Accessibility links

logo-print

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში


მას შემდეგ, რაც პრაღაში ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოხატა, თბილისს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების უფროსთა გაერთიანებული

კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ მაიერსი ეწვია. ამ ფაქტს საქართველოში მაღალი შეფასებაც მისცეს და სხვადასხვა ვერსიებიც დაუკავშირეს. მაიერსის საქართველოში ჩასვლასთან დაკავშირებით, ქართული პრესა საქართველოს თავდაცვის სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების შესაძლო გაზრდაზე ალაპარაკდა, ქართველმა სამხედრო ექსპერტებმა კი ერაყის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო ბაზების გამოყენების შესაძლებლობის ირგვლივ საუბარი გაააქტიურეს. ამ ვერსიებში სიცხადის შეტანა თავად რიჩარდ მაიერსმა სცადა.

თბილისში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში რიჩარდ მაიერსი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს თავდაცვის სფეროს ხელმძღვანელ პირებს, მოინახულა კრწანისის, 11 სექტემბრის ტრაგედიის მსხვერპლთა სახელობის, სასწავლო ცენტრი, სადაც “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ სამხედროებს ამზადებენ. თავდაცვის სამინისტროში სიამაყით აცხადებენ, რომ ამერიკელმა გენერალმა მოიწონა ის, რაც საქართველოში თავისი თვალით ნახა, რომ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიმდინარეობით ის კმაყოფილი დარჩა. საინტერესოა, რომ აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულება მაიერსმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს დაუკავშირა, როცა თქვა, რომ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის წარმატებით დასრულება ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის საკითხს მაიერსი ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზეც შეეხო. რა თქმა უნდა, არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება გაუღონ საქართველოს ნატოს კარები, მაგრამ ის კი აღნიშნა, რომ ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს არა მარტო თავდაცვის სფეროს ნატოს სტანდარტებთან მიახლოება, არამედ მთელი რიგი სხვა პირობების დაკმაყოფილებაც მართებს. ამავე პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანმა ისიც თქვა, რომ საქართველოს ნატოსკენ უკევ გადადგმული აქვს გარკვეული ნაბიჯები, რაშიც ნატოს პროგრამაში “პარტნიორობა მშვიდობისათვის” საქართველოს აქტიური მონაწილეობა იგულისხმა.

თბილისში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე რიჩარდ მაიერსს მიაწოდეს ინფორმაცია როგორც “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, ისე პანკისისა და კოდორის ხეობებში არსებულ მდგომარეობაზე. თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ პრესაში გავრცელებულ ვერსიებს, თითქოსდა, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის ფინანსური დახმარების გაზრდისა და საქართველოს სამხედრო ბაზების ერაყის წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობას უკავშირდებოდეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის თქმით, რიჩარდ მაიერსთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სისტემის დახმარების გაზრდაზე საუბარი არ ყოფილა.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] “საუბარი გაზრდაზე არ არის და ამის საჭიროებაც არ არის, რადგან ჩვენს მთავარ ამოცანას ამ ეტაპზე “ წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ბოლომდე მიყვანა წარმოადგენს და მერე ის გვაჩვენებს, მომავალში რა სახის დახმარება დაგვჭირდება.”

რაც შეეხება ერაყის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო ბაზების გამოყენების შესაძლებლობას, ქართველ ჟურნალისტებს მაიერსმა თავად განუმარტა, რომ მისი ჩამოსვლა საქართველოში ამ საკითხს არ უკავშირდება.
ასეა თუ ისე, ფაქტი მრავლისმეტყევლია. ისეთი რანგის პირი, როგორიც გენერალი რიჩარდ მაიერსია, თბილისში ნატოს პრაღის სამიტის დასრულებისთანავე ჩამოვიდა, თანაც, შუა აზიიდან, რეგიონიდან, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტმა ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში შეაღწია.
XS
SM
MD
LG