Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი მზადაა - ყოველმხრივ ითანამშრომლოს გაეროს განიარაღების კომისიასთან


ანდრო ეული, პრაღა გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ, შვედმა დიპლომატმა ჰანს ბლიქსმა კვლავ მოუწოდა ბაღდადს - 8 დეკემბრისათვის წარმოადგინოს მტკიცებულება,

რომ ერაყში არ ხდება მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება. ბლიქსმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ, ერაყის ხელმძღვანელობასთან ორდღიანი მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ ოთხშაბათს, ბაღდადი დატოვეს. ერაყში დარჩნენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მოსამზადებელ სამუშაოს ჩაატარებენ: 27 ნოემბერს, გაეროს განიარაღების კომისია, ერაყში, სამხედრო ობიექტების შემოწმებას შეუდგება.

როგორც გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ერაყის მთავრობამ ყოველგვარი პროტესტის გარეშე აღიარა გაეროს განიარაღების ექსპერტთა უფლება - წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეამოწმონ ის "საგანგებო" ობიექტებიც, პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს რომ ეკუთვნის.

დატოვეს რა ოთხშაბათს ბაღდადი, ჰანს ბლიქსი და მოჰამედ ელ-ბარადეი, რამდენიმე საათის შემდეგ კვიპროსში ჩავიდნენ. ლარნაკის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე, ელ-ბარადეიმ განაცხადა, რომ 27 ნოემბერს, როცა გაეროს განიარაღების კომისია ადგილზე შეუდგება თავისი მისიის შესრულებას, გამოჩნდება, რამდენად მზადაა ერაყი განიარაღების ექსპერტებთან თანამშრომლობისთვის. "ვიმედოვნებთ, რომ მათს სიტყვიერ დაპირებას ჭეშმარიტი თანამშრომლობა მოჰყვებაო" - დასძინა ელ-ბარადეიმ.

ხოლო ჰანს ბლიქსმა განაცხადა: [ჰანს ბლიქსის ხმა] "ჩვენ საქმიანი მოლაპარაკება გვქონდა ერაყის მთავრობის წარმომადგენლებთან და მივიღეთ დაპირება, რომ ისინი განუხრელად შეასრულებენ გაეროს რეზოლუციას და ჩვენთან ითანამშრომლებენ".

ბლიქსმა და ელ-ბარადეიმ განაცხადეს აგრეთვე, რომ თუ ერაყის მთავრობა ყოველმხრივ ითანამშრომლებს განიარაღების ექსპერტებთან, მაშინ დაახლოებით ერთ წელიწადში შესაძლებელი გახდება საანგარიშო მოხსენების წარდგენა უშიშროების საბჭოში იმის თაობაზე, რომ ბადღდადმა შეასრულა გაეროს ყველა მოთხოვნა, რასაც თავის მხრივ ერაყის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციების გაუქმება მოჰყვება შედეგად.

90-იან წლებში, ერაყელებმა არ მისცეს გაეროს განიარაღების კომისიას უფლება - პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის სასახლეები შეემოწმებინა, ხოლო მოგვიანებით მიღწეული კომპრომისული შეთანხმებით, განიარაღების ექსპერტებს წინასწარ უნდა განეცხადებინათ, რომელი ობიექტის შემოწმებას აპირებენ, თანაც ეს უნდა მომხდარიყო დიპლომატების თანხლებით. უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია განიარაღების ექსპერტებს აძლევს უფლებას -ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეამოწმონ, როცა კი მოესურვებათ, ერაყში ნებისმიერი ობიექტი.

ელ-ბარადეი და ბლიქსი, შესაბამისად ვენიდან და ნიუ-იორკიდან გაუწევენ კოორდინირებას, თავიანი ექსპერტების საქმიანობას ერაყში. "ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირაში არ მოგვიხდება ერაყში დაბრუნება. უცილობლად ჩავალთ ერაყში, როცა იქ კრიზისული ვითარება შეიქმნება, ხოლო თუ ყველაფერი უმტკივნეულოდ წარიმართა, ჩვენ მხოლოდ პერიოდულად ვეწვევით ერაყს" - განაცხადა პრესკონფერენციაზე კვიპროსში მოჰამედ ელ-ბარადეიმ.
XS
SM
MD
LG