Accessibility links

logo-print

ანტიკორუფციული ბიუროს უფლებების გაფართოებასთან დაკავშირებული მოსაზრებები


გოირგი კაკაბაძე, თბილისი ქართული საზოგადოება მუდამ მწვავედ რეაგირებს კორუფციის პრობლემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ნოვაციაზე. როგორც ცნობილია, ამგვარი დამოკიდებულება გამოვლინდა წინა კვირაშიც,

13 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე, როცა დღის წესრიგში დადგა ანტიკორუფციული ბიუროს უფლებების გაზრდის საკითხი.
აღნიშნულთან დაკავშირებით - და, საზოგადოდ, კორუფციის პრობლემის გარშემო - აზრის გამოთქმა ვთხოვე ეკონომიკის ექს-მინისტრს ლადო პაპავას.

უფლებების გაზრდის შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება ექნება, მისცეს დავალება მოკვლევის ორგანოებს ორი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – პირის გამოკითხვისა და ცნობების შეგროვების ჩასატარებლად. ლადო პაპავა გვამცნობს, რომ არაერთ ქვეყანაში, სადაც შეიქმნა ფართო უფლებების მქონე ანტიკორუფციული ორგანო, შემდგომ ამ უფლებების გამო ის თვითონ იქცა კორუფციის წყაროდ. მაგალითად, კენიაში შეიქმნა ანტიკორუფციული ორგანო, შემდეგ ამას დაემატა მისი მაკონტროლებელი ორგანო, ხოლო, როცა ეს ორივე უწყება კორუფციაში ჩაბმული აღმოჩნდა, მათ გასაკონტროლებლად შეიქმნა კიდევ ერთი ორგანო და, საბოლოოდ, რუსული “მატრიოშკას” მსგავსად, კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით ექვსი ორგანო აღმოჩნდა გაერთიანებული.

[პაპავას ხმა] “აქედან გამომდინარე, დღეს ამ ორგანოს ფუნქციების გაფართოებაზე საუბარი უნდა განხილული იქნას, აი, ამ ცნობილ ისტორიულ კონტექსტში, რაც არსებობს საერთაშორისო გამოცდილების კუთხით. თუ ეს გაფართოება არის მიმართული იმისკენ, რომ ანტიკორუფციულ ორგანოს ჰქონდეს უფრო ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაცია სხვადასხვა სტრუქტურებიდან, ასეთი უფლებების გაფართოებაში მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, მით უფრო, რომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რიგით მოქალაქესაც აქვს ინფორმაციის მიღების უფლება. მაგრამ, თუ ეს დამსჯელ მექანიზმებსაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, მე გამიჭირდება ამ მოდელზე დასტურის თქმა იმის გამო, რომ პრაქტიკულად კორუმპირებულ საზოგადოებაში ასეთი მოდელი შეიძლება თვითონ გახდეს კორუფციის წყარო, თანაც, ძალზე სერიოზული წყარო”.

ამასთან ერთად, ჩემი თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ ერთწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ანტიკორუფციულმა ბიურომ უკვე რამდენიმე სახელმწიფო მოხელე აიძულა, თანამდებობიდან გადამდგარიყო, რადგან კორუფციაში იყვნენ ჩაბმულნი.მაგრამ ლადო პაპავა ხაზს უსვამს იმას, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა – მიზანი იყო ანტიკორუფციული საბჭოს შექმნა. მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო არის ანტიკორუფციული საბჭოს აპარატი და ამ აპარატზე აქცენტის გაკეთება ნიშნავს, რომ ანტიკორუფციული საბჭო არაფრად არ ვარგა, ამიტომ, პირველ რიგში, საჭიროა საბჭოს გაძლიერება.

[პაპავას ხმა] “საბჭოს გაძლიერება იმას კი არ გულისხმობს, რომ მასში მხოლოდ წესიერი და პატიოსანი ადამინები იყვნენ გაერთიანებულნი, არამედ ისეთები, ვინც საქმეში ერკვევა. ასეთ შემთხვევაში საბჭო ჩამოყალიბდება როგორც ძლიერი, ქმედითი ორგანო, ხოლო ბიურო - კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ეს არის საბჭოს აპარატი და მეტი არაფერი”.

საერთოდ, ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ კორუფციასთან ბრძოლა ისეთივე უაზრობაა, როგორც, ვთქვათ, წყალდიდობასთან ბრძოლა. მისი თქმით, “არ შეიძლება ებრძოლო ისეთ რამეს, რაც ობიექტურ მოვლენას წარმოადგენს. არსებობს წყალდიდობისგან თავდაცვის საშუალებები, მაგრამ ეს მასთან ბრძოლას არ ნიშნავს”.
აქედან გამომდინარე, –ამბობს იგი, - საჭიროა არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ სისტემური რეფორმის გატარება, მათ შორის, რეალობის ამსახველი ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნა და კორუფციის ეკონომიკური საფუძვლების მაქსიმალური შეზღუდვა.

[პაპავას ხმა] “ამის შემდეგ უკვე კორუმპირებული პირების დასჯის ადმინისტრაციული ზომებიც ქმედითი გახდება. თორემ დღეს რას ვხედავთ: გადავაყენებთ ერთ გაზულუქებულ თანამდებობის პირს, შემდეგ მოვა მეორე, მშიერი, და ახლა უნდა ველოდოთ, სანამ ის გაზულქუდება. ეს არის კორუფციასთან ბრძოლა? ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო თავის მოტყუება, ვიდრე კორუფციასთან ბრძოლა”.
XS
SM
MD
LG