Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჭიროა თუ არა პარლამენტის სხდომების ტრანსლაცია პირდაპირი ეთერით


მოქალაქეთა კავშირის ინიციატივით, პარლამენტში გროვდება ხელმოწერები სხდომების ტრანსლაციის შესაწყვეტად. თუ პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო,

მოსახლეობა პლენარულ სხდომებს თვალყურს ვეღარ მიადევნებს. ეს ნიშნავს, რომ უმაღლესი არჩევითი ორგანოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ამომრჩეველი მხოლოდ ჟურნალისტური ინტერპრეტაციით მიიღებს.

საჭიროა თუ არა პარლამენტის სხდომების ტრანსლაცია პირდაპირი ეთერით?

რამდენიმე წლის წინ, სრულიად უბოდიშოდ და განმარტებების გარეშე, ჟურნალისტებისთვის ყრუდ დაიხურა საქართველოს მთავრობის სხდომები. მოგვიანებით, პრესის ზეწოლის შემდეგ, ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად სახალისო არგუმენტი დასახელდა: მთავრობის სხდომებზე ძალიან საქმიანი ატმოსფეროა, ხოლო მასმედიას ყველგან სეირის ელემენტი შეაქვსო. ასეთი იყო ოფიციალური ვერსია. პირად საუბრებში კი ამ ვერსიას უფრო “შინაურული” ინტერპრეტაცია ახლდა: მთავრობის სხდომები თურმე იმიტომ დაიხურა, პარლამენტის სხდომებად რომ არ გადაქცეულიყო.

ორიოდე დღის წინ მედეა მეზვრიშვილმა ტელეეთერით განაცხადა, რომ პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია მოსახლეობას შრომის უნარს უქვეითებს; ამიტომ, შრომის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით, პარლამენტის სხდომების გადაცემა ტელევიზიის და რადიოს პირდაპირი ეთერით სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ამ არანაკლებ სახალისო განცხადებით მედეა მეზვრიშვილმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო კანცელარიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას პარლამენტის საქმიანობის საჯაროობასთან დაკავშირებით.

კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს. პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება. მთავრობა კი მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები აღასრულოს.

ქართულ სახელისუფლო სივრცეში სწორედ ეს უმთავრესი პრინციპი ირღვევა. კარგა ხანია, ხელისუფლების ერთი ნაწილი ცდილობს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი პარლამენტიდან კანცელარიაში გადაიტანოს. ამის თვალსაჩინო დადასტურებაა სახელისუფლო პარტიის ენერგიული ინიციატივა, რომ საზოგადოებას ჩამოართვას საშუალება - თვალყური მიადევნოს პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

რა გზით უქვეითებს პარლამენტის სხდომების ტრანსლირება ქვეყნის მოსახლეობას შრომის უნარს, ეს დეტალი ინიციატივის ავტორებს არ დაუზუსტებიათ. სამაგიეროდ, ითქვა, რომ დეპუტატების ჩხუბის ყურება საზოგადოებას სიკეთეს არ მოუტანს. საკითხავი სწორედ ეს არის: ტელეკამერების მოცილება მოხსნის თუ არა იმ შინაგან მიზეზს, რის გამოც ხალხის რჩეულები, საქმის ნაცვლად, ძალისმიერი აგრესიით არიან დაკავებული? ან, იქნებ, ის უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ თავისი თვალით ნახოს პოლიტიკური პროცესის შინაგანი დრამატიზმის ყოველი უხეში გამოვლენა და იფიქროს, რა სჭირდება პირადად მისგან, როგორც ამომრჩევლისგან, მის ქვეყანას?

პარლამენტი, თავისი არსით, არის გამჭვირვალების ფორპოსტი ხელისუფლებაში. პარლამენტის სხდომა მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში არსებული შეხედულებების შერკინების არენაა. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ ამომრჩეველმა ზუსტად იცოდეს და მუდმივად აკონტროლოს, რას უჭერს მხარს მის მიერ არჩეული დეპუტატი თუ პოლიტიკური პარტია.

იმ გარემოში, სადაც მკაფიოდ აცნობიერებენ, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური განვითარება ერთიანი, უწყვეტი პროცესია, პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალებას ვერავინ ხელყოფს. ამომრჩეველსა და მის რჩეულს შორის უშუალო კავშირის გაწყვეტა, უბრალოდ, აკრძალული ილეთია.

მაშ, ვის აძლევს ხელს პლენარული სხდომების ტრანსლაციის შეწყვეტა? საქმე რომ ინფორმაციის დახშობას შეეხებოდეს, სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა: სხდომები ღიაა ჟურნალისტებისთვის და ისინი, თავისი პროფესიული საქმინობის ფარგლებში, საზოგადოებას ყოველდღე უამბობენ, რა მოხდა პარლამენტში. მაგრამ მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის არა ფაქტი, არამედ ფაქტის ჟურნალისტისეული ინტერპრეტაცია. ჩვენი მთავარი სათქმელიც ესაა: ფართო საზოგადოებისთვის პარლამენტის სხდომების დახურვა სჭირდება იმას, ვისაც ხელს აძლევს არა ფაქტი, არამედ – ფაქტების ნაირგვარი ინტერპრეტაცია. დღეს საქართველოს მოქალაქეს აქვს საშუალება, რამდენიმე სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ მომზადებული ინფორმაცია მიიღოს და, საფიქრებელია, რომ ფაქტის ინტერპრეტაციაც არაერთგვაროვანი იქნება. საბოლოოდ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ მიხვდება, რა მოხდა სინამდვილეში, ვინ იყო მტყუანი და ვინ – მართალი, რომელიმე კონკრეტული საკითხის განხილვისას რა პოზიციას იცავდა მისი რჩეული და, საბოლოოდ, რიგითი მოქალაქისთვის, რიგითი მაყურებლისთვის დღევანდელზე უფრო მეტი ბუნდოვანებით შეიმოსება მთავარი საკითხი: ვის უნდა დაუჭიროს მხარი მომავალ არჩევნებში.

სწორედ ამ მოტივით, დღევანდელ რეალობაში, როდესაც მოქალაქეთა კავშირს ყველაზე უარესი სასტარტო პოზიცია აქვს, ფართო საზოგადოებისთვის პარლამენტის სხდომების დახურვა ხელისუფლების მორიგ აგრესიად აღიქმება.
XS
SM
MD
LG