Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობას კრედიტორებთან მძიმე მოლაპარაკებები ელის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი რესტრუქტურიზებულია, თუმცა ქვეყანას ყველა კრედიტორთან არა აქვს მოწესრიგებული ურთიერთობა,

რამაც შეიძლება მომავალი წლისათვის სერიოზული სირთულეები შეუქმნას როგორც ბიუჯეტს, ისე, ზოგადად, ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ეკონომიკურ წრეებში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ქვეყნებს, რომელთა საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში სახიფათო ზღვარს აღწევს, ჩვენი საგარეო ვალდებულებები მაინც მძიმე ტვირთად აწევს ბიუჯეტს. საქმეს ისიც ართულებს, რომ ვალის ძირითადი თანხების გადახდა საქართველოს, პარიზის კლუბის მოლაპარაკებების თანახმად, უკვე მომავალ წელს უწევს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაახლოებით ორი თვის წინ ფინანსთა სამინისტრომ წერილით მიმართა კრედიტორ ქვეყნებს დაეწყოთ მოლაპარაკებები ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის თაობაზე.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველომ უკვე მიაღწია შეთანხმებას 12 კრედიტორ ქვეყანასთან ვალების გადავადების შესახებ, თუმცა ამით პრობლემა არ ამოწურულა.

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2002 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, სახელმწიფო და სახელმწიფო გარანტიის ქვეშ აღებული საქართველოს საგარეო ვალი - 1 მლრდ 723 მილიონ 596 ათას დოლარს შეადგენს.

საქართველოს მთავრობას 15 კრედიტორი ქვეყანა ჰყავს. მათი საერთო ვალი 762 მლნ 067 ათასი აშშ დოლარია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 ქვეყანა პარიზის კლუბის გადაწყვეტილებას ექვემდებარება ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე. სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქმენეთის გარდა, ყველა კრედიტორთან მიღწეულია ორმხრივი შეთანხმება ვალის რესტრუქტურიზაციაზე.

თურქმენეთი ტრადიციულად ყველაზე ჭირვეული კრედიტორია, არადა ამ სახელმწიფოს მიმართ დავალიანება 400 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. თავის დროზე აღნიშნული დავალიანება ბუნებრივი აირის მოწოდებისათვის საკმაოდ საეჭვო გზით დაგროვდა.
გარდა სახელმწიფოებისა, საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაც მართებს. მათ წილად
საგარეო ვალის ნახევარზე მეტი - 874 მლნ 823 ათასი დოლარი - მოდის. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი დავალიანება შეადგენს 304 მლნ 103 ათას დოლარს, მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციისა - 475 მლნ 853 ათასს, ხოლო სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის 4 მლნ 366 ათასი გვმართებს; ევროგაერთიანების ვალი 90 მლნ 500 ათასი დოლარია. ამას გარდა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა სახელმწიფო გარანტიით 41 მლნ 811 ათას დოლარის კრედიტი გამოყო.

საგარეო ვალდებულებების პრობლემა მთავრობას წლის ბოლომდე აქვს მოსაგვარებელი, რადგან, თუ მთლიანი რესტრუქტურიზაცია ვერ მოხერხდება, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქვეყანას 140 მილიონი აშშ დოლარის გაღება მოუწევს, რისი საშუალებაც ისედაც მწირ ბიუჯეტს, ბუნებრივია, არა აქვს.
XS
SM
MD
LG