Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობა კულტურულ ავტონომიას მოითხოვს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ახალქალაქში იშვიათად ხედავენ საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს. ჯერ ერთი, იქაურ სომხურ მოსახლეობას თბილისიდან ჩასული ჩინოვნიკები, რბილად რომ ვთქვათ, გულზე არ ეხატება.

თავად მოხელეებს კი ახალქალაქთან დამაკავშირებელი საშინელი გზა, უკეთ უგზოობა, უკარგავს სამცხე-ჯავახეთის მონახულების მადას. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჟან-კრისტოფ პეკი ამ სიძნელეს არ შეუშინდა და რეგიონს ეწვია.

ახალქალაქის მოსახლეობის 96 პროცენტს ეთნიკური სომხები შეადგენენ. 4 პროცენტიც რუსები არიან რუსეთის სამხედრო ბაზიდან. ქართველების უმნიშვნელო რაოდენობა სოფლებშია მიმობნეული.

ახალციხეში მე-19 საუკუნის დასაწყისამდე გამაჰმადიანებული ქართველი მოსახლეობა ჭარბობდა. რეგიონი თითქმის 200 წლის განმავლობაში ოსმალეთის კონტროლის ქვეშ იყო. როცა რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა, მან იმ რეგიონში ათიათასობით ქრისტიანი სომეხი ჩაასახლა, ოტომანთა იმპერიასთან უსაფრთხოების სარტყელის შექმნის მიზნით.

დღეს ახალციხეში ქართველები და სომხები შესაბამისად 60 და 40 პროცენტს შეადგენენ, ხოლო ნინოწმინდის მოსახლეობა თითქმის ასი პროცენტით სომხურია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისს ეჭვი აქვს, რომ სამცხე-ჯავახეთის სომხურ მოსახლებას სომხეთთან მიერთებაზე უჭირავს თვალი. ამის საფუძლად არსებულ სეპარატისტულ მოძრაობებს ასახელებენ. რეგიონის წამყვან პოლიტიკურ ძალად ითვლება 4 წლის წინათ დაარსებული მოძრაობა "ვირკი", რაც ძველსომხურად საქართველოს ნიშნავს.

საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ეთნიკურ, რელიგიურ ან ტერიტორიულ პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის შექმნას. ამ მიზეზით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უარს აცხადებს "ვირკის" რეგისტრაციაზე. მიუხედავად ამისა მოძრაობა, არსებობს, მაგრამ სეპარატიზმს უარყოფს. მისი თანათავმჯდომარის დავით რსტაკიანის სიტყვით, ბოლო 12 წლის განმავლობაში არც ერთ ადგილობრივ მოძრაობას არ წამოუყენებია სეპარატისტული ლოზუნგი.

რსტაკიანი ამბობს, რომ "ვირკი" საქართველოს პარლამენტში სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლობის გაფართოებისა და კულტურული ულებებისთვის იბრძვის. მაგალითად მოითხოვს რომ რეგიონში სომხური სახემლწიფო ენად გამოცხადდეს და, აგრეთვე, რომ მთავრობამ მეტი ყურადღება დაუთმოს რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს.

დაძაბულობის ერთ-ერთი წყაროა რუსეთის სამხედრო ბაზა ახალქალაქში, რომელიც ასე თუ ისე ასაქმებს 7 ათასამდე ადგილობრივ მოქალაქეს და მისი დახურვა, რეგიონის სომხების თქმით, ქალაქის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს.

ამ აზრს ყველა არ იზიარებს. ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაცია "რეფორმებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე არარატ ესოიანი ამბობს, რომ მილიონ 200 ათასი დოლარი, რომელსაც მოსკოვი ყოველწლიურად ხარჯავს რეგიონში, მისი ეკონომიკის უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენს. მთავარია სოფლის მეურნეობა და სომხეთიდან ორივე მიმართულებითკონტრაბანდა.

