Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაძვირებული ელექტროენერგია და გაწბილებული თბილისელები


თბილისელებს კარგად ახსოვთ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას ხმამაღალი დაპირება: ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას ვერც კი შეამჩნევთ, გაზრდილ განსხვავებას სახელმწიფო ისე დაფარავს,

რომ ის AES-თელასის გადახდის ქვითრებზეც კი არ აისახებაო. სამწუხაროდ, მინისტრის დაპირება ნაჩქარევი და უსაფუძვლო აღმოჩნდა - ნოემბერში დაგზავნილ ქვითრებზე ელექტროენერგიის საფასური გაზრდილი ტარიფით არის ნაანგარიშევი.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობ გაურკვეველ კომენტარს აკეთებენ. მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დარწმუნებულია იმაშიც, რომ
AES-თელასის გადახდის ქვითრებზე (რომლებიც თბილისელებს ნოემბერში დაეგზავნათ) ელექტროენერგიის საფასური კვლავ ძველი ტარიფით არის გამოთვლილი. მართალია, იგივე განყოფილება საკითხში უკეთ დასარწმუნებლად არითმეტიკის მოშველიებას გვირჩევს, მაგრამ შეუძლებელია დარწმუნდე იმაში, რაც აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს.

ჯერ ერთი, ქვითარზე გარკვევით არის მითითებული, რომ კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასური არა უწინდებურად - 12, 4, არამედ 13, 7 თეთრია და ყოველივე ამას, ცხადია, თავად AES-თელასიც ადასტურებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების კოორდინატორის სოფო ბრიტანჩუკის თქმით, თბილისელი აბონენტები ოქტომბრის გადასახადს - ძველით, ხოლო ნოემბრისას ახალი, გაზრდილი ტარიფით გადაიხდიან. აქვე შეგახსენებთ, რომ ნოემბერში მიღებულ ქვითარზე დაჯამებული თანხის ნაწილი – ოქტომბრის, ხოლო ნაწილი – ნოემბრის დღეების სათვალავზე მოდის.

ასეა თუ ისე, ენერგეტიკის მინისტრის შეუსრულებელმა დაპირებამ თბილისელები, ამ ეტაპზე, საშინლად გააწბილა. ისინი გაწბილებულები დარჩნენ აგრეთვე პრეზიდენტ შევარდნაძის დაპირების გამო, რომელიც, სხვათა შორის, მირცხულავასას წინ უსწრებდა. ხალხი, ეტყობა, მაინც არ მოელოდა, რომ პრეზიდენტის იმედიანობა მთლად ასე მოუმზადებელ ნიადაგზე იქნებოდა აღმოცენებული. ენერგეტიკის სამინისტროში დღესაც დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენი მზრუნველი სახელმწიფო კომპენსაციის მექანიზმს სულ მალე აამუშავებს და ტარიფის ზრდით გამოწვეულ დამატებით ხარჯებსაც სულ თეთრ-თეთრ აგვინაზღაურებს. შექმნილი სიტუაციის ფონზე, როგორც მოგახსენეთ, თბილისელები აღარ არიან ამგვარი ოპტიმიზმის ხასიათზე.

მოსახლეობის თანაგრძნობისა და ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, ვიდრე AES-თელასის ანგარიშზე საჭირო თანხა არ დაჯდება, ხარჯების კომპენსაციის ვერანაირი სქემა ვერ ამუშავდება, – აცხადებენ ამერიკულ კომპანიაში. კომპენსაციის ზუსტი მექანიზმი ან გრაფიკი ჯერჯერობით არ არსებობს, ხოლო თანხის მობილიზების საკითხი, როგორც ჩანს, მომავალ წელზე ადრე მაინც ვერ მოხერხდება. განკარგულება, რომელსაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ ხელი გასულ კვირას მოაწერა, ფინანსთა სამინისტროს ამ მიზნით 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 3,3 მილიონი ლარის გათვალისწინებას ავალებს. იგივე განკარგულება სთხოვს AES-თელასს, რომ გამოყოფილი 3,3 მილიონი ლარით სახელმწიფოს მომავალი წლის10 იანვრამდე აბონენტთა გაზრდილი ხარჯების კომპენსაციის საშუალება მისცეს. ამერიკული კომპანია ამ თხოვნის შესასრულებლად მზადაა, მაგრამ ყოველივე ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა, რომ 2003 წლის ტანჯული სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდეს. როგორც ჩანს, მინიმუმ მომავალ წლამდე ელექტროენერგიის სიძვირე არა მხოლოდ გადახდის ქვითარზე, არამედ თბილისელების ჯიბეზეც აისახება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG