Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტის პოზიცია ნატოში საქართველოს


ანდრო ეული, პრაღა გასულ კვირაში, ნატოს პრაღის სამიტზე, პრეზიდენტ შევარდნაძის ოფიციალურმა განცხადებამ, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში გაწევრიანება სურს,

შეშფოთება გამოიწვია რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთში.

რადიო "თავისუფლებისა" და რადიო "თავისუფალი ევროპის" სხდომათა დარბაზში 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ერთობ ცივად გამოეხმაურა საქართველოს თხოვნას ნატოში გაწევრიანების თაობაზე. აღნიშნა რა, რომ "თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები თავის საგარეო პოლიტიკაში და გააკეთოს არჩევანი უშიშროების არსებულ სისტემებს შორის", ქოჩარიანმა ყურადღება ნატოსა და რუსეთის დაახლოებაზე გაამახვილა და უგულებელყო ნატოში საქართველოს გაწევრიანების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

სომხეთის ლიდერმა გააფრთხილა საქართველო და ნატო, თავი შეიკავონ "სამხრეთ კავკასიაში ახალი გამყოფი ხაზების შექმნისგან". [რობერტ ქოჩარიანის ხმა] "მეტად რთული რეგიონია სამხრეთი კავკასია, სადაც ისტორიულად დამკვიდრდა გავლენები, ხოლო ძლიერ მეზობლებს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. ყოველივე ამის ფონზე, აუცილებელია ბალანსირებული და ფრთხილი მიდგომა, რათა რეგიონში არ შეიქმნას ახალი გამყოფი ხაზები. შემთხვევით არ მითქვამს დღეს, ნატოს სამიტზე გამოსვლისას, რომ ის ურთიერთობა, ცალკეულ ქვეყნებთან და პარტნიორებთან რომ ამყარებს ნატო, ყოველ კონკრეტულ რეგიონში არსებული ვითარებისა და პრობლემების გათვალისწინებით უნდა განვითარდეს. ნაცვლად იმისა, რომ ახალი პრობლემები შევქმნათ, უმჯობესია, უკვე არსებული პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნოთ."

სომხეთის ლიდერი, ცხადია, კავკასიაში მოუგვარებელ ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტებს გულისხმობდა. მან თქვა, რომ ეუთოს სტამბოლის სამიტზე, 1999 წელს, წამოაყენა წინადადება, შეიქმნას უშიშროების სუბრეგიონული სისტემა, რომელიც სამხრეთი კავკასიის ყველა სახელმწიფოსა და მათს მეზობლებს გააერთიანებდა.

კორესპონდენტის შეკითხვას, ხომ არ მოახდენს რაიმე გავლენას სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე საქართველოს თხოვნა ნატოში გაწევრიანების შესახებ, ქოჩარიანმა უარყოფითი პასუხი გასცა. სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერევანი არ დააყენებს დღის წესრიგში ნატოში გაწევრიანების საკითხს და მოსკოვთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგული დარჩება:

[რობერტ ქოჩარიანის ხმა] "ნატოში გაწევრიანების მოსურნე ქვეყნებისგან კარგა გრძელი რიგი შეიქმნა. ჩვენ, სომხეთში, რამდენადმე განსვავებული მიდგომა გვაქვს ამ საკითხისადმი. ვაცხადებთ, რომ ნატოში გაწევრიანება არ დგას ჩვენი საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ჩვენი რეგიონული უშიშროება დღეს იმ სისტემითაა განსაზღვრული, რომელსაც ვეკუთვნით. ეს არის კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულება და საკმაოდ მჭიდრო სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთთან."

გასულ კვირაში რობერტ ქოჩარიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, მართალია, არ ესწრაფის ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ დაინტერესებულია ალიანსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებით.

გაისად, ივნისში, ნატოს პროგრამის – "პარტნიორობა მშვიდობისათვის" – ჩარჩოებში სომხეთში პირველად ჩატარდება სამხედრო-საწვრთნელი მეცადინეობა. ერევანთან თავისი განსაკუთრებული ურთიერთობის საჩვენებლად, რუსეთმა ამ დღეებში გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს სომხეთში დაგეგმილ მანევრებში. არადა, საქართველოსა და აზერბაიჯანში, წარსულში ჩატარებულ ასეთსავე მანევრებში მონაწილეობისგან მოსკოვმა თავი შეიკავა.
XS
SM
MD
LG