ესოიანის თქმით, რეგიონის ეკონომიკას რუსეთის სამხედრო ბაზა კი არ ასაზრდოებს, არამედ რუსეთში სეზონურ სამუშაოზე წასულები, მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტი.

რსტაკიანი რუსეთის ბაზების დახურვის წინააღმდეგ არგუმენტად ეკონომიკას თითქმის არ ახსენებს. ის უსაფრთხოების პრობლემას უსვამს ხაზს. რუსების წასვლით და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებით (ის ახალქალაქის ჩრდილოეთით, რამდენიმე ათეული კმ-ის დაშორებით გაივლის) რეგიონში თურქეთის გავლენა გაიზრდება. თურქეთის შიშს სომხებს კოლექტური მეხსიერება ჰკარნახობს. ვინ დაგვიცავს, როცა რუსები წავლენ კითხულობს რსტაკიანი.

[რსტაკიანის ხმა] "თურქეთის საიდუმლო სამსახურები მოვლენ და აქაურობაზე კონტროლს დაამყარებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენ გაგვანდგურებენ. სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად, მათ შეუძლიათ ამერიკული დოლარების გამოყენება. ჩვენ ღატაკები ვართ და იძულებული ვიქნებით, მათთვის ვიმუშაოთ. ისინი ბატონები იქნებიან, ჩვენ კი საკუთარ მიწა-წყალზე ყმებად გადავიქცევით. ყველა ამ ფაქტორის გამო ადგილობრივი მოსახლეობა რუსეთის ბაზების დარჩენას მოითხოვს."

ახალქალაქის ლიდერები იმასაც ჩივიან, რომ თბილისი აპირებს რეგიონში ათიათასობით მესხის ჩასახლებას. ბოლო წლების განმავლობაში სულ რამდენიმე ათეული მესხი დაბრუნდა სამშობლოში. თბილისი ირწმუნება, რომ თუ დაიწყება მესხების მასობრივი დაბრუნება მათი ჩასახლება ისე უნდა მოხდეს, რომ ამან სოციალური და ეთნიკური დაძაბულობა არ გამოიწვიოს.

თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციის "პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის" თანა-დირექტორი ნანა სუმბაძე საქართველოში სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობის სუსტ ინტეგრაციაში, თუმცა ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს, ამბობს, რომ ბრალი თვით რეგიონის სომხებსაც მიუძღვით.

სუმბაძის თქმით, თბილისის სომხებისგან გასხვავებით, მათ არ სურთ ინტეგრირება. ნებისმიერ პატარა ნაბიჯს ინტეგრაციის მიმართულებით ისინი საკუთარი ეროვნული მეობისთვის მიყენებულ საფრთხედ აღიქვამენ,. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას,იმავე ნანა სუმბაძის აზრით, ის პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ამ შიშის გასაქარწყებლად: სომხებს არც ინტეგრაციის საშუალებებს სთავაზობს და არც აქტიური კულტურული და სამოქალაქო ცხოვრების განვითარების საშუალებას აძლევს.

რეგიონის მოსახლეობის იზოლაციასა თუ თვითიზოლაციას ხელს უწყობს ქართული მედიის უქონლობაც. ცენტრალური გაზეთები იქ თითქმის არ აღწევს. ტელევიზია უმთავრესად სომხეთისა და რუსეთისაა. ადგილობრვი სომხები თბილისში გამომავალ სომხურენოვან გაზეთ "ვრასტანსაც" კი ალმაცერად უყურებენ. თბილისელ სომხებს ისინი ასიმილირებულად მიიჩნევენ. ერთადერთ ქართულ სკოლაში სომხებს თავიანთი შვილები არ შეჰყავთ. რეგიონის გადაქცევას შენელებული მოქმედების ბომბად ხელს უწყობს ისიც, რომ ოთხი წლის წინათ მოსკოვმა, ყოველგვარი კანონების დარღვევით, რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა ახალქალაქის იმ მოსახლეებს, რომლებიც მის ბაზაზე მუშაობენ.
XS
SM
MD
LG