Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშიშროების სამინისტროს სენსაციური საბუთი


დავით პაიჭაძე, თბილისი 22 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ჯუმბერ პატიაშვილმა წაიკითხა ტექსტი, რომლიც აცოცხლებდა საბჭოთა კავშირის დროინდელ რეალიებს: სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს

კონტროლსა და ოპერატიულ მუშაობას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში, ეკლესიასა და საზოგადოებრივ ჯგუფებში. პატიაშვილის გამოსვლა, რომ იტყვიან, მეხის გავარდნას ჰგავდა: მართალია, ტექსტს არ ჰქონდა ხელმოწერა, მაგრამ ის დათარიღებული იყო 2001 წლის დეკემბრით. ამ დროს უშიშროების სამინისტროში ახალი ხელმძღვანელი ვალერი ხაბურძანია მივიდა. ხაბურძანიას პარასკევსვე მოუხდა პარლამენტში მისვლა და დეპუტატებისთვის განმარტების მიცემა. უშიშროების მინისტრმა კომისიის შექმნა მოითხოვა საკითხის გამოსაძიებლად და განაცხადა, რომ პატიაშვილის მიერ წაკითხული ტექსტი წარმოადგენს მხოლოდ მასალას, არავითარ შემთხვევაში - დოკუმენტს და ის შექმნილია გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ტექსტის ავტორობას უშიშროების სამინისტროში არ უარყოფენ.

ჯუმბერ პატიაშვილის გამოსვლა დაუჯერებლად ჟღერდა: კომპარტიის ცეკას ყოფილი მდივანი ამხელდა დღევანდელი უშიშროების სამინისტროს იმ განზრახვებს, რომელთა შესრულება შეადგენდა საბჭოთა უშიშროების კომიტეტის საქმიანობის მთავარ შინაარსს. გამოსვლის მიწურულს პატიაშვილმა დასვა რიტორიკული კითხვა [პატიაშვილის ხმა]: “რამდენად შეესაბამება სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ფუნქციებს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, რელიგიური კონფესიების, ეროვნული უმცირესობის საქმიანობაზე კონტროლის დაწესება? სხვათა შორის, კონტროლს უწესებენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ჩვენს ქვეყანაში”.

წაკითხვის შემდეგ, ცხელ კვალზე, უშიშროების სამინისტროში განმიცხადეს, რომ ეს დოკუმენტი ხაბურძანიას სამინისტროში ხელმძღვანელად მისვლისთანავე მაგიდაზე დაუდეს და მან ის უარყო. არ არის გამორიცხული, ტექსტის გახმაურებით დაინტერესებული იყოს უშიშროების სამინისტროს ის ნაწილი, ვისაც ხაბურძანიას დისკრედიტირება და მოცილება სურს. ცოტა ხანში უშიშროების მინისტრი თავად მივიდა პარლამენტში და განაცხადა, რომ მან თავის დროზე თანამდებობებიდან გაათავისუფლა უშიშროების ის ოფიცრები, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ამ ტექსტის შექმნასთან. რამდენჯერმე ხაზგასმით ითქვა, რომ ტექსტი არ წარმოადგენს დოკუმენტს, ეს არის მასალა, იყო პროექტი, რომელიც არ იქცა სამინისტროს სამოქმედო გეგმად. მაგრამ განა მთავარი ის არ არის, რომ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დაწესებულება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი უშუალოდ კურირებს, ამგვარ გეგმას ამუშავებდა?! თუმცა რა გასაკვირია ასეთი პოლიტიკა პრეზიდენტ შევარდნაძის მკვეთრად ნოსტალგიურ განწყობილებათა ფონზე? [შევარდნაძის ხმა]: “იყო დასანგრევი ის, რაც საბჭოთა ხელისუფლების დროს ხალხისათვის იყო სასარგებლო? მე მიმაჩნია, ჩვენ რომ ის სისტემა შეგვენარჩუნებინა, თავისი პოტენციალით, საწარმოო ძალებით, სპეციალისტებითა და ა.შ., დღეს, ალბათ, სულ სხვა საუბარი იქნებოდა. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ გამოვასწოროთ ეს შეცდომები და როგორ გადავჭრათ ის პრობლემები, ახლა ჩვენ წინაშე რომ დგას”.
XS
SM
MD
LG