Accessibility links

logo-print

შეასრულებს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის საგანგებო დავალებას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ნატოს სამიტზე გამგზავრების წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ მკაცრად გააფრთხილა შინაგან საქმეთა სამინისტრო, უმოკლეს ხანში დაადგინოს კახი ასათიანის მკვლელების ვინაობა და წესრიგი დაამყაროს დედაქალაქში.

21 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოძახებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა დაადასტურა, რომ წელს დანაშაულთა რაოდენობამ იმატა. ვინ აგებს პასუხს ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებაზე?

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება: წელს 10 თვის განმავლობაში, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, სისხლის სამართლის დანაშაულთა რაოდენობა 1 133 ერთეულით გაიზარდა. მათ შორის, 866 მძიმე კატეგორიის დანაშაულებს განეკუთვნება.
კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების მიზეზად ბევრი რამ დასახელდა, დაწყებული მწირი მატერიალურ-ფინანსური ბაზით და არასრულფასოვანი საკანონმდებლო ბაზით დასრულებული. კობა ნარჩემაშვილის განცხადებით:
[ კობა ნარჩემაშვილის ხმა] " ეს არის სრულიად უვარგისი სისხლის სამართლის კანონმდებლობა."
მინისტრი, კატეგორიულად არ ეთანხმება რა პარლამენტარების საყვედურს იმის გამო, რომ პოლიციას დღემდე არ გაუხსნია არც ერთი რეზონანსული მკვლელობა, აცხადებს, რომ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა, მაგალითად, მას გახსნილად მიაჩნია. რაც შეეხება 20 ნოემბრის საღამოს თბილისის ცენტრში მომხდარ მკვლელობას, როცა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს სპორტის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, კომპანია "აირზენას" ვიცე-პრეზიდენტი კახი ასათიანი, ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა მინისტრი მხოლოდ ასეთი განცხადებით შემოიფარგლება:
[ კობა ნარჩემაშვილის ხმა] "მე კატეგორიულად ვამბობ, რომ არავითარი მასალა გამოძიებაში, რაც განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, თითქოს აღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილი ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრებს, არ არსებობს. პირდაპირ ვაცხადებ: ეს არის სასაცილო და ცილისმწამებლური განცხადება."
პარლამენტართა ნაწილი კახი ასათიანის მკვლელობას ხელისუფლების კრიმინალიზაციით ხსნის. საპარლამენტო მოსმენაზე კობა ნარჩემაშვილის მიმართ ყველაზე კრიტიკული იყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, რომელიც იმდენად იმედგაცრუებულია შინაგან საქმეთა მინისტრის საქმიანობის შედეგებით, რომ კობა ნარჩემაშვილს რამდენჯერმე კახა უწოდა, როგორც ჩანს, კახა თარგამაძის ასოციაციით. პარლამენტი შეშფოთებულია ქვეყანაში გამეფებული ძალმომრეობით, თუმცა გაიზიარებს თუ არა კობა ნარჩემაშვილი თავისი წინამორბედის ბედს, ანუ გამოუცხადებს თუ არა პარლამენტი ცივ ომს შინაგან საქმეთა მინისტრს, დღეს ძნელი სათქმელია.
XS
SM
MD
LG