Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა კავშირი და სოციალისტური პარტია ერთიანდებიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქრონიკული საპარლამენტო კრიზისი ადრე თუ გვიან ახალი უმრავლესობის შექმნით რომ დასრულდებოდა, ასეთი პროგნოზი ბოლო 8 თვის განმავლობაში არაერთხელ გაკეთებულა.

25 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს ხანში პარლამენტში ახალი უმრავლესობა შეიქმნება. ჯერჯერობით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად მოქალაქეთა კავშირი და სოციალისტური პარტია გამოიკვეთნენ, რომელთა შესაძლო პარტნიორობის თაობაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გახდა. რა პრინციპები დაედება საფუძვლად ყოფილ ოპონენტთა თანამშრომლობას?

საინტერესოა, რომ მოქალაქეთა კავშირისა და სოციალისტური პარტიის შესაძლო გაერთიანების ამბავი სოციალისტების წრიდან გახმაურდა. სატელეფონო საუბრებში მოქალაქეთა კავშირის არცთუ რიგითი წარმომადგენლები თავს იკავებდნენ ამ ახალი ამბის კომენტირებისგან იმ არგუმენტით, რომ არ იცნობდნენ გაფორმებული პარტნიორობის დეტალებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სოციალისტებთან დაახლოების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარემ ავთანდილ ჯორბენაძემ, რომელმაც საჭიროდ არ მიიჩნია ამ მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ თანაპარტიელებთან კონსულტაციების გამართვა.
ბოლო თვეების განმავლობაში სოციალისტური პარტიის თავმჯდომარის ვახტანგ რჩეულიშვილის აქტიურობა – თუნდაც ყოველ ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე მისი დასწრება და გამოსვლები რად ღირს –ხელისუფლებასთან თანამშრომლობისათვის მის მზადყოფნად აღიქმება. მიუხედავად 1995 წელს პრეზიდენტის მხრიდან გამოხატული უნდობლობისა, – როგორც გახსოვთ, 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებისას სოციალისტური პარტია არა მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად უცხადებდა მხარდაჭერას ედუარდ შევარდნაძეს, არამედ ამტკიცებდა, რომ სწორედ სოციალისტებმა წამოაყენეს იგი პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ მაშინ შევარდნაძემ არჩევანი ზურაბ ჟვანიას სასარგებლოდ გააკეთა, – დღეს ვახტანგ რჩეულიშვილი პოსტშევარდნაძისეული ეპოქისთვის მზადებას იწყებს და აცხადებს, რომ მოქალაქეთა კავშირთან თანამშრომლობის უპირველესი მიზანია აუცილებლად სტაბილურად ჩათავდეს პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დარჩენილი დრო. ის, რომ დღეს აქტუალურად აღარ ჟღერს პრეზიდენტ შევარნდაძის გადადგომის მოწოდება, ვახტანგ რჩეულიშვილმა ჯერ კიდევ გასულ კვირას პარლამენტის სესიაზე აღიარა:
[ ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] “ძირს პრეზიდენტი! – გვესმის ჩვენ განუწყვეტლივ. უნდა გითხრათ, რომ არის დრო, როდესაც ასეთ მოწოდებას ტაშით ხვდება ხალხიც და პოლიტიკოსებიც. ძირითადად, ჩემთვის ეს არის არჩევნების დრო, საარჩევნო პერიოდი, როდესაც წყდება, იყოს თუ არა პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში. დღეს, მე მიმაჩნია, უფრო აქტუალური იქნება ლოზუნგი, ედუარდ-პრეზიდენტის შემდეგ როგორი ქვეყანა რჩება და ქვეყანა როგორ იყოს სტაბილური.”[სტილი დაცულია]

პარტნიორობა მშვიდობისათვის, – ასე შეაფასა სოციალისტების ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ავთანდილ ჯორბენაძესთან თანამშრომლობის გაფორმება, რაც ამ ეტაპზე 30 ნოემბრისთვის დაგეგმილ საბურთალოს ერთმანდატიან ოლქში ერთი და იმავე კანდიდატის მხარდაჭერაში გამოიხატება. შემდეგ, ედუარდ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძესთან კონსულტაციების საფუძველზე, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება თანამშრომლობის პერსპექტივები. სხვათა შორის, 30 ნოემბერს საბურთალოს ერთმანდატიან ოლქში ყველაზე კონკურენტუნარიანი კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გივი თარგამაძე იქნება. აქვე, კარგად ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, იმასაც გაცნობებთ, რომ ამ მოძრაობის ყოფილმა წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა 25 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წევრობის შეჩერების თხოვნით მიმართა.
XS
SM
MD
LG