Accessibility links

logo-print

საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების ყოფნისთვის რუსეთს გადასახადის გადახდა მოუწევს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთ-საქართველოს იმ, ე.წ., ჩარჩოხელშეკრულების პროექტზე მუშაობის შეჩერების ფონზე, რომელმაც ბევრ სხვა საკითხთან ერთად, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის

საკითხიც უნდა განსაზღვროს, საქართველოს პარლამენტი რუსეთის მხარისგან ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ბაზების მიერ მიწის გადასახადის გადახდას მოითხოვს. პარლამენტარების აზრით, პოლიტიკურთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას ფინანსური სარჩულიც აქვს, რადგან, 1991 წლის 21 დეკემბრიდან მოყოლებული, გადასახადის ოდენობა საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ამ დადგენილების ინიციატორია, არ აკონკრეტებს, რა ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს რუსეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების მიერ მიწითა და უძრავი ქონებით დროებით სარგებლობისთვის გადასახადის სახით. საქმე ის გახლავთ, რომ, 1991 წლიდან მოყოლებული, რუსეთსა და საქართველოს შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო ბაზების სტატუსის თაობაზე. შესაბამისად, დღესდღეობით კვლავაც ბოლომდე გაურკვეველია, სამხედრო ბაზების განლაგებისთვის რუსეთმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა გადაუხადოს საქართველოს მხარეს თუ საფასური მაინც ორმხრივი მოლაპარაკების საგნად უნდა იქცეს. ყოველ შემთხვევაში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე პრინციპულია:
[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] " თავისთავად ცხადია, ეს არის ელემენტარული რამე, რომ უნდა მოხდეს მათი დაბეგვრა შესაბამისი გადასახადებით. თუ ეს პროცესი წააწყდება შეფერხებას, წინააღმდეგობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ყველა შემთხვვაში ეს ვალი დაერიცხება რუსეთს საქართველოს მისამართით."
პარლამენტის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს დაანგარიშებული მთლიანი თანხა, რაც რუსეთს საქართველოსი მართებს მიწისა და უძრავი ქონების დროებითი მოხმარებისთვის. პარლამენტარებს თუ ვენდობით, გამორიცხული არ არის, ასეთი მოულოდნელი "მატება" საქართველოს ბიუჯეტისთვის საკმაოდ სერიოზულ შენაძენად იქცეს. ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" წევრის ფიქრია ჩიხრაძის აზრით:
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] " ჩვენი ისედაც მწირი ბიუჯეტის პირობებში რატომ უნდა დავანებოთ თავი იმ შემოსავალს, რომელიც არცთუ ისე მცირედია?!"
რუსეთის მხარის განცხადებით, რომ არა რუსეთის სამხედრო ბაზების მიერ გადახდილი წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადები, სრულიად პარალიზებული იქნებოდა ახალქალაქისა და ბათუმის ენერგოდისპეჩერიზაცია და წყლის მომარაგების სამსახურები. როგორც რუსეთის გაზეთ "კრასნაია ზვეზდას" განუცხადა ახალქალაქის წყალკანალის მთავარმა ბუღალტერმა აშხენ ოგანესიანმა, რუსეთის სამხედრო ბაზის გარეშე კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნება, რადგან ორგანიზაცია სამხედრო ბაზის ხარჯზე არსებობს.
ასეა თუ ისე, იმედია, საქართველო რუსეთს მაინც წაუყენებს გადასახადების გადახდის მოთხოვნას. სხვათა შორის, დსთ-ს მასშტაბით, საქართველო პირველი ქვეყანა არ იქნება: ასეთი მოთხოვნით რუსეთს უკვე მიმართა თურქმენეთმა.
XS
SM
MD
LG