Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუში ხაზს უსვამს ნატოს, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის კავშირების მომავალი პრიორიტეტებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს, ნატოს სამიტის გახსნის წინა საღამოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა კვლავაც დაიცავს მჭიდრო კავშირებს ევროპასთან და იმეგობრებს რუსეთთან.

მიმართა რა სტუდენტთა მრავალეროვან აუდიტორიას ბუშმა, თქვა, რომ მსოფლიო 2001 წლის 11 სექტემბერს სახიფათო პერიოდში შევიდა. ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპამ და ამერიკამ, ნატოს ალიანსის მსგავსი ინსტიტუციების წყალობით, გადალახა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეპოქის გამოწვევა და ახალ საშიშროებებს ისეთივე შემართებით გაუსწორდება.

[ბუშის ხმა] "ევროპასა და ამერიკას შორის ტრანსატლანტიკურმა კავშირმა ისტორიის ყველა გამოცდა გაუძლო და დღეს ჩვენ კვლავ მსგავსი გამოცდების წინაშე ვდგავართ. ევროპის სახელმწიფოების მიმართ ჩემი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულება დაფუძნებულია იმ ახალგაზრდა ამერიკელების კარგად მოვლილ საფლავებზე, რომლებმაც ამ კონტინენტის თავისუფლებისთვის გაწირეს სიცოცხლე".

თავგანწირვისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის თემა ლაიტმოტივად გასდევდა ბუშის გამოსვლას. მან თქვა, რომ ყველას ემუქრება ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღი და ერაყის მსგავსი სახელმწიფოები, რომლებიც, გაუსვა ხაზი პრეზიდენტმა, ამ იარაღის გამოყენების სურვილს არ მალავენ. ბუშის თქმით, ევროპისა და ამერიკის დემოკრატიებისთვის ეს საერთო საქმეა.

[ბუშის ხმა] "ტერორისტებისა და ტერორისტული სახელმწიფოებისთვის ყოველი თავისუფალი ქვეყანა, ევროპის თავისუფალი ქვეყნების ჩათვლით, პოტენციური სამიზნეა".

ბუშმა თქვა, რომ ნატოს მომავალმ მუქარისთვის თავის უკეთ გასართმევად, მართებს თავისი ინსტიტუციებისა და შესაძლებლობის რეფორმირება.

[ბუშის ხმა] "ნატომ ახალი სამხედრო შესაძლებლობები უნდა განავითაროს. ნატოს ძალებმა უნდა შეძლონ გვერდიგვერდ ბრძოლა. ეს ძალები უნდა იყოს უფრო მობილური და სწრაფი რეაგირების თვალსაზრისით უკეთესად დისლოცირებული. მოკავშირეებს უნდა ჰქონდეთ უფრო სპეციალიზებული საოპერაციო ძალები, უფრო ზუსტად დარტყმის შესაძლებლობა და უფრო თანამედროვე სამეთაურო სტრუქტურა."

ბუშის თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ნატოს ყველა წევრი – დიდი თუ პატარა – შეიტანს თავის წვლილს ალიანსის სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესების საქმეში.

ახსენა რა შეერთებული შტატების წინადადება ნატოში სწრაფი რეგირების 20 ათას კაციანი ჯარის შექმნის შესახებ, ძალისა, რომლის დისლოცირება შესაძლებელი იქნება პლანეტის ნებისმიერ კუთხეში 7 დღის განმავლობაში, ბუშმა თქვა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ალიანსის აზროვნებასა და მოქმედებას გლობალური მასშტაბები ჰქონდეს.

[ბუშის ხმა] "ვინაიდან ნატოს წევრებზე მუქარათა დიდი ნაწილი ევროპის გარედან მოდის, ნატომ უნდა შეძლოს ევროპის გარეთ ოპერირება. როცა ავღანეთში საჭირო გახდა ჯარების სწრაფად განთავსება, ნატოს შესაძლებლობები ძალიან შეზღუდული აღმოჩნდა. ჩვენ გვმართებს ახალი შესაძლებლობის შექმნა და ამ შესაძლებლობების გამოყენების სურვილის გაძლიერება."

ბუშმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა ადარდებდეს ნატოს გაფაროების მეორე ტალღა. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი აპირებს პირადად უთხრას რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს პარასკევს, ნატოს სამიტის შემდეგ სანქტ პეტერბურგში ვიზიტის დროს.

[ბუშის ხმა] "მე ვეტყვი ჩემს მეგობარ ვლადიმირ პუტინს და რუსეთის ხალხს, რომ ისინიც მოიგებენ რუსეთის დასავლეთით მდებარე ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისგან. რუსეთს არ სჭირდება თავის დასაცავად საბუფერო ზონა. მას სჭირდება მშვიდობიანი და აყვავებული მეზობლები, რომლებიც იმავდროულად მეგობრებიც იქნებიან".

ბუშმა თქვა, რომ გაფართოებული ალიანსი მოიკრებს ძალას, დასახავს ახალ მიზნებს და ამერიკა და ევროპა გააცხოველებენ თავიანთ ისტორიულ მეგობრობას, რაც მსოფლიოში მშვიდობის საწინდარია.
XS
SM
MD
LG