Accessibility links

logo-print

რუსეთი საქართველოსთან საზღვრის გამაგრებაზე ზრუნავს


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ერთ-ერთი თემა, რომელიც წინა კვირის რუსეთის პრესაში გაშუქდა, რუსეთ-საქართველოს საზღვრის გამაგრებისა და ე.წ. ჩეჩენი ბოევიკების პრობლემატიკას მიეძღვნა;

რუსეთში არ გამორიცხავენ ახალი დივერსიული აქტების ჩატარების მცდელობას მათი მხრიდან.

15 ნოემბრის “გაზეტას” ინფორმაციით, რუსლან გელაევი რუსეთის ტერიტორიაზე ახალი დივერსიული ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება. გაზეთის თქმით, “მოცემული მომენტისთვის გელაევის მრავალრიცხოვანი რაზმები, რომლებიც ჩეჩნეთსა და საქართველოში იმყოფებიან, ჯერჯერობით არ მიმართავენ რაიმე აქტიურ მოქმედებას”.

“სპეცსამსახურები განიხილავენ მოვლენათა განვითარების ორ შესაძლო ვარიანტს: გელაევმა, თავის ბოევიკებთან ერთად, შეიძლება განახორციელოს რეიდი სოჭაზე აფხაზეთის გავლით. მეორე ვარიანტი გულისხმობს ბრძოლებს ინგუშეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ ოსეთში შესაძლო გარღვევით”.

“გაზეტა” აღნიშნავს, რომ “თვით საველე მეთაურის ადგილსამყოფელი უცნობია. ზოგიერთი მონაცემით, იგი პირადად უძღვებოდა საქართველოდან ჩეჩნეთში გარღვევას ინგუშეთის გავლით და ბრძოლებში დაიჭრა. სხვა მონაცემებით – იგი პანკისის ხეობიდან მართავდა ოპერაციას. საინტერესოა, რომ ფედერალურ ძალებს არაერთხელ მოუქცევიათ გელაევი ალყაში და მუდამ აცხადებდნენ, რომ ბანდა მთლიანად და საბოლოოდ არის განადგურებული. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გელაევი ისევ თავს შეახსენებდა გაბედული რეიდებით, რომლებსაც მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული დაჯგუფებები ახორციელებდნენ”.

15 ნოემბრის გაზეთი “კრასნაია ზვეზდა” წერს, რომ მოსკოვში გაიმართა რუსეთის ფედერალური სამსახურის დირექტორის, გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინ ტოცკის პრესკონფერენცია. მან განაცხადა, რომ “რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელობა დამატებით ზომებს იღებს საქართველოსთან საზღვრის საიმედოდ ჩაკეტვისთვის. კერძოდ, ტოცკის სიტყვებით, “მიღებულია გადაწყვეტილება განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის შექმნისა რუსეთ-საქართველოს საზღვრის დასაცავად მობილურ-მანევრულ ვარიანტში”. “მარტის თვეში რაზმი უკვე ამოქმედდება”.

“გენერალ ტოცკის შეფასებით, რუსეთის საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია. სასაზღვრო სამსახურის დირექტორის თქმით, საქართველოსთან საზღვრის მონაკვეთი, უპირველესად, იმის გამოა პრობლემური, რომ ბოევიკები საქართველოდან რუსეთში შეღწევას ცდილობენ. მან განაცხადა აგრეთვე, რომ ცალკეულ შემთხვევებში ბოევიკებმა შეიძლება რუსეთიდან საქართველოში გადასვლა სცადონ, რათა რუსეთის მართლმსაჯულებას თავი დააღწიონ. ამასთან დაკავშირებით, ტოცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის გაუგებარია საქართველოს ხელმძღვანელობის პოზიცია იმ ჩეჩენი ბოევიკების გადაცემასთან დაკავშირებით, რომლებიც ამა წლის ზაფხულში საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს”.

“კრასნაია ზვეზდას” ცნობით, “ფედერალური სასაზღვრო სამსახურის უფროსმა აღიარა, რომ მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმით არ უყურებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული კონლიქტის დარეგულირებას. “ვერ ვხედავ საქართველოს პოლიტიკურ ნებას ამ საკითხის დარეგულირებაში,” – თქვა ტოცკიმ. ამასთან ერთად, მან არაეფექტური უწოდა ეუთოს მისიის მოღვაწეობას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მონიტორინგთან დაკავშირებით. “ეს ისეთივე სპექტაკლია, როგორიც არის ოპერაცია პანკისში, როცა რამდენიმე კაცი საჩვენებლად დააპატიმრეს, ძირითადი ძალები კი შენარჩუნებულია და ისევ იქ არიან,” – განაცხადა კონსტანტინ ტოცკიმ”.
XS
SM
MD
LG