Accessibility links

logo-print

გამოადგება თუ არა საქართველოს ეუთოს მიერ შემოთავაზებული ''ჩუმი დიპლომატია'' ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლესი კომისარი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში როლფ იკეუსი თავის წინამორბედ მაქს ვან დერ სტულის მიდგომას იზიარებს

და ეთნიკური კონფლიქტების თავიდან აცილებისთვის მიზანშეწონილად მიიჩნევს "ჩუმი დიპლომატიის" გამოყენებას. ამ კვირაში, საქართველოში ვიზიტისას, როლფ იკეუსისთვის უმთავრეს საკითხს საქართველოში ე.წ. "თურქი მესხების" დაბრუნების დაჩქარება წარმოადგენდა. საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ეს შეუძლებელი იქნება. ეუთოს ემისარი არანაკლები ენთუზიაზმით განიხილავდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფის საკითხსაც.



ამ კვირაში ევროორგანიზაციის უმაღლესი კომისარი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში როლფ იკეუსი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მესხების საქართველოში სწრაფად დაბრუნების აქტუალობაზე მიანიშნებდა, რაზეც სახელმწიფო მინისტრმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც მას განუცხადეს, რომ ოსეთისა და აფხაზეთის პრობლემების მოგვარებამდე, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, მესხეთიდან დეპორტირებულთა საკითხის მოგვარება შეუძლებელია. ჩემთან საუბრისას როლფ იკეუსმა განაცხადა:

[იკეუსის ხმა]
"მე მაინც მიმაჩნია, რომ ამ საკითხში ჩაღრმავება ახლა საჭიროა, რადგან მოუწესრიგებელი სიტუაციაა რუსეთში; ბევრია, აგრეთვე, გასაკეთებელი საქართველოში, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს არის საკითხი, რომელიც ეუთოსა და ევროსაბჭოს მუდმივი ყურადღების ქვეშ არის. პირადად მე მას რეგულარულად ვადევნებ თვალს. მე არ ვარ ჯერ მზად, რომ გამოვხატო რაიმე გარკვეული პოლიტიკური პოზიცია, რადგან ჩვენ ეს საკითხი მომავალში თავად მესხებთან ერთადაც უნდა განვიხილოთ".

მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელსაც როლფ იკეუსი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავდა, საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, სწავლების უზრუნველყოფა იყო. ეუთოს უმაღლეს კომისარს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ენის სწავლების უზრუნველყოფა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონთა მოსახლეობის ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. საქართველოში ყველა ეთნიკურ უმცირესობას აქვს უფლება და საშუალება ისწავლოს მშობლიურ ენაზე, თუმცა ვერ ხერხდება ხორცშესხმა მათი მეორე კონსტიტუციური უფლებისა - იცოდნენ სახელმწიფო ენა, რაც, ისევ და ისევ, ქვეყნის ცხოვრებაში მათ სრულფასოვან მონაწილეობას უზრუნველყოფდა. განათლების მინისტრი ალექსანდრე კარტოზია ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის. პირველი მიზეზი მან ასე ჩამოაყალიბა:

[კარტოზიას ხმა]
"ამისათვის საჭირო არის სახსრები. ამისათვის საჭიროა, ჯერ ერთი - მაღალი კვალიფიკაცია მასწავლებლებისა, რომლებიც ასწავლიან ქართულ ენას და, მეორე მხრივ, საჭიროა მათი მოტივაცია, მათი ფინანსური მოტივაცია, პირველ ყოვლისა, ასევე მორალური - არამატერიალური მოტივაციაც".

მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობას ეკონომიკური გაჭირვების გამო ვერავინ აიძულებს შეიძინოს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოები. მათი უფასოდ დარიგებისთვის კი ჩვენს სახელმწიფოს სახსრები არ გააჩნია. როგორც სომხეთის განათლების მინისტრმა ლევონ მკრტჩიანმა განმიცხადა, სომხეთის ხელისუფლება სრულად უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სომხურ მოსახლეობას სასკოლო სახელმძღვანელოებით. აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მისირ მარდანოვის თქმით კი, აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამემამულეთა მხოლოდ დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას ახერხებს. ამ ქველმოქმედების ფონზე, საქართველო დგას პრობლემის წინაშე: მის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოების სასწავლო პროგრამების შესაბამისად მიმდინარეობს სწავლება. რეგიონის მინისტრებმა თბილისში შეკრებისას მხოლოდ აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის თანამშრომლობის დაწყებაზე შეთანხმება მოახერხეს.

მწვავედ დგას ქართულ ენაზე სწავლების საკითხი აფხაზეთის ტერიტორიაზეც. მარტო გალის რაიონში არსებული 43 სკოლიდან 37 ქართულენოვანი იყო. დღეს ყველა სკოლა რუსულენოვანია და ამ სკოლების მხოლოდ ერთ ნაწილში ისწავლება ქართული ენა, როგორც ცალკე საგანი. დღემდე წარმოებულ მოლაპარაკებებზე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლება ყველა დათმობაზე წავიდა - აფხაზური სასწავლო პროგრამით შედგენილი რუსულენოვანი სახელმძღვანელოების ქართულად თარგმნასა და მათ გამოყენებაზეც კი გალის სკოლებში სწავლებისთვის. თუმცა, როგორც ჩანს, აფხაზებს არც კურიკულუმი აქვთ და არც საკუთარი სახელმძღვანელოები. იმის შესახებ, თუ რას ასწავლიან ისინი რუსულ ენაზე გალის სკოლებში, ალექსანდრე კარტოზიამაც კი არაფერი იცის.

ის, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დამოკიდებულება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული ენის მიმართ პოლიტიკურია, ნათელია ეუთოს უმაღლესი კომისრისთვისაც, მაგრამ, როგორც ჩანს, ის იმედოვნებს, რომ საკითხის მოგვარება შესაძლებელი იქნება.

[იკეუსის ხმა]
"ეს არის პოლიტიკური საკითხი და ჩემი მანდატიც პოლიტიკურია. ამდენად, ჩემი განზრახვაა ხელი შევუწყო სხვადასხვა ჯგუფების ინტეგრაციასა და ჰარმონიულ თანაარსებობას. რასაკვირველია, მიდგომა ამ შემთხვევაში პოლიტიკურია".
XS
SM
MD
LG