Accessibility links

logo-print

საქართველოსა და თურქეთის პირველი ერთობლივი საზღვაო მანევრები


საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ისტორიას ფოთის აკვატორიაში 19 ნოემბერს დაწყებული ერთობლივი საზღვაო სწავლებაც დაემატება.

ფართომასშტაბიან სამხედრო მანევრებში, სახელწოდებით "ფარი-2002", ფაქტობრივად, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების მთელი პირადი შემადგენლობა და ყველა მცურავი საშუალებაა წარმოდგენილი. სწავლების სცენარით გათვალისწინებული ვირტუალური ამოცანის შესრულებაში, რომელშიც უხვად არის მიმობნეული რეალური საბრძოლო ელემენტები, პირველად ღებულობს მონაწილეობას თურქეთის შეიარაღებული ძალების ფრეგატი "ფატიფი”. ასეთი მასშტაბის სწავლებას შავ ზღვაზე ინსტინქტურად გამოეხმაურა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება, რომელმაც სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა თავისი შეიარაღებული ძალები.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წლევანდელ საბიუჯეტო წელს კვლავ ვერ მიიღებს გეგმით გათვალისწინებულ თანხებს, დავით თევზაძე ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად ვალს ვალზე იღებს. კახეთში დამთავრებული მსხვილმასშტაბიანი სწავლების შემდეგ მან მთელი ძალები ფოთში გადაისროლა. საზღვაო აკვატორიაში 19 ნოემბერს დაწყებულ მანევრებში თავდაცვის სამინისტრომ 2000 სამხედრო მოსამსახურე, 11 მცურავი საშუალება და 2 ვერტმფრენი მოიზიდა. ყველა წინა საზღვაო მანევრის მსგავსად, "ფარი 2002", თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე, თავდაცვითი ხასიათისაა და მასში მონაწილე ქვედანაყოფებს, უწინარესად, შეთანხმებული მოქმედებების დამუშავება და ბრძოლისუნარიანობის დემონსტრირება მოუხდებათ. ამისთვის სწავლების სცენარით გათვალისწინებულია საბრძოლო სროლები გაშლილ ზღვაში, დესანტის გადმოსხმა ჰაერიდან და ზღვიდან, - გვამცნობს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული პრესრელიზი.

მაგრამ ბოლოდროინდელ სამხედრო-საზღვაო სწავლებას აქვს თავისი ფარული დღის წესრიგი, რითაც ამგვარი ღონისძიება განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. მანევრების დროს საზღვაო ქვეითებს დესანტირება სწორედ ყულევის პოლიგონზე მოუხდებათ, სადაც გვერდიგვერდ მდებარეობს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ორი ობიექტი - სუფსისა და საკუთრივ ყულევის ტერმინალები. ლეგენდის თანახმად, შერეულმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა სწორედ ამ ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებაც უნდა შეძლონ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, “აქილევსის ქუსლად” საჰაერო სივრცე და ეგრეთ წოდებული არაკონტროლირებადი ტერიტორიებია მიჩნეული, ვირტუალური საზღვაო პრეცედენტების მოგერიებაზე ყურადღების გადატანას თავისი მიზეზი აქვს.

ოფიციალური სტატისტიკით, 1998 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურებმა საზღვაო აკვატორიის დაცვა დაიწყეს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის დარღვევის 100-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ხომალდები არ ერიდებიან ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ე.წ. დახურულ რაიონებში არსებული რეჟიმის დარღვევას.
და იმის გამო, რომ საქართველო ნაკლებად ანგარიშგასაწევი საზღვაო ქვეყანაა, შემდგომში არ არის გამორიცხული, რომ, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რომელიმე ტერორისტულმა დაჯგუფებამ სწორედ ზღვიდან სცადოს იერიშის მიტანა სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტებზე.

სწორედ ასეთი საფრთხის არსებობის ალბათობა იქცა საფუძვლად ფოთში ამა წლის 7-9 თებერვალს ჩატარებული მასშტაბური საზღვაო მანევრებისა, კოდური სახელწოდებით “გრიგალი 2002”. საქართველოს ტერიტორიაზე ეს გახლდათ, ფაქტობრივად, პირველი საზღვაო სწავლება, რომლის მთავარი დანიშნულება ზღვაზე ტერორიზმის აღკვეთა იყო.

ფოთში ამჟამად მიმდინარე სწავლების დროს ეს ანტიტერორისტული ელემენტი ბუნებრივად შენარჩუნდება, რა თქმა უნდა, მის ვირტუალურ გამოვლინებაში. და, გარდა ამისა, კიდევ ის არის აღსანიშნავი, რომ ამ სწავლებაში, ქართველ მეზღვაურებთან ერთად, თურქეთის ფრეგატის, "ფატიფის,” გამოცდილი ეკიპაჟიც ღებულობს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG