Accessibility links

პარლამენტის წევრის მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 19 ნოემბერს პარლამენტის დერეფანში მორიგი ცემა-ტყეპა გაიმართა, რომლის შედეგი, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს კანონშემოქმედთა ამ მავნე ტრადიციისთვის წერტილის დასმის თვალსაზრისით.

პარლამენტის დერეფანში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის პეტრე ცისკარიშვილის მიერ ფრაქცია “ახლების” წევრ დავით საგანელიძეზე განხორციელებული თავდასხმა ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომელმაც ყველა ფრაქციის მოთმინების ფიალა აავსო.

პეტრე ცისკარიშვილის სახელი ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაახლოებით ერთი წლის წინათ, ერთ საღამოს, კუს ტბის მიდამოებიდან იგი საცოლესთან ერთად პანკისის ხეობაში გაიტაცეს. დავით საგანელიძის “პოპულარობის” პერიოდი უფრო მოკრძალებულია – იგი მას შემდეგ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, რაც 6 ნოემბერს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა პეტრე ცისკარიშვილი და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შეგახსენებთ, ცისკარიშვილმა ახალი მემარჯვენეები საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების წინ საკრებულოს წევრების მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა.
ამ ორ პარლამენტარს შორის შეხლა-შემოხლა 6 ნოემბრის ინციდენტით არ დასრულებულა – პერიოდულად ვრცელდებოდა ცნობები მათ შორის გამართული ლოკალური შეტაკებების შესახებ. თუმცა 19 ნოემბერს დაპირისპირებამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო – გავრცელებული ცნობებით, ე.წ. კასტეტით შეიარაღებული პეტრე ცისკარიშვილი დერეფანში ჩაუსაფრდა დავით საგანელიძეს და სასტიკად გაუსწორდა. პარლამენტარს მოტეხილი აქვს ხელი, დაუზიანდა თვალის გუგა. გამორიცხული არ არის ტვინის შერყევაც. საგანელიძე ჰოსპიტალიზებულია, ცისკარიშვილი – გაქცეული, პარლამენტი - აღშფოთებული. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] “არც ერთი ჩვენი კოლეგა აღარ არის დაზღვეული ამ შენობაში იმისგან, რომ რაღაც გაუგებარი თავდასხმების ობიექტი გახდება. ის, რაც ამ დარბაზში ხდება და ამ პარლამენტში, სცილდება შეხლა-შემოხლის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს იძენს.”
პარლამენტის მოთხოვნით, გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაიწყო 19 ნოემბრის ინციდენტის გამოძიება. არ არის გამორიცხული, პარლამენტარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, ბოროტი ხულიგნობის მუხლით. პარლამენტის განწყობილებით თუ ვიმსჯელებთ, პეტრე ცისკარიშვილისთვის იმუნიტეტის მოხსნისთვის აუცილებელი ხმების მოგროვება არ გაჭირდება.
თანაპარტიელის საქციელს გმობს ნაციონალური მოძრაობა. ამ პარტიის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტია გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და არ დაუშვებს ასეთი პირების პარტიის რიგებში ყოფნას.
თუ პეტრე ცისკარიშვილის დასჯის აუცილებლობასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი არ ყოფილა, კვლავ გაურკვეველი დარჩა იმ სამი პარლამენტარის საკითხი, ვინც მონაწილეობა მიიღო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში და ამით, იურისტთა განმარტებით, კონსტიტუცია დაარღვია. 19 ნოემბერს პარლამენტმა გადაწყვიტა, საერთოდ აღარ განეხილა ეს საკითხი. მანამდე გაერთიანებული დემოკრატები ამტკიცებდნენ, რომ მათ თანაპარტიელებს კონსტიტუცია არ დაურღვევიათ და საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან გვაქვს. პარლამენტის ნაწილი კი აცხადებდა, რომ კონსტიტუცია ნამდვილად დაირღვა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი სამი პარლამენტარის საკითხს აღარ განიხილავს, გაუგებარი დარჩა, ბოლოს და ბოლოს, დაარღვიეს პარლამენტარებმა კონსტიტუცია თუ არა.
XS
SM
MD
LG