Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების როტაცია დაიწყო


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების ერთ-ერთი რიგითი როტაცია 20 ნოემბერს დაიწყო და 30 ნოემბრამდე გასტანს. რუსი მშვიდობისმყოფელების ახალმა ნაკადმა

მომზადება მაიკოპის დივიზიის ბაზაზე გაიარა. როტაციის დროს უცვლელი დარჩება სამშვიდობო ძალების რიცხობრივი შემადგენლობა, რომელიც 1500 სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. 20 ნოემბერსვე მოსკოვში მუშაობას შეუდგა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭო. საბჭომ, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების სარდლისთვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხიც უნდა განიხილოს.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების მორიგი როტაცია სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის თემის საგრძნობი გააქტიურების პირობებში მიმდინარეობს. პრაღის ნატოს სამიტის გახსნამდე ორიოდე დღით ადრე ამ საკითხს კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოს პრეზიდენტი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების პრობლემატიკა პირდაპირ არ ებმის ნატოს სამიტსა და მის თემატიკას, გარკვეული საფუძველი მათი ერთმანეთთან დაკავშირებისათვის მაინც არსებობს. იგულისხმება ნატოს გეოგრაფიული არეალის გაფართოება და, შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გავლენის ლოგიკური ზრდა. ამავე კონტექსტში ასახელებს საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირს, როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგებით უშუალოდ დაინტერესებულ მხარეს, და, მასთან ერთად, ყველა საერთაშორისო ევროპულ სტრუქტურას, განსაკუთრებით - უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე ორგანიზაციებს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გვარწმუნებს, რომ ამ ორგანიზაციების ხმა ყოველდღიურად გაძლიერდება ქართული მხარის სასარგებლოდ. კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია გაეროს ეგიდით, თუ ამგვარი რამ მართლაც მოხდება, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიმართ საერთაშორისო ინტერესის მობილიზების გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ვერბალური განცხადებებით კმაყოფილდება: გაეროს უშიშროების საბჭოში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის შესახებ განაცხადი მას ჯერ არ შეუტანია. სამაგიეროდ, ამ საკითხზე მსჯელობა მოსალოდნელია ნატოს პრაღის სამიტის ფარგლებში. პრეზიდენტის კანცელარიაში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრები ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებთან პირადად გამართავენ მოლაპარაკებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობის შესახებ. ჯერჯერობით ცნობილია, რომ სამშვიდობო ძალებში მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებენ აზერბაიჯანი და უკრაინა. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინტერნაციონალიზაცია მოხდება გაეროს და არა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მდგარ რუს მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მანდატი მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურებათ. სამშვიდობო ძალების სარდლის ალექსანდრ ევტეევის უფლებამოსილების გაზრდა კი კიდევ ექვსი თვითაა მოსალოდნელი. რუსეთის ამგვარი მოთხოვნა პროცესუალური ლაფსუსი რომ არ არის, ცხადია. ამ მხრივ, უფრო გასაკვირი და, თანაც, საგულისხმოა სამშვიდობო ოპერაციაში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ჟან-მარი გიენოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში რუსეთს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. მოსკოვის გაზეთ “ვრემია ნოვოსტეისთან” მიცემულ ინტერვიუში მან დააკონკრეტა, რომ მოთამაშეთა, ანუ სამშვიდობო პორცესში ჩართულ სახელმწიფოთა, რაოდენობის ზრდა ხელს არ შეუწყობს პრობლემის მოგვარებას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია გაეროს უახლოეს პერსპექტივას არ წარმოადგენს? საქართველოს უმაღლეს ოფიციალურ წრეებში, ისევე როგორც გაეროში, ჟან-მარი გიენოს განცხადებები მის პირად მოსაზრებებად მიაჩნიათ.
XS
SM
MD
LG