Accessibility links

ნატოში გასაწევრიანებლად 7 ქვეყნის მიწვევას


ნატოში გასაწევრიანებლად 7 ქვეყნის მიწვევას ფართო გამოხმაურება მოჰყვა: მრავალი მოღვაწე ისტორიულ მომენტზე ლაპარაკობს.

ნატოში გასაწევრიანებლად 7 ქვეყნის მიწვევას ფართო გამოხმაურება მოჰყვა: მრავალი მოღვაწე ისტორიულ მომენტზე ლაპარაკობს.
ლატვიის ახალი პრემიერ-მინისტრის, ეინარ რეპსესის განცხადებით, მისმა ქვეყანამ სამუდამოდ გაინაღდა დამოუკიდებლობა. ხოლო ლიტვის თავდაცვის მინისტრ, ლინას ლინკევიჩიუსის თქმით: [ლინკევიჩიუსის ხმა]"ეს არ არის თამაშის დასასრული, ეს ალბათ დასაწყისია. რადგანაც კარგია, ნატოში გაწევრიანების კარგ კანდიდატებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ძალიან ძნელია და მნიშვნელოვანი, ვიყოთ კარგი მოკავშირეები. ასე რომ, იწყება ხარისხობრივად ახალი პროცესი. ეს ისტორიული მომენტია." ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოლომონ პასი დღეს ასევე ისტორიულ მომენტზე საუბრობდა. ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ახალი წევრების მიწვევა ადასტურებს ნატოს სწრაფვას ევროპაში მშვიდობის განმტკიცებისაკენ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის თქმით, ნატოში ახალი წევრების მიწვევა "ევროპაში უშიშროების განმტკიცების მიმართულებით გადადგმული ერთობ მნიშვნელოვანი ნაბიჯია". პოლონეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმ კი ასეთი მოსაზრება გამოთქვა: [კვაშნევსკის ხმა] "ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ბოლოს მოუღებს იალტასა და პოტსდამში მსოფლიოს გაყოფის ერას, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ბოროტებას, შიშზე დაფუძნებულ მოჩვენებით ბალანსს". ნატოში გასაწევრიანებლად 7 ყოფილი სოციალისტური ქვეყნის მიწვევას რუსეთიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბალტიის სამმა სახელმწიფომ ხელი უნდა მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებას იარაღისა და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის შეზღუდვის თაობაზე.რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ივანოვის თქმით, მისი ქვეყანა "მშვიდად" აფასებს ნატოს გაფართოებას. მაგრამ, მისივე სიტყვებით, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, რომელთაც ნატოში გაწევრიანება შესთავაზეს, ხელი უნდა მოაწერონ ხელშეკრულებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სტაბილურობა ევროპაში. ივანოვის განმარტებით, 1990 წელს ხელშეკრულების გაფორმებისას ეს ქვეყნები დამოუკიდებელი არ იყვნენ, ამიტომ მათ ამჟამად არ ევალებათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. ნატოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვიც. ივანოვმა, რომელიც პრაღაში იმყოფება, განაცხადა, რომ რუსეთი გულდასმით სწავლობს სამიტზე ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებებს, რომელთა შორის არის არაერთი მოწოდება ალიანსის რეფორმის შესახებ. ივანოვის სიტყვებით: [იგორ ივანოვის ხმა] "ჩვენი ყურადღება მიიქცია აშშ-ის პრეზიდენტისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერების ბოლო განცხადებებმა, რომელთა თანახმად, ნატოს რეფორმირება ესაჭიროება, რათა თავი გაართვას ახალ საფრთხეებს, ახალ ამოცანებს. თუ ეს ტრანსფორმაცია წარმატებული იქნება, გააძლიერებს ევროპას, ევროატლანტიკურ და საერთაშორისო სტაბილურობას, უშიშროებას, მაშინ ეს უთუოდ გააფართოებს ჩვენი თანამშრომლობის სფეროს. იგივე ითქმის ნატოს გაფართოებაზე".
XS
SM
MD
LG