Accessibility links

logo-print

რა ხნით განახლდა გაზის მიწოდება თბილისში


საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის იძულებითი ვიზიტი მოსკოვში თბილისის გაზმომარაგების აღდგენით დასრულდა.

“თბილგაზიდან” მიღებული ინფორმაციის თანახმად, 21 ნოემბრიდან 10 დღის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქი სრულად უნდა დაიტვირთოს. ამდენად, მოსკოვში ვიზიტის უპირველესი მიზანი ამ ეტაპზე შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება გრძელვადიან პროექტს, ქართველმა ჩინოვნიკებმა მიაღწიეს შეთანხმებას გაზის საფასურის წინასწარ გადახდის მექანიზმის შეცვლის შესახებ. ამიერიდან, ოთხი თვის განმავლობაში, “თბილგაზი” მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურს ყოველი მომდევნო თვის ბოლომდე გადარიცხავს. შეძლებს თუ არა იგი ამ ვალდებულების შესრულებას?


“თბილგაზში” დღეისათვის ქარტეხილის გადავლის შემდეგ დასადგურებული შვების ეიფორიაში იმყოფებიან და ყოველი სკეპტიკური შეკითხვა თუ ვარაუდი აღიზიანებთ. “თბილგაზის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ცაავა მიიჩნევს, რომ “იტერასათვის” ბუნებრივი აირის საფასურის წინასწარი გადახდის ფორმის შეცვლა “თბილგაზს”, უფრო კი საქართველოს მთავრობას, გადასახადი თანხების მოძიებისთვის უფრო მეტ დროს აძლევს, ვიდრე ეს აქამდე იყო. დამეთანხმებით, რომ გაზის მომწოდებელთან ანგარიშსწორების დროს მომხმარებლისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, როდის მოინიშნავს გადამხდელი ათვლის წერტილს. მთავარია ის, რომ პრინციპი უცვლელია და მომწოდებელს მოხმარებული აირის საფასური ყოველთვიურად უნდა გადაუხადო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ბოლოდროინდელი ინერციის პირობებში, თბილისი პრაქტიკულად კვლავაც ყოველი თვის ბოლოს შეიძლება დადგეს გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის წინაშე.
“თბილგაზის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ცაავა, მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის მაქსიმალური ამოღების მიზნით, არც მომხმარებელთა სანქცირებას გამორიცხავს. სანქციები შეეხება როგორც მოსახლეობას, ისე, განსაკუთრებით, იმ მსხვილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომლებიც ქრონიკულად არ იხდიან გადასახადს. ქალაქისათვის გაზის გათიშვის ძირითად მიზეზად თავდაცვის სამინისტროს, უშიშროების აკადემიის, კინოლოგიის სამსახურის, იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის მიერ დაგროვილი დავალიანება ითვლება, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით. ბუნებრივი აირის საფასურის გადახდაში მოიკოჭლებს მოსახლეობაც, რომელიც, ალბათ, უფრო ბუნებრივი აირის დატაცებასა და ინკასატორებთან გარიგებაშია დამნაშავე, ვიდრე ტოტალურ გადაუხდელობაში.
ძნელი სათქმელია, რა უფრო ადვილია სახელმწიფო მოხელეთათვის, მოხმარებული გაზის საფასურის სრული ამოღება და საამისოდ მკაცრი კონტროლი, თუ “იტერასათვის” გაზის საფასურის გადასახდელი ფულადი რეზერვების მოძიება. ამ უკანასკნელი მიმართულებით საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დავით მირცხულავასა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის ალეკო გოცირიძის მოსკოვში წარმოებული მოლაპარაკებების დროს გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ქართულმა მხარემ წამოაყენა წინადადება, “თბილგაზის” “იტერასთან” ანგარიშსწორება “საქგაზის”, როგორც შუამავალი რგოლის, გაუქმებით მოხდეს. არადა, ასეთ შემთხვევაში ქართული მხარე, მართლაც რომ, სოლიდურ თანხას დაზოგავდა. საქმე ისაა, რომ 1000 კუბურ მეტრ გაზს “იტერა” საქართველოს საზღვრამდე 60 დოლარად ყიდის, მაშინ როცა “საქგაზის” მიერ იმავე ოდენობის ბუნებრივი აირის საზღვრიდან დედაქალაქში შემოტანა ”თბილგაზს” 124 დოლარი უჯდება.
XS
SM
MD
LG