Accessibility links

როგორ უნდა გახდეს საქართველო „ნატოს" წევრი


თუ რატომ ესწრაფვის საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ეს ქართული საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად გასაგებია. მაგრამ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ქვეყანა ნატოს მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს,

ამ კითხვაზე პასუხი ბევრს არ გააჩნია, რადგან საქართველოს შიგნით არსებული პრობლემები მნიშვნელოვნად განასხვავებს მას ალიანსის 7 ახალი წევრი ქვეყნის განვითარების დონისაგან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველო 3-5 წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმებით ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობის მიღწევას შეძლებს.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მისაერთებლად საქართველოს ორი პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა მოუწევს. პირველია „ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა," რომელიც „ნატოს" პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის" ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებულ სამხედრო სწავლებას თუ სხვა პოლიტიკურ ღონისძიებებს მიზანმიმართულს გახდის. ანუ მასში მონაწილეობა გამოყენებული იქნება ნატოს სამხედრო ძალებთან შესაბამისობის მისაღწევად და, საერთოდ, თავდაცვითი პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად. ამ ფორმატით მუშაობა, ალბათ, პრაღის სამიტის შემდეგ დაიწყება.

მეორე პროგრამა „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა" გაცილებით ფართო მასშტაბიანია, მასთან მიერთება გაცილებით რთულია და ის ასპირანტურას წააგავს. შესაბამისად, მასში მონაწილის, ასპირანტის მიღებას თავად მიმღები ორგანიზაცია წყვეტს და მხოლოდ კანდიდატის სურვილი საკმარისი არ არის.

საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით შექმნილმა სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ ასპირანტის მდგომარეობის მისაღწევად „2003 წლისთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა" შეიმუშავა. იგი ნატოს „გაწევრიანების სამოქმედო გეგმის" 5 პრინციპზეა აგებული.

საქართველოს ხელისუფლების სამოქმედო პროგრამაში გაწერილია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც 2003 წლის მანძილზე გადაიდგმება, პარალელურად მუშაობას გააგრძელებს სახელმწიფო კომისია, რომელიც 2004 წლის პროგრამას განსაზღვრავს.

დაახლოებით მსგავსი პროგრამით ხელმძღვანელობდნენ ბალტიისპირეთის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. ამ ქვეყნებში ნატოს სტანდარტების მიღწევის ყველა ეტაპი და მასზე პასუხისმგებელი პირი კონკრეტულად იყო განსაზღვრული. მის მიმართ უმაღლესი ხელისუფლების სერიოზული დამოკიდებულება იმაშიც გამოიხატა, რომ პროგრამის შეუსრულებლობის გამო რამდენიმე მინისტრმა პოსტიც კი დატოვა.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სახელმწიფო აღმშენებლობა თავიდანვე ევროპასთან ჰარმონიზაციის გზით დაიწყეს, ცხადი გახდება, რომ საქართველოში ნატოსთან დასაახლოებლად რადიკალური რეფორმების გატარება იქნება საჭირო. ეს იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში თუნდაც საკანონმდებლო ბაზა სპონტანურად და კონკრეტული კლანური ინტერესების შესაბამისად ყალიბდებოდა. ახლა საქართველოს ხელისუფლებას წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მახინჯი სისტემის გადაკეთება და გალამაზება მოუწევს, თუ თავიდან აშენება არა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის კახა სიხარულიძის განცხადებით:

[სიხარულიძის ხმა] „ქვეყანა უნდა მომზადდეს და ავიდეს იმ სტანდარტებზე, რა სტანდარტებსაც აუცილებლად გულისხმობს ნატოს წევრობა. ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა, ასევე ძალიან ეფექტურად ჩასატარებელი ეკონომიკური რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და საკანონმდებლო ბაზის გამტკიცება, რეალობასთან მისადაგება. ნორმალური ქვეყანა უნდა იყოს საქართველო და ნორმალურად ვითარდებოდეს, თუკი მას უნდა, რომ დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები."

შესაბამისად, ნატოში გაწევრიანებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების მისიაც ეკისრება და, თუ რამდენ წელიწადში მოხერხდება ეს, მნიშვნელოვანწილად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG