და ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც ახალ ტელეკომპანიებს ხსნის და, ყინწვისის ანგელოზის ნაცვლად, ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავებს პატრონობს. “ახალმა ქართველებმა” ხომ კარგად იციან, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრობენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG