Accessibility links

logo-print

რატომ მიისწრაფვიან ქართველები ნატოში


ნატო, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ევროატლანტიკური სტრუქტურა, გაცილებით ადრე დამკვიდრდა ქართული საზოგადოების ცნობიერებაში, ვიდრე დღეისათვის უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი

ევროპული და ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციები. პირველი მოწოდებები საქართველოს ნატოსთან ასოცირების შესახებ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე გაჩნდა. სულ რაღაც ათიოდე წლისთავზე კი მაშინ გულუბრყვილო ჟღერადობის მქონე ეს მოწოდებები ძალიან დაუახლოვდა რეალობას. პრაღის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილის გამომხატველი ოფიციალური განცხადებით ედუარდ შევარდნაძემ სრულიად საქართველოს ერთსულოვანი ნება გამოხატა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ქვეყნის პრეზიდენტს ოპონენტი არ ჰყავს.


რას მოუტანს ნატოში გაწევრიანება ქვეყანას და რამდენად გაიზრდება მისი დაცულობისა და სუვერენულობის ხარისხი? კითხვა პრაგმატულია და დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არსებობს.
[ მოქალაქის ხმა]-“მშვიდობას მოგვიტანს, ბოდიში ამ სიტყვაზე, ისე ხელწამოსაკრავები აღარ ვიქნებით, რომ ყველამ თავში ჩაგვარტყას და დადებითი ემოციები იქნება უფრო ხალხის მიერ.”
[მოქალაქის ხმა]-“რა თქმა უნდა, სტაბილურობისა და განვითარების ერთ-ერთი საწინდარია, საწყისია. მე ასე ვხედავ ამას.”
[მოქალაქის ხმა]-“ნატოში გაწევრიანება? წესრიგს-მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს რუსეთის არასწორ მიმართულებაზე. მე ასე მგონია.”

თბილისის ქუჩებში ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანები ჩრდილოატლანტიკურ ალაინსში საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების უეჭველ გარანტს ხედავენ. სწორედ ამიტომ მათთვის მიუღებელია ის სკეპტიციზმი, რომელიც ნატოს სტანდარტების ქართულ სინამდვილესთან შესაბამისობისა და ამ სტანდარტების შესასრულებლად ქვეყნის ეკონომიკური უძლურების გამო ჩნდება.
[მოქალაქის ხმა]-“მოდი, ვთქვათ გულახდილად. ედუარდ შევარდნაძე თამაშობს იმ ჭადრაკს, რომლის სვლებიც კარგად იცის. ისე ის არ გადადგამდა ამ ნაბიჯს.”

საკითხი სხვავარადაც შეიძლება დაისვას-პრეზიდენტი შევარდნაძე თავის გადაწყვეტილებაში მარტო არ ყოფილა. ნატოს სამიტზე მან ერთდროულად გაახმოვანა, როგორც საქართველოს პარლამენტის საგანგებო დადგენილება, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ერთობლივი მოთხოვნა ისტორიული შანსის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. ერთსულოვნება კი მოგეხსენებათ საქართველოში მხოლოდ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენების შემთხვევაში ახასიათებთ.
XS
SM
MD
LG