Accessibility links

logo-print

462-ე გამოშვება.


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 462-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი: ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 462-ე გამოშვებას, რომელიც ძირითადად ნატოს პრაღის სამიტს ეძღვნება. ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ შემოგთავაზებთ ინტერვიუს პარლამენტის წევრ მიხეილ ნანეიშვილთან და შემდეგ ვესაუბრებით ნატოს სამიტთან ერთად პრაღაში გამართული სტუდენტთა ატლანტიკური სამიტის ქართველ მონაწილეებს, გარდა ამისა შემოგთავაზებთ მასალას სამოქალაქო სექტორის პასუხისმგებლობაზე საზოგადოების წინაშე.
პრაღაში გადაცემას ბიძინა რამიშვილი უძღვება.


ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები

ბიძინა რამიშვილი:
ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზე, იმაზე, თუ რა ამოცანები უნდა გადაიჭრას და რა სიძნელეები უნდა გადაილახოს ამ მიზნის მისაღწევად, საუბრობს საქართველოს პარლამენტის წევრი, ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის თავმჯდომარე, მიხეილ ნანეიშვილი. ინტერვიუს რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში მას თამარ ჩიქოვანი და გიორგი კაკაბაძე უძღვებიან.

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ინტერვიუ პარლამენტის წევრ მიხეილ ნანეიშვილთან. მას თამარ ჩიქოვანი და გიორგი კაკაბაძე ესაუბრებოდნენ რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში.


სამოქალაქო სექტორის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე - რა არის მთავარი: პოლიტიკური მიზანშეწონილობა, კანონის უზენაესობა თუ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები?

ბიძინა რამიშვილი:
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო დროს განვითარებული პროცესები თუ მომხდარი ფაქტები აღძრავენ რამდენიმე კითხვას, რომელთაც ჯერ პასუხი არ გასცემიათ. ვგულისხმობთ არა მხოლოდ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას საქართველოს პარლამენტში, არამედ ქმედებებს, რომლებიც პოლიტიკოსებმა ძალისა და ძალადობის გამოყენებით განახორციელეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თბილისის მერიასთან, საკრებულოში თუ კიდევ სხვაგან. საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტების რაღაც ერთიანი შეფასების მოლოდინი ფუჭი საქმეა, მაგრამ ასეთი შეფასება შეიძლება გააკეთოს სხვადასხვა საზოგადოებრივმა გაერთიანებამ, რომელიც საქართველოს მესამე სექტორის თუნდაც ნაწილის სახელით ილაპარაკებს. პოლიტიკური კლასის ქმედებათა აღწერისა და შეფასების დროს სამოქალაქო საზოგადოების წევრები შეიძლება აღმოჩნდნენ ზოგიერთი ისეთი კითხვის წინაშე, რომლის ცხად პასუსხაც არა მხოლოდ თვითონ საჭიროებენ, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილიც მოელის. ამ კითხვებს თავის სიუჟეტში დავით პაიჭაძე ჩამოაყალიბებს.

დავით პაიჭაძე:
პრობლემური და ჯერჯერობით უპასუხო საკითხები მართლაც დაგროვდა და ისინი მეტწილად უკავშირდება 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ და შედეგად განვითარებულ მოვლენებს; ვგულისხმობთ დაძაბულობას, რომელიც მოიტანა გაჭიანურებამ არჩევნების რეზულტატის დადგენისას და პოლიტიკურ პარტიათა ექსტრაორდინალურ სვლებს, მიმართულთ ამ დაძაბულობის თითქოს მოსახსნელად. თბილისის საოლქო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა განვლილი 6 თვის მანძილზე მრავალი გადაწყვეტილება გამოიტანეს ე.წ. საარჩევნო საქმეებზე, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება თავიანთი ქმედებით გადაწონეს ლეიბორისტებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერილი და პრესაში გამოქვეყნებული დადგენილების შემდეგ მერიის შენობაში შევიდნენ და საკრებულო აამოქმედეს. ერთი მხრივ, დაირღვა კანონის უზენაესობის პრინციპი: საკრებულოში ახლა მსხდომი ხალხი არ დაელოდა უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს და არ შეუწონა მას თავისი ქმედება. მეორე მხრივ, გაუთავებელი სასამართლო პროცესებით, შეიძლება ითქვას, გაუმართლებლად დაყოვნდა ხალხის ნებით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს ამოქმედება. დაყოვნება კი აღმოიფხვრა მეთოდებით, რომელთაც კანონთან ცოტა რამ ჰქონდათ საერთო. სამოქალაქო საზოგადოებას ჯერ ვერ გაურკვევია, განაცხადოს თავისი ერთგულების შესახებ კანონის უზენაესობის, როგორც უზენაესი ღირებულებისადმი და ამით გაემიჯნოს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, თუ პირიქით, არ ჩათვალოს კანონის უზენაესობა აღუმატებელ ღირებულებად (მით უმეტეს, ასეთად მას არც ხელისუფლება განიხილავს) და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მოტივით, მხარი დაუჭიროს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას? მართლაც, როცა ხედავ, რომ პარლამენტისა და მთავრობის წევრები კანონს რეგულარულად არღვევენ მხოლოდ პოლიტიკური გათვლებიდან გამომდინარე და მიიჩნევ, რომ სასამართლო, სისუსტის გამო, გადაწყვეტილების გამოტანისას ითვალისწინებს პოლიტიკურ კონიუნქტურას, ძნელია, უერთგულო კანონის უზენაესობას, ვითარცა ღირებულებას. ამავე დროს, შენ ხედავ არჩევნებში გამარჯვებული ჯგუფის ქმედებას და მისი ქცევის წესს ამსგავსებ 1990 წლის არჩევნებამდე ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ჯგუფის აქტივობას. ეს მსგავსება, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში ანალოგიის წესი ყოველთვის არ მუშაობს, შემაშფოთებელია. საქმე ეხება არა, ვთქვათ, სააკაშვილის მხარდაჭერას ან დაგმობას, არამედ უფრო მასშტაბურ საკითხს: რა ვქნათ, როცა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მორალურად გვაიძულებს, არ დავემორჩილოთ არც მას და არც კანონს.

