Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დაბრუნების შესაძლებლობა და დევნილ ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირება


აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის მიმართ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების დამოკიდებულება ბოლო დროს რამდენიმე პოლიტიკური კონფლიქტის საბაბად იქცა.

აჭარის პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლების აქტიური შეტევის პარალელურად, აფხაზეთიდან დევნილ ხელისუფლებას მეომართა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაუპირისპირდნენ. არადა სწორედ ეს ორგანიზაციები მიაჩნდათ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერთა მთავარ დასაყრდენად. რა უდევს საფუძვლად ახალ დაპირისპირებას?

20-დან 30 ნოემბრამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიურ სამშვიდობო ძალებში პირადი შემადგენლობის როტაცია ჩატარდება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ამ პროცესის გამოყენებით რუსეთი ჯარისკაცთა რაოდენობის გაზრდას შეეცდება.

საქართველოს პარლამენტის გასული წლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანისათვის უნდა მიეღწია, თუმცა ეს გადაწყვეტილება ყველას მიავიწყდა.

ეს ფაქტი მოულოდნელად აფხაზეთის მეომართა ორგანიზაციებმა გაიხსენეს. მათ 15 ნოემბერს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას მოსთხოვეს, ხელი შეუწყოს პარლამენტის გადაწყვეტილების რეალიზებას. მეომრებმა პროტესტი დევნილი ხელისუფლების შენობის კარების დალუქვით გამოხატეს. 19 ნოემბერს კი აფხაზეთიდან დევნილ მეომართა ორგანიზაციების ლიდერებმა კვლავ თამაზ ნადარეიშვილის ხელისუფლებას დაუჭირეს მხარი.

ირკვევა, რომ საპროტესტო აქცია გაიმართა არა ნადარეიშვილის წინააღმდეგ, არამედ იმ მიზნით, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მინისტრთა კაბინეტის დაშლა მოეთხოვათ. უფრო კონკრეტულად კი, მეომრები მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ლონდერ ცაავას ადანაშაულებდნენ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების იმ რადიკალური კურსის ბლოკირებაში, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ატარებს.

ეს ორგანიზაციები დევნილი ხელისუფლების ძირითადი დასაყრდენია და ამიტომ მათ პოზიციას აფხაზეთის დევნილი პოლიტიკური ელიტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ლაპარაკობდნენ ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას მეომრებიდან წამოსული კადრების უპირატესობაზე.

19 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მეომართა ორგანიზაციების ლიდერები საპროტესტო აქციის მოწყობის ბუნდოვან მიზეზებს ასახელებდნენ და ცდილობდნენ კონფლიქტის არსი არ გამოემზეურებინათ, თუმცა აფხაზეთის ომის დროინდელი 23-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილის როინ ჯანაშიას განმარტებიდან ჩანს, რომ საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა სკამებისა და კაბინეტების განაწილებისას წარმოქმნილი უთანხმოება და არა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების კონცეპტუალური საკითხები.
[ჯანაშიას ხმა] „აქ იყო მეომრების დაწინაურებაზე ლაპარაკი. ბევრი მეომარი დაწინაურდა ადგილებზე, მაგრამ რაღაც უკმაყოფილება გაჩნდა ამ მთავრობის დაკომპლექტებისას.“

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების სტრუქტურებში პარტიზანთა ერთ-ერთმა ლიდერმა დავით შენგელიამ უკვე დაიკავა გალის რაიონის გამგებლის პოსტი. იგი პარტიზანული მოძრაობიდან წასვლას აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ მის დაჯგუფებაზე კონტროლს კვლავაც შეინარჩუნებს. სავარაუდოა, რომ მსგავსი ამბიცია სხვებსაც გაუჩნდათ და მეომართა წარმომადგენლების აქციაც ამის დასტურია.
მაგრამ როგორც 19 ნოემბრის პრესკონფერენციიდან ირკვევა, ნადარეიშვილის ხელისუფლებამ შეძლო მეომრებთან ურთიერთობის გარკვევა, რადგან 19 ნოემბერს დევნილი ხელისუფლების შენობასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია ჩაიშალა და მეომართა ორგანიზაციების ლიდერებმა კვლავ დევნილი ხელისუფლების მხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.
XS
SM
MD
LG