Accessibility links

logo-print

რას გულისხმობს პრეზიდენტი შევარდნაძე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მზაობაზე საუბრისას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 18 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 21-22 ნოემბრისთვის პრაღაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე იგი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების

განზრახვის შესახებ განაცხადებს. მისივე განმარტებით, ეს მიღებულ უნდა იქნეს, მხოლოდ როგორც ქვეყნის ხელისუფლების განზრახულების დემონსტრირება, რადგან ნატო-ს წევრობისთვის აუცილებელი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საქართველოს დრო სჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტი, ხუმრობით თუ შეფარვით, ბოლო 10 წელია გამუდმებით მიანიშნებს, რომ საქართველო, ადრე თუ გვიან, – პრეზიდენტის ფრაზას თუ გავიხსენებთ, – ნატოს კარზე მიუკაკუნებს. შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებისკენ საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია მიზანდასახულად მიდის. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მან პირველმა განაცხადა თანხმობა მონაწილეობა მიეღო ნატოს ახალ პროგრამაში – “პარტნიორობა მშვიდობისათვის”. საქართველოში ნატოს გენერალური მდივნების ვიზიტები განსაკუთრებულ მოვლენად აღარ აღიქმება – დილაობით მტკვრის სანაპიროზე ხავიერ სოლანასაც ურბენია და ჯორჯ რობერტსონსაც.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ნატოში, ჯერჯერობით მხოლოდ აქტიური საგარეო ურთიერთობებით შემოიფარგლება. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით ჩასატარებელ აუცილებელ საქმიანობას – იქნება ეს ქართული შეიარაღებული ძალების რეორგანიზაცია, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სტაბილურობა და ქვეყნის შიგნით არსებული ტერიტორიული პრობლემების მოგვარება – აქ, სამწუხაროდ, წინსვლა არ შეიმჩნევა. მეტიც – თავდაცვის მინისტრის წინა კვირას გაკეთებული განცხადებით, შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირება თუ არსებული ტემპით გაგრძელდა, მალე საქართველოს, არმია კი არა, ხელში პარტიზანული რაზმი შერჩება. რაც შეეხება ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილების საკითხს, დავით თევზაძის განმარტებით, ქართველმა ჯარისკაცებმა რამდენიმეთვიანი ინტენსიური წვრთნის შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაზე კარგი შედეგები უჩვენეს. მაგრამ, დავით თევზაძისვე განცხადებით, ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილება ჯარისკაცის მომზადებას სულაც არ ნიშნავს.
[დავით თევზაძის ხმა] “ ნატოს სტანდარტებში იგულისხმება სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დაცვა, მათი შრომის და ყოფაცხოვრების საკითხები. თუ ასეთნაირად მივუდექით ჩვენს ბიუჯეტს, რომ ამან ჭამოს, იმდენი ეცვას, რომ ბოლომდე არ გაცივდეს და იმდენი აიღოს ხელფასი, რომ მაინცდამაინც კაცი არ მოკლას უფულობის გამო, თუ ასე მივუდექით ბიუჯეტს, მაშინ, რა თქმა უნდა, ნატოს სტანდარტებზე საუბარი ზედმეტია.”[სტილი დაცულია]
მინისტრის განცხადება, რომ შეიარაღებული, მაგრამ მშიერი ჯარი ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეს შეიცავს, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა. საკმარისია გავიხსენოთ მუხროვანისა და კოჯრის სპეცბატალიონების აჯანყებები. ძლიერი არმიის მომზადებას სოლიდური თანხა სჭირდება, რომელიც დღეს საქართველოს ბიუჯეტში ვერა და ვერ გამოიძებნა. ისევ დავით თევზაძის გასული კვირის ერთი განცხადების არ იყოს:
[დავით თევზაძის ხმა] “ ჩვენ გვინდა, რომ ამერიკელმა ძიამ მოგვცეს ფული, რომ ჩვენ მაგარი ბიჭები ვიყოთ. არ გამოვა ასე. ის მოგცემს ზუსტად იმდენს, რომ გაჩვენოს გზა: აი, ასე იქნები მაგარი ბიჭი. მერე მაგარი ბიჭობა შენ თვითონ უნდა გინდოდეს.”
მაგარი ბიჭობა, ანუ ნატოში გაწევრიანება, საქართველოში ყველას უნდა. პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ მე ყურადღებით ვადევნებ თვალყურს საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ საკითხში საზოგადოებრივი აზრი ერთმნიშვნელოვანია. თითქმის ერთმნიშვნელოვანი.”

მისივე განმარტებით, ნატოს პრაღის სამიტზე საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის კიდევ ერთხელ მსოფლიოს თვალწინ გაცხადება, უდავოდ, მნიშვნელოვანი ფაქტია.
XS
SM
MD
LG