Accessibility links

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა სხდომა, რომელიც ძირითადი მოსარჩლის არყოფნის გამო გადაიდო.

მოსარჩლე კი საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანია: ომბუდსმენი სასამართლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, მისი აზრით, ანტიკონსტიტუციური დებულებების გამო მიმართავს. მანამდე, 5 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის წევრებიც სხვადასხვა კანონში სიტყვის თავისუფლების შემზღუდავ მუხლეს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნევდნენ. ახალგაზრდა იურისტები შეუერთდნენ სახალხო დამცველის სარჩელს. კომენტარი ვთხოვე ასოციაციის წევრს, იურისტ თინა ხიდაშელს.

"საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ" - ასე ჰქვია საქმეს, რომლის განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ნოემბერს დაიწყო. სახალხო დამცველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იმ მუხლების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლებიც, მისი აზრით, ზღუდავენ ადამიანის უფლებებს მისი დაკავებისა თუ პატიმრობაში ყოფნის დროს. ნანა დევდარიანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ამიტომაც მისი მოთხოვნის შესახებ კომენტარი ვთხოვე თანამოსარჩლე თინა ხიდაშელს.

მოსარჩლეთა ერთ-ერთი მოთხოვნაა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აისახოს კონსტიტუციური დებულება, რომელიც დაკავებულ პირს ანიჭებს უფლებას დაკავებისთანავე იყოლიოს ადვოკატი. თინა ხიდაშელის თქმით, [ხიდაშელის ხმა] "ეს უნდა ეწეროს ცალსახად კოდექსში; კოდექსი კი ამბობს, რომ პირველი 12 საათის განმავლობაში არაფრის უფლება არა გაქვს, საერთოდ, სტატუსიც არა გაქვს და ვინ ხარ, არავინ არ იცის: აბსოლუტურად გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფები პოლიციის განყოფილებაში. მეორე ისაა, რომ კონსტიტუცია ამბობს: წინასწარი პატიმრობის ვადა არ შეიძლება იყოს 9 თვეზე მეტი, მაშინ როცა კანონი 24 თვემდე ითვალისწინებს წინასწარ პატიმრობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, ეს მუხლები უნდა გაუქმდეს და პირველი განაჩენი დადგეს 9 თვის ვადაში".

კონსტიტუცია ასევე აცხადებს, რომ არავინ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. საპროცესო კოდექსში ამ პრინციპის საწინააღმდეგო დებულებაც აღმოჩნდა: თუ პირმა თავისივე ხარჯით ჩაატარა ექსპერტიზა, ის ვალდებულია ექსპერტიზის შედეგები წარუდგინოს გამოძიებას. არადა, შეიძლება ექსპერტიზის დასკვნები სწორედ ამ პირის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს, მისთვის საზარალო იყოს. გამოდის, ადამიანი იხდის ფულს და ამის შემდეგ, გარკვეული ალბათობით, მას კანონი აიძულებს საკუთარი თავის საწინააღმდეგო დასკვნები გადასცეს გამოძიებას.

სახალხო დამცველი ასაჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კიდევ ერთ პრინციპს [ხიდაშელის ხმა]: "ჩვენ ვითხოვთ, მხარეების (ანუ დაცვისა და ბრალდების) თანასწორობა იყოს დაცული. კოდექსი ამას დღეს ვერ უზრუნველყოფს. ყველაზე მკაფიო მაგალითი ჩეჩნების ექსტრადიცია იყო, როცა პროკურატურამ სწორედ ეს უფლება გამოიყენა და თქვა: ჩვენ არ ვიყავით ვალდებულნი, დაკავებულის ან მისი დამცველისათვის მიგვეწოდებინა აქტი, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ამ ადამიანების ექსტრადიცია. ასეთ აბსურდამდე მივიდნენ იმიტომ, რომ კოდექსში პირდაპირ არ წერია: გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ ექვემდებარება და ა.შ. ჩვენ მოვითხოვთ ამ მუხლების გაუქმებასაც. ეს მუხლები სრულ გაუგებრობაში ამყოფებს დაცვის მხარეს სასამართლო პროცესის მსვლელობისას კარგა ხნის მანძილზე, რადგან გამოძიებას ისე მარტივად შეუძლია დამალოს საბუთები, რომ ვერასოდეს შეიტყობ მათ არსებობას".

საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის არსებით განხილვას 17 დეკემბერს განაახლებს.
XS
SM
MD
LG