Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამიტის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები პრაღაში


რამდენიმე საათიც და პრაღის სამიტის ორგანიზატორებს შეუძლიათ, შვებით ამოისუნთქონ: “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” შეხვედრამ ამჯერად საკმაოდ მშვიდობიანად ჩაიარა! მართალია,

საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა, მაგრამ მათი რიცხვი, ან მასშტაბები უმნიშვნელოდ შეიძლება ჩაითვალოს. ეს გასაკვირი არ არის –პრაღას ორი წლის წინ მსოფლიოს საფინანსო ინსტიტუტების შეხვედრის მასპინძლობისას ისეთი საპროტესტო ქარიშხალი დაატყდა, რომ ნატოს სამიტისთვის განსაკუთრებით გულდასმით მოემზადნენ: საზღვარზე გამკაცრებული კონტროლი მგზავრებს საათობით აყოვნებდა, რამაც ბევრს დაუკარგა ჩეხეთის რესპუბლიკაში შემოღწევის სურვილი, ან იმედი; თვით პრაღაში გადაიკეტა რამდენიმე კვარტალი, სადაც არათუ მანქანით, ფეხით გადაადგილებაც კი აიკრძალა; პოლიციელები განთავსდნენ ყველა მსხვილ გზაჯვარედინზე, ბანკებთან; გაძლიერდა საელჩოების დაცვა. ასე რომ, როგორც ოთხშაბათს გაირკვა, პოლიციელები და უშიშროების მუშაკები რიცხობრივად დაახლოებით ათჯერ აღემატებოდნენ ნატოს სამიტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რომელთაც ყველაზე ხშირად ანარქისტებად და კომუნისტებად მოიხსენიებენ. მაინც ვინ არიან ეს ადამიანები? რა არის მათი პოზიცია?

[ხმა: დემონსტრანტების შეძახილები]
“თუ ერაყს თავს დაესხმებით – ჩვენ წინააღმდეგობას გაგიწევთო”, – ოთხშაბათს, ანუ ნატოს სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ეს შეძახილი გაისმოდა პრაღის ცენტრში, სახელგანთქმულ “ძველ მოედანზე”, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. ამ დემონსტრაციაში 300-მდე იტალიელი კომუნისტი მონაწილეობდა, საღამო ხანს კი კომუნისტები და ანარქისტები პრაღის ერთ-ერთ უმშვენიერეს ნაგებობასთან, “წარმომადგენელთა სახლთან” შეიკრიბნენ – იქ, სადაც ნატოს სამიტის მონაწილეები საზეიმო ვახშამზე იყვნენ მიწვეული... [ხმა: დემონსტრანტების ხმაური]

საპროტესტო გამოსვლა ხმაურიანი, მაგრამ მშვიდობიანი გამოდგა. ჩეხი თუ უცხოელი დემონსტრანტების თვალში ნატო არის კაპიტალისტთა ორგანიზაცია, რომელიც მდიდარი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის ინტერესებს იცავს. ორგანიზაციები “ანტინატო”, “ანტიფაშისტური აქცია”, “ატაკი”, “ტუტე ბიანკი”, კომუნისტური პარტია ირწმუნებიან, რომ ნატო მოძალადეა, რომ მის ოპერაციებს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება. რაც შეეხება ნატოს ალტერნატივას, კომუნისტები, ბუნებრივია, ვარშავის ხელშეკრულებისადმი ნოსტალგიით არიან შეპყრობილი, მაშინ როცა ანარქისტები ყოველგვარი სამხედრო ალიანსის წინააღმდეგ გამოდიან. აი, რას ამბობს პრაღაში სლოვენიიდან ჩამოსული ახალგაზრდა, ერიკი, რომელსაც ჩვენი თანამშრომელი, რონ სინოვიცი გამოელაპარაკა: [ერიკის ხმა] “მე ანარქისტი ვარ. აქ ძალადობისათვის არ ჩამოვსულვარ. ვარ აქტივისტი, რომელიც შეწუხებულია მსოფლიოში დღეს შექნილი სიტუაციით. არ შემიძლია, გულზე ხელები დავიკრიფო, არაფერი მოვიმოქმედო იმის წინააღმდეგ, რაც ხდება. ამიტომ ჩამოვედი, მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად. მაგრამ თუ საჭირო გახდება, თავს დავიცავთ. ჩვენთვის ცნობილია პოლიციის მხარზე პროვოკატორთა შესახებ”.

მაგრამ საქმე პროვოკაციებამდე, როგორც ჩანს, არ მისულა – ხუთშაბათს, როცა ამ დღეებში უდიდესი, თითქმის 1000-კაციანი დემონსტრაცია გაიმართა, ძალადობის ერთი აქტიც არ აღრიცხულა. კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციას არ გასჭირვებია ნატოს სამიტის ადგილსამყოფელის – კონგრესის ცენტრის დაცვა. ასე რომ, დადასტურდა ნატოს პრეს-მდივნის, ივ ბროდიოს მიერ პრაღაში სამიტის დაწყებამდე გამოთქმული ვარაუდი: [ივ ბროდიოს ხმა] “ამ ორგანიზაციამ შეძლო მსოფლიოს მრავალ რეგიონში უშიშროების უზრუნველყოფა და მშვიდობის დაცვა 50 წლის მანძილზე. ლიდერები იკრიბებიან, რათა იზრუნონ იმაზე, რომ მომავალშიც შეძლონ, თავი გაართვან ამ ამოცანას. ასე რომ, ვფიქრობ, სამიტზე სასხირულო მეტია, ვიდრე სამწუხარო”.

ანარქისტები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალადობის აქტები არ განუხორციელებიათ, ნატოს პრეს-მდივნის ამ მოსაზრებას აშკარად არ იზიარებენ... [დემონსტრანტების ხმა:”ანტი-ნატო, ანტი-ნატო, ანტი-ნატო]
XS
SM
MD
LG