Accessibility links

logo-print

საქართველოში კიდევ ერთი ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტის საფრთხე გამოიკვეთა


საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი რუსეთი ბოლო წლების მანძილზე ჩვენს ხელისუფლებაზე ზეწოლის განსახორციელებლად პერიოდულად საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ფაქტორს იყენებდა.

პოლიტიკური ზემოქმედების ამ მექანიზმს შეიძლება კიდევ ერთი შეემატოს საქართველოში მცხოვრები ქურთული დიასპორის სახით. ამის თქმის საფუძველს ბოლო თვეების მანძილზე განვითარებული მოვლენები იძლევა. ჯერ იყო და, ქურთული კულტურული ცენტრის ხელმძღვანელმა დემონსტრაციულად თურქეთის დროშა დაწვა, შემდეგ კი ქურთული დიასპორის სხვა ლიდერები შეიარაღებული გამოსვლებით დაიმუქრნენ.

საქართველოში დაახლოებით 25-30 ათასი ქურთი ცხოვრობს და ისინი ხელისუფლების მიმართ ყოველთვის ლოიალობით გამოირჩეოდნენ. თუმცა ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახელმწიფოთა ინტერესების შეჯახება ამ არცთუ მნიშვნელოვანი რაოდენობის მოქალაქეთა შორის რადიკალიზმის აღმოცენებას კარგ ნიადაგს უქმნის.

ცნობილია, რომ თურქეთს ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებთან წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემები აქვს. საქართველო-თურქეთის მეგობრობა, უფრო კონკრეტულად კი, თბილისის მიმართ ანკარის მიერ გაწეული სამხედრო დახმარება საქართველოში მცხოვრები ქურთების გაღიზიანებას იწვევს, მით უმეტეს, რომ არაფერი კეთდება ამ ეროვნული უმცირესობის განვითარების ხელშესაწყობად. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან დაიხურა ის ერთადერთი სკოლაც, რომელშიც საქართველოში მცხოვრებ ქურთებს მშობლიური ენისა და კულტურის შესწავლა შეეძლოთ.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოსკოვი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნას თბილისს ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების სისტემისკენ მიმავალ გზაზე, ნათელი ხდება, რომ ქურთების საკითხი მნიშვნელოვანი პოტენციური საფრთხის მატარებელია.

ოქტომბრის დასაწყისში ქურთული კულტურული ცენტრის ლიდერმა, შეიხმა კახაბერ კალაშოვმა თურქეთის დროშა დემონსტრაციულად დაწვა. რუსეთის ელექტრონულ პრესაში ამ ფაქტის ტირაჟირება კი 22 ნოემბერს დაემთხვა - იმ დღეს, როდესაც საქართველომ ნატოში შესვლის სურვილი ოფიციალურად გამოაცხადა. კახაბერ კალაშოვმა ჩემთან საუბრისას თურქეთის დროშის დაწვის მიზეზი ასე ახსნა:

[კახაბერ კალაშოვის ხმა] „დროშის დაწვა გამოიწვია იმან, რომ საქართველოში სამხედრო ნაწილებს - საერთოდ, არმიას - აფინანსებს თურქეთი, რისი წინააღმდეგიც მე ვარ, რადგან ჩემმა თურქმა მოსახლეობამ საქართველოში არ იმსახუროს ისეთ არმიაში, სადაც თურქული პროექტები ხორციელდება. დროშის დაწვა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოიწვია იმან, რომ ჩემი აზრით, თურქეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა საქართველოს ხელისუფლებამ უყურადღებოდ მიატოვს ქურთი მოსახლეობა.“[სტილი დაცულია]

ამ ფაქტს თურქეთის ხელისუფლების მყისიერი რეაქცია მოჰყვა და საქართველოს ხელისუფლებამ საპროტესტო ნოტაც დაიმსახურა. მასზე რეაგირება უშიშროების სამინისტრომ მოახდინა და კალაშოვი ახსნა-განმარტებისათვის სამინისტროში წარადგინეს. უშიშროების უწყების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნიკა ლალიაშვილმა ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ კალაშოვმა უშიშროების სამინისტროში ოფიციალურად მოიხადა ბოდიში.

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] „ნებისმიერ პიროვნებას, ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენელს კანონის ფარგლებში აქვს უფლება გამართოს საჯარო შეკრებები, მაგრამ თუ ამ შეკრებებზე გამოთქმული აზრები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ.“

ჯერჯერობით გაურკვეველია უშიშროების სამინისტროს დამოკიდებულება ქურთების დიასპორის სხვა ლიდერებისადმი. თენგიზ ქამილმა და ქერიმ ანკოსმა 21 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ, თუ მთავრობა ქურთული კულტურის აღორძინებას არ დააფინანსებს, ისინი იარაღს აიღებენ ხელში და ამ გზით დაუპირისპირდებიან ხელისუფლებას:

„საქართველოში იწყება ქურთების ბრძოლა თავისუფლებისათვის. ჩვენ გვრჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი, ავიღოთ იარაღი და დავიწყოთ ბრძოლა.“

კალაშოვი ამ განცხადებების წინააღმდეგი გამოდის და პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

[კახაბერ კალაშოვის ხმა]“ქერიმ ანკოსისგან მოსალოდნელიც არის, რომ შუღლი ჩამოაგდოს ეროვნებათ შორის, ანუ ეს პროვოკაცია შემოაგდოს ქართველებსა და ქურთებს შორის.“

პრობლემის სერიოზულობას ხაზს უსვამს ლიდერი ორგანიზაციისა „თავისუფალი პრესა დემოკრატიული კავკასიისათვის“, ნუგზარ ჭიაბერაშვილი, რომელიც თავის ორგანიზაციაში აერთიანებს კავკასიის მრავალეროვან ხალხთა საინფორმაციო საშუალებებს.

[ჭიაბერაშვილის ხმა] „ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი ფუნდამენტალურად დაწყებული პროვოკაცია არის ერთა შორის, რასაც ვეღარ გაუძლებს საქართველო. ქურთები საქართველოში საკმაოდ დიდი ძალაა იმისთვის, რომ მოხდეს უსიამოვნება. არ აქვს მნიშვნელობა იმას, ვინ ჩაუდგება წინამძღვრად, მაგრამ შეიძლება ამან მოგვცეს ისეთი შედეგი, რაც შეიძლება ერთი 5 წელიწადი კიდევ ვერ გამოვასწოროთ.“[სტილი დაცულია]

ცხადია, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ იპოვა გამოსავალი, ქურთების პრობლემა კიდევ ერთ ეთნიკურ კონფლიქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს.
XS
SM
MD
LG