Accessibility links

logo-print

შეიცვლება თუ არა საარჩევნო ბარიერი?


საარჩევნო ბარიერის საკითხი წმინდა პოლიტიკური საკითხია. ბარიერის მიხედვით წინასწარ შეიძლება არჩევნების შედეგის მეტ-ნაკლები სიზუსტით განსაზღვრა. შედარებით დაბალი ბარიერი

პარლამენტში ათზე მეტი პარტიის მოხვედრას უზრუნველყოფს, მაღალი ბარიერი კი პოლიტიკურ ძალებს შეკავშირებისკენ და გაერთიანებისკენ უბიძგებს. 1999 წლის არჩევნებში ბარიერის 7%-მდე გაზრდამ გამოიწვია, რომ პარლამენტში სულ სამი პოლიტიკური ძალა მოხვდა: მოქალაქეთა კავშირი, ბლოკი “საქართველოს აღორძინება” და მრეწველთა პარტია.

არის თუ არა მოსალოდნელი ბარიერის შეცვლა მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ?

უკვე ტრადიციად ყალიბდება, რომ ყოველი მორიგი არჩევნების წინ პარლამენტი ცვლის ბარიერს. გააგრძელებს თუ არა ტრადიციას ამჟამინდელი პარლამენტი და შეცვლის თუ არა ბარიერს მორიგ არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში? ეს დამოკიდებული იქნება ორ ფაქტორზე: რომელი პოლიტიკური ძალები დაუჭერენ მხარს ბარიერის შეცვლას ან შენარჩუნებას და მოაგროვებენ თუ ვერა ბარიერის შეცვლის მსურველები 157 ხმას დღვანდელ დანაწევრებულ პარლამენტში.

ადვილად შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რომელი პარტიები შეეცდებიან ბარიერის დაწევას, თანაც, სავარაუდოდ, 4%-მდე. ეს პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში, მოქალაქეთა კავშირი იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული ორპროცენტიანი მხარდაჭერის მიუხედავად, თავად სახელისუფლო პარტია 7%-იან ბარიერს, ალბათ, გადალახავს. ამისთვის საკმარისი რესურსი არსებობს როგორც მოსახლეობის ცნობიერების, ისე აღმასრულებელი ბერკეტების კუთხით. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების წინ არც მოქალაქეთა კავშირისთვის და არც სხვა ძალებისთვის მხოლოდ ბარიერის გადალახვა საკმარისი არ არის – აუცილებელია საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება.

თბილისის საკრებულოში შექმნილ პოლიტიკურ სურათს თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეტ-ნაკლებად ძლიერ პარტიებს შორის მოქალაქეთა კავშირს სტრატეგიული პარტნიორი არ ეყოლება. ის ძალები, რომლებიც დამოუკიდებლად შეეცდებიან 7%-იანი ბარიერის დაძლევას, ძირითადად, ხმებს ოპოზიციური იმიჯით მიიზიდავენ. ბუნებრივია, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, უმრავლესობას სწორედ ისინი ჩამოაყალიბებენ. ანუ მომავალ პარლამენტში ძალთა განლაგება დაახლოებით გაიმეორებს დღევანდელი საკრებულოს სურათს, სახელისუფლო პარტია კი უმცირესობაში აღმოჩნდება.

როგორ შეუშლის ამ ადვილად პროგნოზირებად პროცესს ხელს ხელისუფლება? ამისთვის, შესაძლოა, მრავალი გზა მოიძებნოს. მაგრამ დღეს უკვე აშკარად ჩანს ერთი ტენდენცია, რომელიც, ალბათ, ბარიერის დაწევის იდეას წამოატივტივებს, თანაც, არა ხუთ, არამედ 4%-მდე. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ ბოლოხანს ბევრი ახალი პარტია და პოლიტიკური მოძრაობა ყალიბდება. ახალი პარტიების ლიდერებად ზოგჯერ ისეთი ცნობილი პარლამენტარები გვევლინებიან, როგორებიც, ვთქვათ, ვაჟა ლორთქიფანიძე, ვახტანგ ხმალაძე ან დავით სალარიძე არიან, ზოგჯერ კი ისეთი ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური ფიგურები, როგორიც ვთქვათ, ვალერი გელაშვილია. მაგრამ, თუ დავაკვირდებით, ადვილად დავრწმუნდებით, რომ არც ერთი ახალი პარტია თუ მოძრაობა პარლამენტის წევრის ენერგიული ინიციატივის გარეშე არ იქმნება.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ, ხშირ შემთხვევაში, ახალი პარტიები ხელისუფლების და, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის კეთილგანწყობით სარგებლობენ. განა რომელიმე პოლიტიკური ლიდერისთვის საიდუმლოა, რომ ახლად შექმნილ გაერთიანებებს 7%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ გააჩნიათ? წინა არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახეს ლეიბორისტებმა, ეროვნულ-დემოკრატებმა და სახალხოელებმა. მაშ, როგორ შეიძლება, სამომავლოდ 7%-იანი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ პარტიებს, რომელთა დასახელებასაც კი ძნელად დაიმახსოვრებს ამომრჩეველი, თუნდაც მათი სიმრავლის გამო?

ბუნებრივია, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ახალი პარტიების შექმნის პროცესი ტენდენციის სახეს იღებს და როდესაც ამ პროცესის მიმართ ინტერესს იჩენს ხელისუფლება, საქმე მიზანმიმართულ პოლიტიკასთან უნდა გვქონდეს. ახლად შექმნილი პარტიების დიდი ნაწილი ხელისუფლების სატელიტ ძალებად უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ მათ პარლამენტში მოხვედრის შანსი გაუჩნდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბარიერი 4%-მდე მაინც შემცირდება. მაშინ, შესაძლოა, პარლამენტში თავი მოიყაროს ბევრმა პარტიამ და უმრავლესობაც ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციური აღარ იყოს. ყოველ შემთხვევაში, სახელისუფლო პარტიას სწორედ დანაწევრებული პარლამენტი აძლევს ხელს და არა მის წინააღმდეგ შეკრულ-შეკავშირებული.

ბარიერის დაწევის შესახებ საუბარი და მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. მაგრამ ამგვარი ინიციატივა უსათუოდ გაჩნდება. ამაზე მიუთითებს თავად პოლიტიკური პროცესიც, სახელისუფლო ინტერესიც და ის ფაქტიც, რომ ახალი პარტიები მაინცდამაინც პარლამენტარების ირგვლივ იკრიბება – ბარიერის დაწევის საკითხი კი სწორედ პარლამენტში უნდა გადაწყდეს.
XS
SM
MD
LG