Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეესაბამება თუ არა ნატოს სტანდარტებს ქართული არმია


საქართველომ, ნატოში გაწევრიანების სურვილის გამოთქმის გარდა, ალიანსის რიგებში შესასვლელად ის სტანდარტებიც უნდა დააკმაყოფილოს, რომელიც წევრობის მსურველ სახელმწიფოს მოეთხოვება.

ამ სტანდარტებს შორის ერთ-ერთი მთავარია არმიის ნატოს ჯარებთან თავსებადობა და თავდაცვის სისტემაზე სამოქალაქო კონტროლი. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ბიუჯეტი ნატოს სტანდარტების მქონე არმიის შენახვას?

საქართველოს თავდაცვის სისტემის, უფრო კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების მოცულობა, მინისტრ დავით თევზაძის განცხადებით, მესამე სამყაროს სახელმწიფოს სამხედრო ორკესტრის ფინანსური უზრუნველყოფისთვის თუ არის საკმარისი. სამხედრო ორკესტრის რა მოგახსენოთ, მაგრამ თავდაცვის უწყებამ მწირი სახსრებით საჯარისო შენაერთების გაწვრთნა ისე მოახერხა, რომ ისინი უკვე მონაწილეობენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიათა განხორციელებაში და მაღალ შეფასებასაც იმსახურებენ. თევზაძის განცხადებით, თუ ნატოს სტანდარტში მხოლოდ პარტნიორებთან თანამშრომლობისათვის ფიზიკური მზადყოფნა იგულისხმება, მაშინ საქართველოს მიზანი მიღწეული აქვს.

[დავით თევზაძის ხმა] „უბედურება ის არის, რომ ნატოს სტანდარტში ეს არ იგულისხმება, იმიტომ რომ ნებისმიერი ჯარისკაცი შეიძლება 6 თვეში გაწვრთნა, ოფიცერს ცოტა მეტი დრო სჭირდება, მის გონებრივ უნარებზეც არის დამოკიდებული. ნატოს სტანდარტებში იგულისხმება სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დაცვა, მათი შრომის და ყოფაცხოვრების პირობები. თუ ასეთნაირად მივუდექით ბიუჯეტს, რომ ამან ჭამოს, იმდენი ეცვას, რომ ბოლომდე არ გაცივდეს და იმდენი აიღოს ხელფასი, რომ კაცი არ მოკლას უფულობის გამო, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ნატოს სტანდარტებზე ლაპარაკი ზედმეტია.“[სტილი დაცულია]

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესების თანახმად, მისი წევრი ქვეყნის თავდაცვის სისტემის დაფინანსება თავად ამ ქვეყნის ბიუჯეტის 2%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაანგარიშებით კი, ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფინანსური უზრუნველყოფა სახელმწიფოს საერთო ბიუჯეტის 1,5%-ს სცილდება. თუმცა თავდაცვის სამინისტრო ასეთ გაანგარიშებას არ ეთანხმება.

მთავარი საფინანსო უწყება შეიარაღებულ ძალებში აერთიანებს შინაგან ჯარებსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ქვედანაყოფებს, რომლებიც პოლიციური სტრუქტურებია და თავდაცვის სისტემასთან საერთო არაფერი აქვთ. ხოლო მომავალი წლიდან დაგეგმილი რეფორმის განხორციელების შემდეგ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობაც ასევე პოლიციურ ფუნქციებს შეიძენს და სამხედრო სისტემას თანდათან ჩამოშორდება. რჩება მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო, რომლის ამჟამინდელი დაფინანსება, ან თუნდაც მომავალი წლისთვის განსაზღვრული თანხა, ქვეყნის ბიუჯეტის 1%-საც არ შეადგენს.

თავდაცვის სისტემისადმი ნატოს სტანდარტების მეორე მთავარი მოთხოვნა სამოქალქო კონტროლის მექანიზმის შექმნაა.
თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის თქმით, საქართველოში ბევრს კარგად არ ესმის, რას ნიშნავს სამოქალაქო კონტროლი და ეს მცნება გაიგივებულია იმასთან, რომ თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირი უნდა იყოს. თევზაძის აზრით, არმიაზე სამოქალაქო კონტროლი იმას ნიშნავს, რომ სამხედროები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში არ უნდა მონაწილეობდნენ. ეს, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, კონსტიტუციურ ცვლილებებსაც საჭიროებს. მათი განხორციელების შემთხვევაში კი, უმაღლესი მთავარსარდლის ან პარლამენტის მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას მას მხარს სათანადო დაფინანსება უნდა უმაგრებდეს, რაც ისევ ბიუჯეტის პრობლემებს უკავშირდება. ამ საკითხთანაა გადაჯაჭვული თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებიც. დავით თევზაძის განცხადებით:

[დავით თევზაძის ხმა] „თუ არ შეჩერდა ტემპი რეფორმებისა, 2004 წლის დასაწყისისთვის სტრუქტურა მზად იქნება იმისათვის, რომ აქ მიიღოს პოლიტიკური ფიგურა თავდაცვის მინისტრად.“

როგორც ამ მაგალითებიდან ირკვევა, ნატოს სტანდარტებთან ჰარმონიზაციის ვადებს, მნიშვნელოვანწილად, ქვეყნის ბიუჯეტი, ანუ ეკონომიკური განვითარების დონე, განაპირობებს.
XS
SM
MD
LG