Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებული მოსაზრებები


გიორგი კაკაბაძე, თბილისი პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე საუბრისას რუსეთის პრესა ძირითად აქცენტს ალიანსის გაფართოებაზე აკეთებს. გაგაცნობთ რამდენიმე ფრაგმენტს იმ წერილებიდან,

რომლებიც ნატოს გაფართოების პერსპექტივასა და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ 1999 წლის ადაპტირებული ხელშეკრულების საკითხს მიეძღვნა.

ნატოს სამიტის დაწყების დღეს, 21 ნოემბერს, “ნეზავისიმაია გაზეტამ” გამოაქვეყნა ვაშინგტონის თავდაცვითი ცენტრის რუსეთისა და აზიის პროგრამების დირექტორის ნიკოლაი ზლობინის წერილი. ექსპერტის აზრით, ჩრდილოატლანტიკური ბლოკის გაფართოება – ეს არის უკანასკნელი გაფართოება ახლო მომავალში, “რადგან ჩრდილოატლანტიკური ბლოკი შესაძლებლობების ზღვარს უახლოვდება თავის რაოდენობრივ და სივრცით ექსპანსიაში”.

ავტორის აზრით: “თუ გავითვალისწინებთ, რომ იმავეს თქმა შეიძლება ევროკავშირის გაფართოებაზეც, მაშინ ცხადი ხდება: ევროპა საბოლოოდ “ყალიბდება გეოგრაფიულად”. იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე ირიცხებიან კანდიდატთა სიაში, რასაკვირველია, მიიღებენ ნატოში, მაგრამ ყველა დანარჩენ კანდიდატს, რომლებიც ნატოს კარზე აკაკუნებენ, დიდხანს მოუწევთ ლოდინი. უახლოესი ორი ათეული წლის განმავლობაში ალიანსი ახალი წევრების “მონელებით” იქნება დაკავებული”.

ნატო-რუსეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებით, 18 ნოემბრის საიტი “პროსპეკტ-ნოვოსტი” აღნიშნავს: “თუ მართლაც აეწყობა თანაბარუფლებიანი თანამშრომლობა, რომელიც არა მხოლოდ ალიანსის, არამედ, იმავდროულად, რუსეთის ინტერესებს გაითვალისწინებს, - ეს საკითხის ერთი მხარეა. მაგრამ თუ ალიანსი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს გამოეკიდება და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავს, მით უფრო, თუ რუსეთისკენ არ გამოიხედავს და, მეტიც, მის ინტერსებს შელახავს, მაშინ რუსეთის ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რაიონებში – ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - აშშ-ისა და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო ყოფნის გაფართოებისგან კარგს არაფერს უნდა ველოდეთ”.

22 ნოემბრის ინტერნეტგაზეთი “სტრანა” წერს, რომ “ექსპერტების აზრით, ნატოში პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების შესვლა ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებში ე.წ. “რუხი ზონის” შექმნას, ანუ ბალტიის ქვეყნები თავის სივრცეში იმდენ იარაღს განათავსებენ, რამდენსაც მოინდომებენ”.

წერილში საუბარია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ 1999 წლის ადაპტირებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც სტამბულის ეუთოს სამიტზე მიიღეს. გაზეთის თქმით, “ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პრობლემები არამხოლოდ ბალტიის ქვეყნების დონეზე არსებობს. როგორც ცნობილია, ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიცერება მხოლოდ უკრაინამ და ბელორუსიამ მოახდინეს. ევროპაში კი ეს პროცესი მუხრუჭდება იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოს ქვეყნები ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიცირებას მოლდოვასა და საქართველოდან რუსეთის ბაზების გატანას უკავშირებენ. აშშ კი უკმაყოფილოა ჩეჩნეთში, თითქოსდა, დიდი ოდენობის იარაღის არსებობით. საკითხის ამგვარ კავშირში განხილვა მოსკოვში არაკორექტულად მიაჩნიათ და “ნათელი და პრინციპული პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებენ” შეერთებულ შტატებს”.

“სტრანა” დაასკვნის: “ამდენად, პრაღის ნატოს სამიტმა ვერ გადაჭრა წინააღმდეგობები, რომლებიც არსებობს ევროპაში შეიარაღებული ძალების შეზღუდვის საკითხებთან დაკავშირებით.

ნატო ფართოვდება და ამ პროცესის უსაფრთხოებაზე საუბრისას ალიანსის წარმომადგენლები ადაპტირებული ხელშეკრულების რატიფიცირებას ჩეჩნეთის პრობლემებსა და ამიერკავკასიასა და მოლდოვადან რუსეთის ბაზების გატანას უკავშირებენ. ასეთი სტანდარტები მოსკოვისთვის მიუღებელია. თუმცა, იმავდროულად, ის თავისი დაჯგუფებების შემცირებაზე მიდის. მომავალი გვიჩვენებს, წავა თუ არა დასავლეთი იმავე გზით”.
XS
SM
MD
LG