Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები მიესალმებიან ნატოს გაფართოებას


ანდრო ეული, პრაღა დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები მიესალმნენ ცნობას იმის შესახებ, რომ 21 ნოემბერს, ნატოს სამიტზე პრაღაში, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის შვიდმა ყოფილმა კომუნისტურმა ქვეყანამ

- ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და სლოვენიამ - ჩრდილოატლანტიკურ კავშირში გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა მიიღო. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, 21 ნოემბერს ნატომ, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთელი თავისი 53-წლიანი არსებობის მანძილზე. "ეს, შემობრუნების წერტილია, უდაოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის" - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა.

"ეს, უმნიშვნელოვანესი დღეა ლატვიისთვის. თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყნების ოჯახში დაბრუნება, ჩვენთვის, ისტორიულ უსამართლობათა გამოსწორებას ნიშნავს" - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა ვაირა ვიკე ფრაიბერგამ.

7 ახალი წევრი 2004 წლის მაისში შეუერთდება ნატოს, მას შემდეგ, რაც მათი, აგრეთვე ნატოს 19 წევრი-ქვეყნის პარლამენტები, ალიანსის გაფართოების თაობაზე დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციას მოახდენენ. გაწევრიანების სამ სხვა კანდიდატს - მაკედონიას, ალბანეთსა და ხორვატიას უთხრეს, რომ მათ, მოცდა მოუხდებათ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება, აგრეთვე ევროკავშირის გადაწყვეტილება, 10 სახელმწიფოს გაუგზავნოს მომავალ თვეს გაწევრიანების თაობაზე ოფიციალური მიწვევა, საბოლოო წერტილს დაუსვამს ცივი ომისდროინდელ დაყოფას ევროპის კონტინენტზე. "ევროპამ და ჩრდილოეთმა ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი უშიშროება განუყოფელია ერთი მეორისაგან" - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მიმართა რა ნატოს ახალ წევრებს, ჯორჯ ბუშმა განაცხადა: "ის, ვინც თქვენ გიმტრობთ, ჩვენი მტერიც გახდება. აგრესიასთან დაპირისპირებისას, თქვენ, აღარასოდეს იქნებით მარტონი" - ციტატის დასასრული.

ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ლიდერთათვის უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა ნატოს სამიტს ქალაქში, სადაც საბჭოთა ტანკებმა, 1968 წლის აგვისტოში, სისხლში ჩაახშეს "პრაღის გაზაფხულით" ცნობილი დემოკრატიული მოძრაობა.

"დღეს ჩვენ ვაცნობეთ არა მარტო ევროპას, არამედ მთელს მსოფლიოს, რომ ის დრო, როცა ქვეყნები - გავლენის სფეროებად იყო დაყოფილი, და ძლიერი სუსტს ჩაგრავდა, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა" - განაცხადა პრაღის სამიტის მასპინძელმა, ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა.

"ჩვენთვის, დღეს, ახალი ერა დაიწყო" - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა იონ ილიესკუმ. ხოლო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა მიკოლას ძურინდამ, 21 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას "სტაბილური უშიშროების გარანტი" უწოდა.

ნატოს გადაწყვეტილებას შვიდი ახალი წევრის მიღების თაობაზე შედაერებით მშვიდი რეაქცია მოჰყვა ოფიციალური მოსკოვის მხრიდან. თუმცა რუსეთის კომპარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება ყველაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთს "ნაცისტთა ინტერვენციის დროიდან მოყოლებულიო".
XS
SM
MD
LG