Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა ცნობას იმის შესახებ, რომ 21ნოემბერს, ნატოს სამიტზე, პრაღაში,

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის შვიდმა ყოფილმა კომუნისტურმა ქვეყანამ - ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და სლოვენიამ -ჩრდილოატლანტიკურ კავშირში გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა მიიღო. ეს 7 ახალი წევრი 2004 წლის მაისში შეუერთდება ნატოს მას შემდეგ, რაც მათი, აგრეთვე ნატოს 19 წევრი-ქვეყნის პარლამენტები, ალიანსის გაფართოების თაობაზე დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციას მოახდენენ.

უკეთებს რა კომენტარს ნატოს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ბრიტანეთის გაზეთი "ტაიმსი" იმ ძირეულ ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას, განვლილი 12 წლის მანძილზე რომ მოხდა აღოსავლეთი ევროპის ქვეყნებში. გაზეთი წერს:

"უმაღლესი დონის ორდღიან შეხვედრას პრაღაში, შემობრუნების წერტილად მიიჩნევენ მიმომხილველები და არც თუ უსაფუძვლოდ იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც სტალინური კომუნიზმისაგან დასავლური დემოკრატიის დასაცავად შეიქმნა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, ნატომ უკან ჩამოიტოვა ცივი ომი, და ტერორიზმთან ბრძოლა და ამჟამინდელი რეალური პრობლემების მოგვარება დაისახა მიზნად. თუმცა, ყველა ამ ცვლილებათა ფონზე შეუმჩნეველი რჩებათ განვლილი ათწლეულის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი წარმატება: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთმანეთს მოწყვეტილი, ევროპის ორი ნაწილის რეინტეგრაცია. როცა ბერლინის კედელი დაინგრა, ცხარე კამათი დაიწყო იმის თაობაზე, სურთ კია აღმოსავლეთ ევროპელებს, საერთოდ, დასავლეთთან შერწყმა, და რამდენად შესწევთ ამის უნარი. აღმოსავლეთი ევროპის ზოგიერთი ქვეყნები, მაგალითად ალბანეთი და რუმინეთი ძალზედ ღარიბები აღმოჩდნენ საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად. სხვები, ჩეხეთი და იუგოსლავია - დაიშალნენ. დაიწყო მიძინებული ნაციონალიზმის აღზევება. ამიტომაც მოვიდა ასეთი ენთუზიაზმით აღმოსავლეთი ევროპა ნატოში."

"ნატოს წარმატება" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში". სტატიაში ვკითხულობთ:

"1989 წლის სისხლიანი რევოლუციის შემდეგ ნაკლებად თუ მოელოდა ვინმე რუმინეთის სწრაფ გარდაქმნას ქმედით დემოკრატიად; არასახარბიელო მდგომარეობა იყო მეზობელ ბულგარეთშიც. 90-იანი წლების დასაწყისში, ბალტიისპირელთა მთავარი საზრუნავი, ფიზიკური გადარჩენა იყო. დღეს ამ ქვეყნებმა, სლოვენიასა და სლოვაკეთთან ერთად, ნატოში გაწევრიანების ოფიციალური წინადადება მიიღეს. შვიდივე ამ სახელმწიფოში დემოკრატიული სტრუქტურები ფუნქციონირებს, დღითიდღე მატულობს ცხოვრების დონე და დაცულია ადამიანის უფლებები. არის ზეიმის საფუძველი. ნატო ქებას იმსახურებს ორი მიღწევისთვის, წარსულში - საბჭოთა მუქარის უვნებელყოფის, ხოლო დღეს - თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის კონსოლიდაციისთვის".

როგორც საფრანგეთის გაზეთი "მონდი" აღნიშნავს, ალიანსი, 1949 წელს რომ შეიქმნა კომუნისტური მუქარისაგან დასავლეთ ევროპის დასაცავად, ამჯერად რუსეთის საზღვარს მიუახლოვდება. ხოლო ის ფაქტი, რომ ბალტიის ქვეყნებმა: ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ნატოში გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა მიიღეს მოსკოვის მხრიდან მძაფრი პროტესტის გარეშე, ძნელი წარმოსადგენი იყო ამ რამდენიმე წლის წინათ. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ხოლო ამჯერად, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სანკტ-პეტერბურგში მოინახულა ძველი მეგობარი ვლადიმირ პუტინი, ბატონ ბუშს კიდევ ერთხელ შეუძლია განაცხადოს, რომ ცივი ომი ნამდვილად დამთავრდა. თუმცა ერთობ პარადოქსულად გამოიყურება ევროპის გაერთიანება ნატოს ეგიდით. როცა ნატოს ახალმა წევრებმა ათი წლის წინათ გააკეთეს გაწევრიანების განაცხადი, მათ სურდათ იმის გარანტია, რომ დაცული იქნებიან აღმოსავლეთიდან წამოსული ნებისმიერი მუქარისაგან. მაგრამ დღეს ეს ქვეყნები უერთდებიან, შეიძლება ითქვას, "სახანძრო რაზმს", რომელსაც ევროპასა და შესაძლოა მის საზღვრებს გარეთ მომხდარი ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება დაევალება. და თუ აღმოსავლეთიდან თავდასხმის საფრთხე აღარ არსებობს, უშიშროებას, ევროპის კონტინენტზე, საერთაშორისო ტერორიზმი და ტერორისტული ორგანიზაციების დამხმარე ისეთი ქვეყნები უქმნიან, როგორიც სადამ ჰუსეინის ერაყია."

ნატოს სამიტზე 21 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება - კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იალტის მემკვიდრეობისაგან თავის დასაღწევად, და იმავდროულად ევროკავშირის სამხედრო გეგმების გამოწვევაცაა - წერს ბრიტანეთის გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" და სარედაქციო სტატიაში დასძენს:

"უმაღლესი დონის ორდღიან შეხვედრაზე, პრაღაში, ნატოს ლიდერებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ის წინადადებას 21-ათასკაციანი სწრაფი რეაგირების სამხედრო შენაერთის შექმნის შესახებ, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შესძლებს საბრძოლო ოპერაციების განხორციელებას. ესაა აშკარა მცდელობა ვაშინგტონისა, დაასწროს ევროკავშირს, რომელსაც 60 -ათასკაციანი ანალოგიური სამხედრო შენაერთის შექმნა აქვს განზრახული. გაფართოებულ ნატოში ყოფილი ვარშავის პაქტის ყველა სახელმწიფო იქნება ჩართული რუსეთის გარდა. ნატოს მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შესძლებენ ევროპის ქვეყნები თავიანთი სამხედრო პოტენციალის ამაღლებას - აშშ თავდაცვაზე ხარჯავს ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე ნატოს ყველა ევროპელი წევრი ერთად აღებული."

დღევანდელი მიმომხილვის დასკვნითი ნაწილი კავკასიის რეგიონს - მეზობელ ჩეჩნეთში მიმდინარე კონფლიქტს ეძღვნება. "რუსეთის ძველი, მახინჯი სახე" - ასეა დასათაურებული გერმანიის გაზეთ "ველტში" ჩეჩნეთის ომისადმი მიძღვნილი სტატია. გაზეთი წერს:

"რომ არ ყოფილიყო ჩეჩნეთი, იგი, უნდა მოეგონებინათ" - შენიშნა ამ დღეებში ერთ-ერთმა რუსმა პოლიტოლოგმა. მას მხედველობაში ჰქონდა სულ უფრო გახშირებული რეციდივები უკვე მივიწყებული წარსულისა. ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლის მომიზეზებით ნაჩქარევად ხდება მოქალაქეობრივ თავისუფლებათა დემონტაჟი და საზოგადოებრივი აზრის ნეიტრალიზება. ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელ სამოქალაქო საზოგადოებას, არსებითად, კრემლის მოხელეები მართავენ. შესწორებებს პრესის კანონში, რაც ფაქტობრივად ცენზურის შემოღების ტოლფასია, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთის პარლამენტი - კრემლის მიერ მართვადი მექანიზმია უფრო, ვიდრე დამოუკიდებელი საკანონმდებლო ორგანო. ისევე, როგორც ეს ატომური წყალქვეშა ნავის, "კურსკის" ავარიის შემდეგ მოხდა, რუსი ხალხის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა არც ამჯერად მოინდომეს მოსკოვის თეატრში მძევალთა დატყვევების გარემოებათა გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნა. თავად პუტინი, გაღიზიანებული იმით, რომ ვერ შეასრულა დაპირება ჩეჩნეთის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, სულ უფრო მეტ შეუწყნარებლობას იჩენს მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკისადმი. ის, რაც ოქტომბრის დამლევს მოხდა მოსკოვში, ნაკლებადაა იმედის მომცემი. ძლიერი სახელმწიფოს იდეა კვლავაც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე უდანაშაულო მოქალაქეთა სიცოცხლე. იერიშის ალტერნატიული ვარიანტები არც კი განუხილავთ. თეატრის აღებას, 128 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის ფასად, რუსეთის ხელმძღვანელობა გამარჯვებად მიიჩნევს. ამავე აზრისაა რუსეთში მოსახლეობის დიდი ნაწილიც. მათთვის ადამიანის სიცოცხლე, თუ საქმე მათს ნათესავებს არ ეხება, კვლავაც ნაკლებად ფასობს, ვიდრე ევროპის სხვა ნაწილებში."

შვეიცარიის გაზეთი "ლე ტამი" ენით აუწერელ კოშმარს უწოდებს ცხოვრების იმ პირობებს, მოსკოველ ჩეჩნებს რომ უხდებათ თეატრალურ ცენტრში, დუბროვკაში, მძევალთა აყვანასთან დაკავშირებული ტრაგედიის შემდეგ. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"დღეს უკვე, თითქმის აღარავინ იცავს რუსეთში ჩეჩნებს, რომლებსაც აღარ შეუძლიათ ასეთ პირობებში ცხოვრება. ზოგიერთი მათგანი იქამდეა მისული, ყაზახეთში ფიქრობს გაქცევას, სადაც თავის დროზე სტალინმა გადაასახლა ჩეჩნები. მაგალითად, 10 წლის ჩეჩენი გოგონა ისიტა, მოსკოვში ცხოვრობს. გასულ კვირაში, როცა იგი დილით სკოლაში მივიდა, მასწავლებელმა მოულოდნელად ჯგუფი გააფრთხილა: "თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ისიტა - ჩეჩენიაო". 20 წლის აჰმედ ჰაიაური ჩეჩნეთიდან, სწორედ მძევლების დატყვევების დღეს, 23 ოქტომბერს ჩავიდა მოსკოვში, და არა სახლების დასანაღმად, არამედ სოციოლოგიურ უნივერსიტეტში სასწავლებლად. 26 ოქტომბერს, მძევლების გათავისუფლების დღეს, აჰმედი ქუჩაში დააპატიმრეს და ბუტირკის ციხეში ჩასვეს, თითქოს იმისთვის, რომ ჯიბეებში აღმოაჩნდა ჰეროინი, რომელიც, ახალგაზრდა ჩეჩნის მტკიცებით, მილიციელებმა ჩაუდეს. აელიტა შიდაევა მიმტანად მუშაობდა კაფეში. 30 ოქტომბერს, იქ, მილიციელმა ივახშმა. მიაქცია რა აელიტას ყურადღება, იგი ვახშმობიდან 15 წუთის შემდეგ თავის კოლეგებთან ერთად დაბრუნდა კაფეში და აელიტა დააკავა. ჩეჩენ ქალს აიძულებდნენ მძევალთა აყვანაში თანამონაწილეობა ეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნარკოტიკებით, ანდა იარაღით ვაჭრობის ბრალდებით დაემუქრნენ. აელიტა შიდაევამ დაკარგა სამუშაო და მხოლოდ რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ჩარევის შემდეგ იქნა გათავისუფლებული. "ჩეჩნებისთვის, რუსეთში, უკვე აღარაა ადგილი" - შენიშნავს უფლებადამცველი ორგანიზაციის "მემორიალის" თანამშრომელი სვეტლანა განუშკინა."

"ბუშის საჩუქარი პუტინისთვის" - ასეა დასათაურებული მაშა ლიპმანის კომენტარი გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში". მოსკოვის თეატრში მძევალთა აყვანა პრეზიდენტმა ბუშმა შეერთებულ შტატებში გასული წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას დაუკავშირა, და ამაზე კარგ საჩუქარს ნამდვილად ვერ ჩაუტანდა თავის ახლო მეგობარს ვლადიმირს სანკტ-პეტერბურგში შეერთებული შტატების პრეზიდენტი - აღნიშნავს ამერიკელი ჟურნალისტი და განაგრძობს:

"პრეზიდენტ პუტინი არ სცნობს, რაღა თქმა უნდა, რაიმე კავშირს ტერორისტთა თავდასხმებსა და იმ ბარბაროსულ სისხლიან ომს შორის, სამი წლის მანძილზე რომ აწარმოებს რუსეთის ჯარი ჩეჩნეთში. ისინი, ვინც 800-ზე მეტი ადამიანი აიყვანა მძევლად - მიუტევებელი დამნაშავეებია. და მაინც, იმის თქმა, რომ ახალგაზრდა ჩეჩნები, რომლებმაც მძევლები დაატყვევეს, ისეთივე მკვლელები არიან, როგორიც ისლამისტი ტერორისტები, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში რომ განახორციელეს თავდასხმა, როგორც ეს ჯორჯ ბუშმა ბრძანა, იმას ნიშნავს, პუტინს დაეხმარო - მოიხსნას ჩეჩნეთში მიმდინარე ომისთვის პირადი პასუხისმგებლობა. "რაც უფრო მეტად გიყვართ თავისუფლება, მით უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ თქვენზე მოხდება თავდასხმა" -განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა. მაგრამ ჩეჩენმა ექსტრემისტებმა იმიტომ კი არ დაატყვევეს მძევლები, რომ რუსეთს თავისუფლება უყვარს. 23 ოქტომბერს მომხდარი მიუტევებელი დანაშაული უშუალოდაა დაკავშირებული იმ ენით აუწერედ ბარბაროსობასთან, ფედერალური ჯარი რომ სჩადის ჩეჩნის ხალხის წინააღმდეგ. თავისი გაბედული განცხადებებით, ბატონ ბუშს, როგორც ჩანს, ერაყთან მოსალოდნელ ომში რუსეთის პრეზიდენტის მიმხრობა სურდა უფრო, და არა პუტინის დაცვა. ჩეჩნეთი, არაა რაღა თქმა უნდა ისე მნიშვნელოვანი, როგორც ერაყი, ზუსტად ისევე, როგორც 1995-96-ტ წლებში კლინტონის ადმინისტრაციისთვის კავკასიის ეს პატარა რესპუბლიკა არ იყო ისე მნიშვნელოვანი, როგორც ნატოს გაფართოება. ამიტომაც იყო, რომ შეერთებულ შტატებს სერიოზულად არ გაუპროტესტებია ბორის ელცინის მიერ პირველი ომის დაწყება ჩეჩნეთში".
XS
SM
MD
LG