Accessibility links

logo-print

რას მიექცევა ყურადღება ნატოს სამიტზე?


მიმდინარე კვირაში პრაღა პირველად მასპინძლობს ნატოს სამიტს, რომელზეც, როგორც ვარაუდობენ, ალიანსის ლიდერები ორგანიზაციაში ახალ წევრებს მიიწვევენ.

ორდღიან შეხვედრას ნატოს 19 წევრის და "მშვიდობისათვის პარტნიორობის" პროგრამის 26 წევრის სახელმწიფოს მეთაურები დაესწრებიან. სხვა საკითხებთან ერთად ისინი ალიანსის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებენ 11 სექტემბრის ტერაქტების კონტექსტში.

ჩეხეთის რესპუბლიკა პირველი პოსტკომუნისტური ქვეყანაა, რომელიც ნატოს სამიტს უმასპინძლებს. ჩეხეთის ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო ამ მნიშვნელოვანი ფორუმისთვის მზადება. კონფერენციის მონაწილე 2 ათასი დელეგატისა და 3 ათასი ჟურნალისტის დასაცავად ჩეხეთის 12 ათასი პოლიციელი და ჯარიკაცია მობილიზებული.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებს უფლება მიეცა, სამიტის დღეებში გააკონტროლოს ჩეხეთის საჰაერო სივრცე.
თავდაპირველი გეგმით სამიტის მთავარი საკითხი იყო ნატოს გაფართოება. ახალი პოტენციური წევრების – ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, რუმინეთის, სლოვენიისა და ბულგარეთის მიწვევა უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მაგრამ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა საქმე ისე შემოატრიალა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი საკითხი იქნება სამიტის დღის წესრიგში.

მოუსმინეთ ბრიტანელ სამხედრო ექსპერტს, ტიმოთი გარდენს:

[გარდენის ხმა] "როგორც ჩანს, შვიდი ქვეყნით გაფართოების საქმე თითქმის გადაწყვეტილია. და ეს, გარკვეული თვალსაზრისით, ადგილს უთმობს უფრო ფართო ხასიათის კითხვას: რისთვის არის საჭირო ნატო? როგორ შეიცვლება იგი, თუკი ამერიკა კონცენტრირებული იქნება ორ საკითხზე – კონტრტერორიზმზე ("ალ-ყაიდისა" და 11 სექტემბრის პრობლემაზე) და, რა თქმა უნდა, ერაყზე. ამათგან ნატო რეალურად არცერთში არ თამაშობს არავითარ როლს. ასე რომ, მე მგონია, დისკუსია უფრო იმის შესახებ იქნება, თუ როგორ უნდა მოხდეს ნატოს რესტრუქტურიზაცია."

ცხადია, თავად წევრობის მოსურნეებისთვის გაწევრიანების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია. რეალური გაწევრიანება ამ ქვეყნების საგარეო და სამხედრო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ნატომ დამცველი მექანიზმი მოიმარჯვა და დაადგინა, რომ ალიანსში მეორე ტალღის ქვეყნების საბოლოო მიღება მოხდება არაუადრეს 2004 წლისა. მანამდე ყველამ უნდა მოასწროს ნატოს სტანდარტებთან გატოლება.

ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ დღეს ნატოს წევრობა რეალური უპირატესობების მომტანი არ არის, ვინაიდან აღარ არსებობს სერიოზული კონფლიქტები, თუ, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ რუსეთში რევანშიზმის გამარჯვების პოტენციურ საფრთხეს.

ნატო 1949 წელს შეიქმნა ევროპაში საბჭოთა კავშირის ექსპანსიის შესაჩერებლად და ამ ამოცანას მან ბრწყინვალედ გაართვა თავი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, განსაკურებით კი კოსოვოს კრიზისის დროს, გაჩნდა იმის პირველი ნიშნები, რომ ალიანსი შეიძლება ახალი მიმართულებით განვითარდეს.

გასული წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ვაშინგტონი ცდილობს, ნატოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად იქცეს ბრძოლა ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ. გასულ კვირაში გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა დაადასტურა, რომ ეს საკითხები სეროზული მსჯელობის საგანი იქნება პრაღაში.

ნატოს მესვეურები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღეს ალიანსის ყოველმა წევრმა უნდა აჩვენოს, კონკრეტულად რა სახის წვლილის შეტანა შეუძლია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სტრატეგიული ხასიათის რეორგანიზაციისთვის ნატოს წევრებს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანწილად გადახალისება დასჭირდებათ. ეს კი სერიოზულ ხარჯებთან და ხშირ შემთხვევაში არაპოპულარულ გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული.

სამიტზე განხილულ იქნება შეერთებული შტატების წინადადება, შეიქმნას სწრაფი რეაგირების 20 ათას კაციანი ჯარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს გეგმა განსხვავდება ნატოს ევროპელი წევრების გეგმებისგან, რომ რეგიონული სამშვიდობო ოპერაციებისთვის შეიქმნას 60 ათას კაციანი კონტინგენტი, ზოგიერთ ექსპერტს მაინც მიაჩნია, რომ ეს ორი გეგმა ერთმანეთს ფარავს.

გეგმები გეგმებად, მაგრამ მთავარი მაინც დაფინანსება იქნება. ევროპელები ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს, ვინაიდან აცნობიერებენ, რომ შეერთებული შტატები თავს იკავებს ალიანსისთვის რესურსების გაღებისგან. ვაშინგტონის ამ პოზიციას ხაზი გაუსვა თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, როცა განაცხადა, რომ ამერიკა კონფლიქტების გაჩენის შემთხვევაში ე.წ. "მსურველთა კოალიციების" შექმნას უფრო უჭერს მხარს. ისევ ტიმოთი გარდენს მოუსმინეთ:

[გარდენის ხმა] "ჩემის აზრით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ იმ ზეწოლის მიზანი, რომელსაც შეერთებული შტატები ნატოს მეშვეობით ახორციელებს ევროპელებზე, ისაა, რომ ევროპელებს გაუჩნდეთ ახალი პოტენციალი, რომელიც შემდეგ გამოყენებულ იქნება არა ნატოს ფარგლებში, არამედ შეერთებულ შტატებთან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე იმ სამხედრო პოლიტიკის ხელშესაწყობად, რომელსაც შეერთებული შტატები ატარებს. საკმაოდ ძნელია ევროპის ქვეყნებების მთავრობების დაყოლიება ამგვარ ინვესტიციებზე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ლორდ რობერტსონს წინ ძალიან რთული შეხვედრა ელის პრაღაში", განუცხადა ბრიტანელმა ექსპერტმა ტიმოთი გარდენმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს.

ნატოს სამიტს მიმდინარე კვირის პროგრამებში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ. შეხვედრაზე აკრედიტებულ მრავალრიცხოვან ჟურნალისტებს შორის ჩვენი რედაქციის სპეციალური კორესპონდენტებიც იქნებიან.
XS
SM
MD
LG