პრობლემის კომენტარი ვთხოვე ფილოსოფიის დოქტორს, გიგი თევზაძეს, რომელიც თავს სამოქალაქო საზოგადოებას აკუთვნებს და არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი არ არის [თევზაძის ხმა]: "ეს არის დემოკრატიულ სისტემასა და ლიბერალურ ღირებულებებს შორის კამათი. ძალიან ძველი კამათია, ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის პერიოდიდან. სხვათა შორის, აქ ეს კამათი უფრო პოლიტიკურ პროცესებში გაუთვითცნობიერებლობას უფრო მიუთითებს, ვიდრე ამ კამათის რეალურ საფუძველს. ეს კამათი არის მუდმივი, ანუ რა გავწიროთ ჩვენ: გავწიროთ ლიბერალური ღირებულება, რომელიც აშკარად ირღვევა დემოკრატიის სახელით, თუ გავწიროთ დემოკრატია ლიბერალური ღირებულებების გამო, როცა აშკარაა, რომ არ შეიძლება ლიბერალური ღირებულებების დაცვა დემოკრატიული პრინციპების დაურღვევლად. საქართველოში ჯერ კიდევ არ დგას ეს საკითხი მწვავედ, საქართველოში ჯერ კიდევ იციან, რომ, რა თქმა უნდა, ლიბერალური ღირებულებები უნდა იყოს პირველ ადგილზე, ხოლო ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი, რომელიც წავა ამ ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ, უნდა დადგეს მეორე ადგილზე".

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ინტერვიუ სტუდენტთა ატლანტიკური სამიტის ქართველ მონაწილეებთან

ბიძინა რამიშვილი:
მეათე სტუდიისა და, მასთან ერთად, დღევანდელი გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ნატოს სამიტს- ამ თემაზე ბოლო დღეებში უკვე მრავალი სიუჟეტი შემოგთავაზებთ, მაგრამ არც ერთში არ შევხებივართ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ნატოს მიმართ ახალგაზრდები, კერძოდ, სტუდენტები გამოთქვამენ. არადა, ნატოს ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტუდენტების პოზიციას, რაც იმ ფაქტით დასტურდება, რომ სამიტთან დაკავშირებით პრაღაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, დაახლოებით, 300-მდე სტუდენტი მოიწვიეს. სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს, ამ ახალგაზრდებს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ, ხოლო ხუთშაბათს სტუდენტები ჩვენს რადიოს ესტუმრნენ, სადაც რამდენიმე ქვეყნის ლიდერების მოხსენებები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მოისმინეს. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ამ გამოსვლას მოჰყვა, ქართველმა სტუდენტმა, შორენა ლორთქიფანიძემ დასვა:

[შორენა ლორთქიფანიძის და ედუარდ შევარდნაძის ხმა]

იმავე დღეს, ხუთშაბათს, ჩემს კოლეგას, მარიამ ჭიაურელს მიეცა შესაძლებლობა, ესაუბრა შორენა ლორთქიფანიძესთან და ნატოს სამიტზე მიწვეულ კიდევ სამ ქართველ სტუდენტთან - ესენი არიან ნანა წერეთელი, ლევან დოლიძე და ირაკლი ელაშვილი. გთავაზობთ მათი საუბრის ჩანაწერს.

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
ქართველ სტუდენტებს - შორენა ლორთქიფანიძეს, ნანა წერეთელს, ლევან დოლიძესა და ირაკლი ელოშვილს, რომლებიც ნატოს სამიტზე მიწვეულ ახალგაზრდებს შორის არიან და ხუთშაბათს ჩვენს რადიოს ესტუმრნენ, მარიამ ჭიაურელი ესაუბრებოდა.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. მომავალ პარასკევამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG