Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამიტი პრაღაში


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენატმა ჯორჯ ბუშმა ოთხშაბათს პრაღაში განაცხადა, რომ ევროპის კიდევ 7 სახელმწიფოს მიღება ნატოში გააძლიერებს დასავლეთის ალიანსს და გაზრდის მის შესაძლებლობებს

საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. ჩეხეთის პრეზიდენტთან, ვაცლავ ჰაველთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბუშმა გამოთქვა იმედი, რომ ნატოს სამიტი, ხუთშაბათს რომ გაიხსნება ჩეხეთის დედაქალაქში, მეტ ზეწოლას მოახდენს ერაყის ხელმძღვანელობაზე და განიარაღებისკენ უბიძგებს.


ვაცლავ ჰაველთან მოლაპარაკების შემდეგ ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ გაფართოებული ნატო მეტ უშიშროებას უზრუნველყოფს დღევანდელ მშფოთვარე მსოფლიოში. "რუსეთი - არაა მტერი. ჩვენი მტერია გლობალური ტერორიზმი, რომელსაც სძულს თავისუფლება, და ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, თავისუფლების სახელით, ამ მტრის დამარცხებას" - განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

ჯორჯ ბუშმა კვლავ გააფრთხილა ერაყი, რომ თუ ამ ქვეყანაში არ მოხდება მასობრივი განადგურების იარაღის სრული ლიკვიდაცია, ბაღდადის წინააღმდეგ სამხედრო ძალა იქნება გამოყენებული, და თან მოუწოდა ნატოს ლიდერებს - ერთიანი პოზიცია დაიკავონ ამ საკითხში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ომი მისთვის "უკანასკნელი არჩევანია" და ჯერაც შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "საყოველთაოდაა აღიარებული ის ფაქტი, რომ სადამ ჰუსეინი მსოფლიოში მშვიდობას უქმნის საფრთხეს. აშკარადაა გაცნობიერებული ისიც, რომ სადამი უნდა განიარაღდეს. ვიმედოვნებთ, რომ იგი ამ გზას აირჩევს. ხვალ ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს, თუ იგი არ მოისურვებს განიარაღებას, თუმცა ერთი რამ კი ცხადია, სადამ ჰუსეინი ყველა შემთხვევაში განიარაღდება".

ორდღიან სამიტზე პრაღაში, რომელსაც ვაცლავ ჰაველი უმასპინძლებს, 19-წევრიანი ალიანსის ლიდერები გაწევრიანების ოფიციალურ წინადადებას შესთავაზებენ 7 ყოფილ კომუნისტურ ქვეყანას: ბულგარეთს, რუმინეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას, აგრეთვე მოიწონებენ ნატოს ჩარჩოებში სწრაფი რეაგირების მრავალეროვანი სამხედრო შენაერთის შექმნის გეგმას; შენაერთისა, რომელიც უფრო ეფექტიანად განახორციელებს ანტიტერორისტულ ოპერაციებს.

ხსენებული 7 ქვეყანა 2004 წლის 1 მაისს იქნება ოფიციალურად მიღებული ნატოს კავშირში. ნატოს სამიტთან დაკავშირებით ჩეხეთის რესპუბლიკაში უშიშროების საგანგებო ზომებია მიღებული. პრაღაში 12 000 პოლიციელი და 2 200 კარგად შეიარაღებული ჯარისკაცია მობილიზებული. აშშ-მა 250-კაციანი სამხედრო შენაერთი ჩაიყვანა პრაღაში მოსალოდნელი ძალადობის, ან ტერორისტული თავდასხმის უვნებელსაყოფად, ხოლო ქალაქის საჰაერო სივრცეში ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეასრულებენ საგუშაგო ფრენებს.

სამშაბათს, პრაღაში, რკინიგზელმა მუშებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ნახეს ლიანდაგზე.
XS
SM
MD
LG