Accessibility links

ძალადობის სინდრომი საქართველოში და ადამიანთა მძევლად აყვანის მორიგი ფაქტის მშვიდობიანი დასასრული


საქართველოში ძალადობა მძლავრობს. ძალადობას 20 ნოემბერს მშვიდობით გადაურჩნენ რუსთავში მძევლად აყვანილი ადამიანები, მათ შორის - სამი პოლიციელი, თბილისში კი ტრაგიკულად დასრულდა თავდასხმა,

რომელიც სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე, კახი ასათიანზე, მოხდა. კახი ასათიანი საღამოს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. გავრცელებული ვერსიით, მას ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გვერდითა მანქანიდან გაუხსნეს.

მკვლელობა მოხდა დღის ბოლოს თბილისის ცენტრში, ვაკეში, ასათიანების საცხოვრებელ სახლთან ახლოს. კახი ასათიანს ბოროტმოქმედებმა ცეცხლი ავტომანქანიდან გაუხსენს. წარსულში ცნობილი ფეხბურთელი 8 ტყვიით მიყენებული გამავალი ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. გადარჩა მისი მძღოლი. მკვლელობის მომენტში კახი ასათიანის მანქანა გაჩერებული იყო, მძღოლი მანქანიდან იყო გადასული, მას ასათიანების ახლობლების ოჯახში მოსაწვევი თავად ბატონ კახის დავალებით უნდა აეტანა. უკან მობრუნებულს კახი ასათიანი ჩაცხრილული დახვდა. მძღოლი ამ ფაქტის პირველი თვითმხილველია.

მომხდართან დაკავშირებით თვითმხილველები განსხვავებულ ჩვენებებს იძლევიან, თუმცა ყველანი აღნიშნავენ, რომ სროლის ხმა არ გაუგიათ. აქედან გამომდინარე, არც ბოროტმოქმედთა მანქანისთვის მიუქცევიათ ყურადღება. წინასწარი ინფორმაციით, ბოროტმოქმედებს მაყუჩიანი იარაღი უნდა გამოეყენებინათ. უკვე დადგენილია იმ მანქანის მარკა და ნომერი, რომლითაც ბოროტმოქმედები მოძრაობდნენ, თუმცა აღინიშნა, რომ, შესაძლოა, ეს მანქანა გატაცებული ყოფილიყო. მკვლელობის ადგილას 20 ნოემბრის საღამოს 20 საათისთვის მობილიზებული იყო პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა და სპეცრაზმი. იქ იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მაღალჩინოსნები, დეპუტატები, კახი ასათიანის მეგობრები და ახლობლები. შემთხვევის ადგილას მისული იყო სახელმწიფო მინისტრიც.

მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია 16 მასრა. საუბრობენ მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, კახი ასათიანზე თავდასხმა მის ბიზნესთან უნდა იყოს დაკავშირებული. ბოლო წლებში ის საავიაციო ბიზნესში იყო ჩართული. იყო ავიაკომპანია “აირზენა საქართველოს ავიახაზების” ვიცე-პრეზიდენტი, იმავდროულად, საქართველოში “მერსედეს-ბენცის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. საგულისხმოა, რომ არცთუ შორეულ წარსულში ანალოგიური თავდასხმა “აირზენას” პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილის მანქანაზეც მოხდა, რასაც გაიაშვილის დისშვილი შეეწირა. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 20 ნოემბერს მომხდარი მკვლელობის გახმაურებისთანავე გადაიკეტა ქალაქიდან გასასვლელი გზები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თბილისის მთავარმა პროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა იციან, ვინ შეიძლება იყოს კახა ასათიანის სავარაუდო მკვლელი. მომხდართან დაკავშირებით თავისი შეშფოთება გამოხატა პრეზიდენტმაც. მან სამართალდამცავებს საქმის უსწრაფესი გახსნა და დედაქალაქში წესრიგის დამყარება დაავალა. ასე ხდება ხოლმე ყოველ გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირებით.

56 წლის კახი ასათიანი კი ძალადობის მორიგი მსხვერპლია. ის იყო სახელგანთქმული სპორტსმენი - თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი 1965-75 წლებში, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრიც. 90-იანი წლების დასაწყისში ვეტერან ფეხბურთელთა კავშირს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით გახდა სპორტისა და ტურიზმის მინისტრი, შემდეგ - სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ბოლო წლებში კახი ასათიანი სერიოზული ბიზნესით იყო დაკავებული. წინასწარი ვერსიით, ის შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG