Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს მოგითხრობთ ერთი უჩვეულო


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს მოგითხრობთ ერთი უჩვეულო

სახელოვნო აქციის შესახებ, რომელიც თბილისში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე, მიმდინარეობს. თუმცა, ვისთვის ეს აქციაა, ვისთვის კი – სამუშაო. საქმე ეხება ამ ქუჩის ბოლოს აშენებული კედლის მოხატვას, რასაც სამხატვრო აკადემიის ოთხ ათეულამდე სტუდენტი თუ კურსდამთავრებული ახორციელებს. ქალაქში ღია ცის ან მიწის ქვეშ კედლების მოხატვა სათავეს იღებს ევროპაში 60-იანი წლების ახალგაზრდული მოძრაობიდან და მას გრაფიტის სტილს უწოდებენ. ამ სტილმა 80-იანი წლების საქართველოშიც პოვა გამოძახილი. ჯერ შემოგთავაზებთ სიუჟეტს თბილისში გრაფიტის გაცოცხლების შესახებ, ხოლო შემდეგ - ინტერვიუს მხატვარ გია ბუღაძესთან, რომელიც უძღვება მუშაობას ჩიქოვანის ქუჩაზე. ჩვენს ინტერვიუში გია ბუღაძე ახალგაზრდა მხატვრების - მათ შორის, თავისი სტუდენტების - სწავლასა და პრაქტიკასთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემაზე ისაუბრებს.


სიმონ ჩიქოვანის ქუჩის ბოლოს აშენებელი დიდი კედლის მოხატვის პროცესი დასასრულს უახლოვდება. ამდენად, მხატვარ გია ბუღაძის ესკიზის მიხედვით ჩატარებული სამუშაო უკვე ქმნის კედლის საბოლოო სახეზე წარმოდგენას. ეს არის უფროსი და უმცროსი თაობის მხატვრების ერთობლივი, ძალზედ საინტერესო ნამუშევარი - გია ბუღაძის თქმით კი, იმედიანი იმპულსი ახალ უბანში. გია ბუღაძეს და მის სტუდენტებს ამ ახალ უბანში მუშაობის პროცესის დროს შევხვდი.

[გია ბუღაძის ხმა] “ ამ ნამუშევარს აქვს ესთეტიკური დატვირთვა - გარემოში მაჟორული იმპულსი, ესე იგი იმედიანი იმპულსი, ფერადი იმპულსი. გვერდიდან თუ შეხედავთ, წააგავს დრაკონს, დრაკონივით წევს ეს კედელი ამ სივრცეში, მაგრამ ეს დრაკონი ფერადია და მხიარული, მასზე მატარებელი გარბის მომავლის საქართველოსკენ, მომავლის თბილისისკენ. აქციას ჰქვია “ახალი ქალაქი - ახალი ხედვა.”

ეს აქცია 21 ნოემბერს დასრულდება. ასე რომ, გრანდიოზული მხატვრული ნამუშევრის პრეზენტაციაც 21 ნოემბერს უნდა შედგეს. ვერ ვიტყვით, რომ პრეზენტაციის მოახლოებას კედლის მოხატვით დაკავებული სტუდენტები მოუთმენლად ელიან. კედელზე მუშაობის ყოველი დღე მათთვის უჩვეულოდ საინტერესოა, როგორც სწავლის, ასევე ერთმანეთთან და უფროსებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე მიმდინარე აქციის თვალშისაცემი დეტალია ისიც, რომ იქ არ არსებობს უფროს-უმცროსობა. გია ბუღაძე კმაყოფილია იმითაც, რომ კედლის მოხატვის პროცესში მან და მისმა სტუდენტებმა ყველაზე ჰარმონიულ ადამიანურ ურთიერთობებს მიაღწიეს.

[გია ბუღაძის ხმა] “მეც ვსწავლობ და ისინიც. აქ არ არის განსხვავება უფროსის და უმცროსის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ითვალისწინებენ ჩემს გამოცდილებას. ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხანია კედელს ვეჭიდავები და გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა. მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ ყოველი ახალი კედელი ახალი ამოცანა და ახალი პრობლემატიკაა. გარდა იმისა, რომ აქ მხატვრული პრობლემა იყო გადასაწყვეტი, ჩემთვის უმთავრესი სოციალური, ფსიქოლოგიური და ადამიანური პრობლემები იყო, და ჩვენ შევძელით მათი გადაწყვეტა. რაც მთავარია, ნაცრისფერი, მკვდარი უბანი ცოტა გავახალისეთ.”

ნაცრისფერ გარემოში ფერადი იმპულსის შეტანას უკვე ტონა-ნახევარი საღებავი დასჭირდა, 21 ნოემბრამდე კიდევ ნახევარი ტონა საღებავი დაიხარჯება. ესკიზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გია ბუღაძისაა. ის, ნაწილობრივ, დაცულია - ნაწილობრივ, რადგან პედაგოგმა თავის სტუდენტებს მაქსიმალური თავისუფლება მისცა. იდეა სამშენებლო კომპანია “არსის” მენეჯერისგან წამოვიდა. ამ კომპანიამ ჩიქოვანის ქუჩაზე რამდენიმე ახალი საცხოვრებელი სახლი ააშენა, იქვეა ჩვენს მიერ ნახსენები კედელიც. ამ კედლის მოხატვის იდეით “არსის” მენეჯერმა გია ბუღაძეს მიმართა. ბატონმა გიამ კი უზარმაზარი სამუშოს ჩასატარებლად თავისი სტუდენტების მოშველიება გადაწყვიტა. სტუდენტებმა პედაგოგის წინადადება დიდი ენთუზიაზმით მიიღეს და მუშაობასაც ხალისით შეუდგნენ. მე რამდენიმე მათგანს გავესაუბრე.

[სტუდენტების ხმები] “ ჯაბა უჯმაჯურიძე - სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსი, მონუმენტური მოხატვა: კედელზე მუშაობა არის დიდი პრაქტიკა, ამხელა კედელზე პირველად ვმუშაობ, ამდენად, ჩემთვის რთულია ეს სამუშაო, მაგრამ ძალიან საინტერესოა. თვითონ სწავლის პროცესია საინტერესო.

მარი დავითაშვილი - ფერწერის ფაკულტეტის მეხუთე კურსი: ჩემი ნახატი იქით არის. დეკორატიული პანოა, კონტექსტში უნდა ჩავსვათ, რომ ურბანული გარემო შეიქმნას. ძალიან კარგია აქ, სივრცე დავიპყარი, ამხელა კედელი მოვხატე.

ლაშა ძიძიკაშვილი - აკადემიის მესამე კურსი, მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვა: აქ ნახატით ვერავის გააკვირვებ. მთავარია, აქეთ- იქით რომ ხატავენ, მათთან შეუმჩნეველი გადასვლა მოხდეს.”

ღია ცის ქვეშ ურთულეს სამუშაოს გია ბუღაძესთან და მის მეგობრებთან ერთად 40 - ზე მეტი სტუდენტი ასრულებს. ამ პროცესში პედაგოგმა ბევრ სტუდენტში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა. აქციის დაწყების შემდეგ გია ბუღაძეს სხვა კედლების მოხატვის წინადადებებითაც მიმართეს, მათ შორის, ძველი უბნის მოხატვის წინადადებით, რაზედაც კატეგორიული უარი მიიღეს. “ძველ თბილისს ეყო, რა ზიანიც მას გაუმაძღარმა არქიტექტორებმა მიაყენეს. ასეთი სამუშაო მხოლოდ ახალ უბნებშია გამართლებული, თუმცა “ოდეს ტურფა გაიაფდეს, არღარა ღირს არცა ჩირადო,” – მითხრა გია ბუღაძემ. მასთან ვრცელ ინტერვიუს ჩემი კოლეგა დავით პაიჭაძე შემოგთავაზებთ. მე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩიქოვანის ქუჩის უზარმაზარ კედელზე განფენილ ფასდაუდებელ ნამუშევარს მომავლის მატარებელი 21 ნოემბერს შეკრავს.
XS
SM
MD
LG