Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოს ერთი დღე


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში, თბილისის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შემდეგ დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანო სხვა საკითხების განხილვას შეუდგა.

მართლაც, საკრებულომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ისე მიიღო, რომ არ დაუმტკიცებია კომისიები, მათი მოქმედების წესი, საერთოდ არ განუხილავს რეგლამენტის საკითხები. ამ მხრივ, 18 ნოემბერი თბილისის საკრებულოსთვის არა მხოლოდ ვნებათაღელვისა და კონფლიქტების, არამედ ცოტა “კონსტრუქციული” დღეც იყო. გარდა ამისა, დეპუტატები პოლიტიკური ხასიათის სამომავლო განზრახვებზეც ლაპარაკობდნენ.

ქალაქის მერისთვის უნდობლობის გამოცხადება მის გადაყენებას რომ არ მოასწავებდა, საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერმა დეპუტატებმაც კარგად იცოდნენ: შევარდნაძეს ძალიანაც რომ უნდოდეს, არაფრით აღარ გადააყენებს ზოდელავას, რაც ერთმნიშვნელოვნად შეფასდება, როგორც პრეზიდენტის სისუსტე და დათმობა ქალაქის ახალ ხელისუფლებასთან. ასე რომ, ზოდელავას საკითხი, შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე ან მოხსნილია, ან კარგა ხნით გაყინული. სხვათა შორის, საკრებულომ ორშაბათს ქალაქის მერის მხარდამჭერ 7 დეპუტატს მისცა სიტყვა და ბოლომდეც მოუსმინა.

ამასობაში საფრთხე ემუქრება საკრებულოს უმრავლესობას: ლეიბორისტები ამართლებენ არჩევნებისას და მოგვიანებით გამოთქმულ პროგნოზებს და ფრაქციაში ხალხს კარგავენ: ორშაბათს გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლობა თბილისის საკრებულოში კიდევ ორმა ადამიანმა დატოვა და შალვა ნათელაშვილის ორგანიზაციას, გაყვანილი 15 კაციდან, ჯერჯერობით ცხრაღა რჩება. ამ მიზეზით საკრებულოს კომისიებს სათავმჯდომარეოდ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ლეიბორისტები ვეღარ გადაინაწილებენ: პოსტები უნდა ერგოთ სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც. ცნობილია, რომ ენერგეტიკის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, მაღალი ალბათობით, ერგება გამსახურდიას მთავრობის ენერგეტიკის მინისტრს ზურაბ მინდელს. ის უკვე თავკაცობს ამავე ხასიათის დროებით კომისიას, რომლის შექმნაც საკრებულომ საშურად მიიჩნია.

ორშაბათის სხდომაზე უფრო პროცედურულ საკითხებს იხილავდნენ; რეგლამენტში შევიდა ცვლილებები და რამდენიმე კომისიას სახელი გადაერქვა, გაჩნდა ახალი კომისიებიც. შეიძლება ითქვას, ეს სიახლეები საკრებულოში მოსულმა ძალებმა იმ განზრახვებსა და მიზნებს მიუსადაგეს, რომელთა დეკლარირებასაც არჩევნების წინ ახდენდნენ. ასეთი ახალი კომისიებია უკვე ხსენებული ენერგეტიკისა და ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიები. უახლოეს დღეებში (შესაძლოა, სულაც სამშაბათიდან) საკრებულო დაიწყებს კომისიათა თავმჯდომარეების დამტკიცებას. საამისოდ კონსულტაციები საკრებულოს წევრებმა ორშაბათს საღამოსვე დაიწყეს.

გარდა ამისა, როგორც საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა მითხრა [ბერძენიშვილის ხმა]: “მოვუსმინეთ თბილგაზის ხელმძღვანელს, ცაავას, იყო იქ კითხვა-პასუხი და, აშკარად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ცენტრალურმა ბიუჯეტმა არ გადარიცხა მისი წილი. ხოლო ქალაქიდან, მართლაც, გადარიცხულია და დოკუმენტებიც იყო წარმოდგენილი”.

რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულომ ვერ შეძლო ქალაქის პრემიერის, გიორგი შერაძის, გადაყენება. შერაძის საკითხის წამოჭრას და ხელახალ კენჭისყრას საკრებულოში თითქოს ამ კვირაშივე აპირებდნენ, მაგრამ ეს საკითხი, ჩანს, გადაიდება. გადადებას დავით ბერძენიშვილი ასე განმარტავს [ბერძენიშვილის ხმა]: “შერაძის საკითხს რაც შეეხება – კენჭისყრაზე რომ დაისვას, იმავე შედეგს მივიღებთ, როგორიც ადრე გვქონდა. ამიტომ, როგორც ჩანს, გვექნება გრძელი პროცედურა: მოვისმენთ შერაძის ანგარიშს ცალკეულ საკითხებზე, ვიმსჯელებთ და ამის მიხედვით ჩამოყალიბდება საკრებულო, არის თუ არა შემძლე და მოსურნე, ხმების 2/3-ით გაათავისუფლოს პრემიერი”.

ქალაქის მერიასთან ნაშუადღევს გამძაფრებული ვნებების შემხედვარე ადამიანმა შეიძლება არ დაიჯეროს, მაგრამ საკრებულოს წევრები ირწმუნებიან, რომ თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში კონსტრუქციული თანამშრომლობის ატმოსფეროა.
XS
SM
MD
LG