Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებისთვის ნიადაგს ამზადებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს 18 ნოემბერს გაეროს განიარაღების ინსპექტორთა 24 კაციანი გუნდი ბაღდადში ჩავიდა. გუნდის ხელმძღვანელია შვედი ჰანს ბლიქსი. მას თან ახლავს ატომური ენერგიის საერთაშორისო

სააგენტოს გენერალური დირექტორი ეგვიპტელი მოჰამედ ბარადეი.

ბარადეის თქმით, ერაყისთვის უნდა ნათელი იყოს, რომ თუ ის არ შეასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მოთხოვნებს, მის წინააღმდეგ ომის შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება. როგორც ბლიქსმა აღნიშნა, ინსპექცია 27 ნოემბერს, დაგეგმილზე 10 დღით ადრე დაიწყება.

შეერთებული შტატები ინსპექციის რეჟიმის მკაცრ დაცვას მოითხოვს და აცხადებს, რომ ოდნავ ხელისშეშლასაც კი არ შეურიგდება. ერაყის პრეზიდენტის მორიგი განცხადების საპასუხოდ, რომ მისი ქვეყანა არ ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის ტრადიციულ ყოველკვირეულ გამოსვლაში შაბათს თქვა: "ასეთი დაპირებები ადრეც გვსმენია და სამწუხაროდ, მართალი არ აღმოჩენილა. ჩვენი მიზანი არა უბრალოდ ინსპექცია, არამედ ერაყის განიარაღებაა."

ბუშმა დაიმუქრა, რომ თუ ერაყის დიქტატორი ამას ნებით არ გააკეთებს, კოალიცია, შეერთებული შტატების ლიდერობით აიძულებს მას ამაზე.

მაშინ, როცა ბუში ერაყის მიმართ "ნულოვან ტოლერანტობაზე" ლაპარაკობს, გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი და უშიშროების საბჭოს დანარჩენი წევრები, მათ შორის საფრანგეთი და რუსეთი, მხარს უფრო ზომიერ მიდგომას უჭერენ.

ამასობაში შეერთებული შტატები დგამს გარკვეულ დიპლომატიურ და სამხედრო ნაბიჯებს, რათა იყოს მზად, თუ დაინახავს, რომ ერაყის წინააღმდეგ გალაშქრება გარდაუვალია.

ამ ზომებს შორის აღსანიშნავია შესაძლო მოკავშირეების მონაწილეობის განსაზღვრა. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, მათ მიიღეს არაოფიციალური თანხმობა რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის კატარსა და ქუვეითში, სამხედრო ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენების თაობაზე.

ამერიკელი დიპლომატები ატარებენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს თურქეთთან, ისრაელთან და ირანთან. ვაშინგტონის სურვილია, რომ ეს ქვეყნები არ ჩაერიონ საქმეში, როცა ერაყში ინტერვენცია დაიწყება.

ამისთვის ყოველ მათგანს ამერიკა რაღაცას ჰპირდება. თურქეთი მოითხოვს, რომ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მცოვრებ ქურთებს არ მიეცეს დამოუკიდებელი სახელწიფოს შექმნის ნება. ანკარა შიშობს, რომ ეს მის საკუთარ ქურთ მოსახლეობას მსგავსი ნაბიჯისკენ წააქეზებს.

თურქეთი, რომელსაც ერაყთან ფართო სავაჭრო ურთიერთობები აქვს, მოითხოვს აგრეთვე კომპენსაციას ეკონომიკური ზარალისთვის, რომელიც შეიძლება ომს მოჰყვეს.

ფრიად არასასურველია ომში ისრაელის ჩარევა, ვინაიდან ამან შეიძლება ვაშინგტონს არაბული ქვეყნების მხრდაჭერა დაუკარგოს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ თუ სადამ ჰუსეინი ისრაელზე სარაკეტო დარტყმებს განახორციელებს, როგორც ამას სპარსეთის ყურის ომის დროს სჩადიოდა, ისრაელი მაშინდელივით თავს არ შეიკავებს და ჰუსეინის სამაგიეროს გადაუხდის. ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, ბუშის მიერ დამტკიცებულ გეგმაში გათვალისწინებულია ერაყის დასავლეთი ტერიტორიების რაც შეიძლება სწრაფად დაკავება, რათა განადგურებულ იქნეს სკადის ტიპის რაკეტები, რომლებმაც შეიძლება ისრაელამდე მიაღწიოს.

ვაშინგტონმა მესამე მხარის შუამავლობით ირანთანაც დაიწყო დიალოგი. მას სურს, რომ ირანმა არ უბიძგოს ერაყის შიიტებს, რომლებიც ერაყის მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენენ, სეპარტისტული რესპუბლიკის შექმნისკენ.

ამის წილ ირანი შეერთებული შტატების საფინანსო ინსტიტუციებში გაყინული მილიარდობით დოლარის განთავისუფლებას მოითხოვს. ეს ანაბრები გაყინულია 1979 წლის შემდეგ, როცა თეირანში ამერიკის საელჩოს თანამშრომლები მძევლებად აიყვანეს.

თუ სადამ ჰუსეინი შეეცდება ინსპექციისთვის ხელის შეშლას, ბუში მას დაარტყამს. აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგნელების თქმით, ბუში ამჯობინებს საომარი მოქმედებები უშიშროების საბჭოს თანხმობით დაიწყოს, თუ ეს თანმხმობა სწრაფად იქნება მიღებული. დიპლომატები უკვე ამზადებენ ამისთვის ნიადაგს.
XS
SM
MD
LG