Accessibility links

რატომ იღუპებიან ჯარისკაცები მშვიდობიან დროს?


სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ჯარისკაცების დაღუპვაზე

საზოგადოება ყოველთვის მწვავედ რეაგირებს და ეძებს პასუხს შეკითხვაზე, თუ რატომ იღუპებიან ჯარისკაცები მშვიდობიან დროს? ან რა აიძულებს შეიარაღებულ ადამიანს გადადგას საბედისწერო ნაბიჯი? მშვიდობიან დროს ჯარისკაცების სიკვდილიანობის პრობლემა საქართველოში ყოველთვის მწვავედ იდგა. მიმდინარე წლის განმავლობაში 22 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული სხვადასხვა ვითარებაში, მაგრამ ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ პრობლემაზე კვლავაც დუმს. საზოგადოებას კი რჩება სახიფათო შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ან არ აღელვებს ჯარისკაცების სიცოცხლე, ანდა მთელი მისი პასუხისმგებლობა მხოლოდ დაკრძალვის ხარჯების გაღებითა და სიკვდილის შემდგომი ჯილდოების დარიგებით შემოიფარგლება.

იარაღის გაუფრთხილებელი ხმარების გამო სხეულის მძიმე დაზიანება, ჯარისკაცების მკვლელობისა და თვითმკვლელობის შემთხვევები ძალიან დელიკატური თემაა. მით უფრო ძნელია მასზე სტატისტიკის ენაზე საუბარი, მაგრამ ციფრები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირაში გაავრცელა, მართლაც, საგანგაშოა. სამხედრო უწყების ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1995 წლიდან დღემდე 136 სამხედრო მოსამსახურეა გარდაცვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ მშვიდობიან წელს ქვეყანა, ფაქტობრივად, ერთ ოცეულს კარგავს. და ეს მარტო შეიარაღებულ ძალებში. ბუნებრივია, თავისი სამწუხარო სტატისტიკა აქვს გახსნილი შინაგან ჯარებს და სასაზღვრო უწყებასაც, რაც დანაკარგს კიდევ უფრო ზრდის.

ცალკე უნდა გამოიყოს სამხედრო მოსამსახურეთა თვითმკვლელობის შემთხვევები, რომელთაც საზოგადოება ძალზე მწვავედ აღიქვამს და ამიტომ სამშობლოს დამცველთა ყოველი სუიციდის ფაქტი ეროვნული ტრაგედიის რანგში ადის. შეიარაღებულ ძალებში წელს სამ თვითმკვლელობას ჰქონდა ადგილი. უკანასკნელი უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც ლეიტენანტმა ხაჭაპურიძემ საკუთარი სატაბელო იარაღის გასროლით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ისნის კავშირგაბმულობის ნაწილში მოხდა. მაგრამ რამ მიიყვანა ახალგაზრდა ოფიცერი საბედისწერო გადაწყვეტილებამდე? ამ დღეებში ეს შეკითხვა გაუჩნდა ბევრ ექსპერტს, მათ შორის, ჯარისკაცთა უფლებების დარგში სახალხო დამცველის თანაშემწეს ნოდარ ეფრემიძესაც.

[ნოდარ ეფრემიძის ხმა] "მისი მშობლები აღნიშნავენ, რომ წინა დღით მას ლექსიც კი ჰქონია დაწერილი და არავითარი წინაპირობა არ არსებობდა, მაგრამ მაინც ძიების საგანი არის, რადგანი იქ მანც გარკვეული წნეხი არის, გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა არის, რაც ამ ადამიანებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს."[სტილი დაცულია]

ახალგაზრდა ოფიცრის თვითმკვლელობის ფაქტს 14 ნოემბერს გამართულ სამხედრო საბჭოზე საქართველოს თავდაცვის მინისტრიც შეეხო, თუმცა -მეტად თავისებურად. დავით თევზაძე აშკარად გაღიზიანებული ჩანდა იმით, რომ საზოგადოებამ ამ შემთხვევას ამხელა მნიშვნელობა მიანიჭა.

[დავით თევზაძის ხმა] "აქ ერთი ვაი-უშველებელი ატყდა - ამ ორი დღის წინ გარკვეულ ვითარებაში ოფიცერი დაგვეღუპა. წინა დღით, თუ ორი დღით ადრე, ვიღაცა პოტენციურმა ქურდმა, რომელიც უნდა ეკურთხებინათ და ამიტომ პაგონიანი უნდა დაეჭრა, დაგვიჭრა და სიკვდილის პირას მიგვიყვანა ჯარისკაცი, რომელიც სამხედრო ნაწილში ბრუნდებოდა მივლინებიდან. მაგრამ ერთს არავის გასჩენია ამ ფაქტის მიმართ არც პროტესტის გრძნობა და არც სხვა რამ."

ბუნებრივია, სანამ ასეთი მიდგომა იარსებებს, ჯარისკაცთა მკვლელობისა და თვითმკვლელობის გახშირებული შემთხვევები სამხედრო ხელმძღვანელობისთვის მხოლოდ სტატისტიკა იქნება. ამიტომაც არის, რომ არათუ იმ გარემოებების დადგენა ჭირს, თუ რა იწვევს თვითმკვლელობას, არამედ ოფიციალური უწყებების მონაცემებიც კი ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს.
მაგალითად, სამხედრო პროკურატურის მონაცემებით, 1995 წლიდან მოყოლებული, დაღუპულთა რიცხვი სამხედრო ძალებში 160 კაცზე მეტია, მაგრამ იმავე პროკურატურის ორგანოებში, როგორც ჯარისკაცთა უფლებების დაცვის დარგში სახალხო დამცველის თანაშემწე ნოდარ ეფრემიძე მოწმობს, არ ეძლევა სათანადო სამართლებრივი შეფასება ჯარისკაცთა მკვლელობებსა და თვითმკვლელობაზე აღძრულ საქმეებს; იშვიათი შემთხვევების გარდა, არ ისჯებიან იმ ნაწილის მეთაურები, სადაც ასეთი საგანგაშო შემთხვევები ხდება.

სხვათა შორის, ამ და სხვა ფაქტების გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა რამდენიმე ხნის წინ გენერალური პროკურატურის წინაშე დააყენა კიდეც მთავარი სამხედრო პროკურორის თანამდებობრივი შეუსაბამობის საკითხი. თუმცა გენერალურმა პროკურატურამ არ გაიზიარა ომბუდსმენის შეფასებები, თავად მთავარმა სამხედრო პროკურორმა კი სახალხო დამცველს, ცილისწამებისა და მიკერძოების გამო, სასამართლოში უჩივლა. ეჭვი არ არის, რომ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საზოგადოება ბოლო წლების ერთ-ერთი ხმაურიანი პროცესის მოწმე გახდება, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ ამგვარმა დავამ ოდნავ მაინც გააუმჯობესოს პირობები თავად სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც, ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, კვლავაც ცხრა ძიძის ხელში მყოფი ბავშვის მდგომარეობაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG