Accessibility links

logo-print

სამოქალაქო სექტორის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე – რა არის მთავარი: პოლიტიკური მიზანშეწონილობა, კანონის უზენაესობა თუ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები?


დავით პაიჭაძე, თბილისი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო დროს განვითარებული პროცესები თუ მომხდარი ფაქტები აღძრავენ რამდენიმე კითხვას, რომელთაც ჯერ პასუხი არ გასცემიათ.

ვგულისხმობთ არა მხოლოდ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას საქართველოს პარლამენტში, არამედ ქმედებებს, რომლებიც პოლიტიკოსებმა ძალისა და ძალადობის გამოყენებით განახორციელეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თბილისის მერიასთან, საკრებულოში თუ კიდევ სხვაგან. საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტების რაღაც ერთიანი შეფასების მოლოდინი ფუჭი საქმეა, მაგრამ ასეთი შეფასება შეიძლება გააკეთოს სხვადასხვა საზოგადოებრივმა გაერთიანებამ, რომელიც საქართველოს მესამე სექტორის თუნდაც ნაწილის სახელით ილაპარაკებს. პოლიტიკური კლასის ქმედებათა აღწერისა და შეფასების დროს სამოქალაქო საზოგადოების წევრები შეიძლება აღმოჩნდნენ ზოგიერთი ისეთი კითხვის წინაშე, რომლის ცხად პასუსხაც არა მხოლოდ თვითონ საჭიროებენ, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილიც მოელის.

პრობლემური და ჯერჯერობით უპასუხო საკითხები, მართლაც, დაგროვდა და ისინი, მეტწილად, უკავშირდება 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ და შედეგად განვითარებულ მოვლენებს; ვგულისხმობთ დაძაბულობას, რომელიც მოიტანა გაჭიანურებამ არჩევნების რეზულტატის დადგენისას და პოლიტიკურ პარტიათა ექსტრაორდინარულ სვლებს, მიმართულთ ამ დაძაბულობის თითქოს მოსახსნელად. თბილისის საოლქო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა განვლილი 6 თვის მანძილზე მრავალი გადაწყვეტილება გამოიტანეს ე.წ. საარჩევნო საქმეებზე, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება თავიანთი ქმედებით გადაწონეს ლეიბორისტებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერილი და პრესაში გამოქვეყნებული დადგენილების შემდეგ მერიის შენობაში შევიდნენ და საკრებულო აამოქმედეს. ერთი მხრივ, დაირღვა კანონის უზენაესობის პრინციპი: საკრებულოში ახლა მსხდომი ხალხი არ დაელოდა უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს და არ შეუწონა მას თავისი ქმედება. მეორე მხრივ, გაუთავებელი სასამართლო პროცესებით, შეიძლება ითქვას, გაუმართლებლად დაყოვნდა ხალხის ნებით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს ამოქმედება. დაყოვნება კი აღმოიფხვრა მეთოდებით, რომელთაც კანონთან ცოტა რამ ჰქონდათ საერთო. სამოქალაქო საზოგადოებას ჯერ ვერ გაურკვევია, განაცხადოს კანონის უზენაესობის, როგორც უზენაესი ღირებულებისადმი, თავისი ერთგულების შესახებ და ამით გაემიჯნოს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, თუ, პირიქით, არ ჩათვალოს კანონის უზენაესობა აღუმატებელ ღირებულებად (მით უმეტეს, ასეთად მას არც ხელისუფლება განიხილავს) და, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მოტივით, მხარი დაუჭიროს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას? მართლაც, როცა ხედავ, რომ პარლამენტისა და მთავრობის წევრები კანონს რეგულარულად არღვევენ, მხოლოდ პოლიტიკური გათვლებიდან გამომდინარე, და მიიჩნევ, რომ სასამართლო, სისუსტის გამო, გადაწყვეტილების გამოტანისას ითვალისწინებს პოლიტიკურ კონიუნქტურას, ძნელია, უერთგულო კანონის უზენაესობას, ვითარცა ღირებულებას. ამავე დროს, შენ ხედავ არჩევნებში გამარჯვებული ჯგუფის ქმედებას და მისი ქცევის წესს ამსგავსებ 1990 წლის არჩევნებამდე ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ჯგუფის აქტივობას. ეს მსგავსება, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში ანალოგიის წესი ყოველთვის არ მუშაობს, შემაშფოთებელია. საქმე ეხება არა, ვთქვათ, სააკაშვილის მხარდაჭერას ან დაგმობას, არამედ უფრო მასშტაბურ საკითხს: რა ვქნათ, როცა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მორალურად გვაიძულებს, არ დავემორჩილოთ არც მას და არც კანონს.

პრობლემის კომენტარი ვთხოვე ფილოსოფიის დოქტორს, გიგი თევზაძეს, რომელიც თავს სამოქალაქო საზოგადოებას აკუთვნებს და არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი არ არის [თევზაძის ხმა]: “ეს არის დემოკრატიულ სისტემასა და ლიბერალურ ღირებულებებს შორის კამათი. ძალიან ძველი კამათია, ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის პერიოდიდან. სხვათა შორის, აქ ეს კამათი უფრო პოლიტიკურ პროცესებში გაუთვითცნობიერებლობაზე მიუთითებს, ვიდრე ამ კამათის რეალურ საფუძველზე. ეს კამათი არის მუდმივი, ანუ რა გავწიროთ ჩვენ: გავწიროთ ლიბერალური ღირებულება, რომელიც აშკარად ირღვევა დემოკრატიის სახელით, თუ გავწიროთ დემოკრატია ლიბერალური ღირებულებების გამო, როცა აშკარაა, რომ არ შეიძლება ლიბერალური ღირებულებების დაცვა დემოკრატიული პრინციპების დაურღვევლად. საქართველოში ჯერ კიდევ არ დგას ეს საკითხი მწვავედ, საქართველოში ჯერ კიდევ იციან, რომ, რა თქმა უნდა, ლიბერალური ღირებულებები უნდა იყოს პირველ ადგილზე, ხოლო ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი, რომელიც წავა ამ ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ, უნდა დადგეს მეორე ადგილზე”.
XS
SM
MD
LG