Accessibility links

logo-print

თურქმენეთის პრეზიდენტი უვნებლად გადაურჩა შეიარაღებულ თავდასხმას


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს 25 ნოემბერს, თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურად ნიაზოვი უვნებლად გადაურჩა მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას.

თავდასხმის მოწყობაში ნიაზოვმა უმალვე დაადანაშაულა თავისი ყველაზე თვალსაჩინო მოწინააღმდეგეები, თუმცა პოტენციურ ეჭვმიტანილთა სია ბევრად აღემატება ერთ დროს მაღალი თანამდებობის მქონეთა იმ ოთხეულს, ნიაზოვმა რომ დაასახელა. გამოძიება დაწყებულია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორშაბათს მომხდარ ინციდენტს დაპატიმრებები მოჰყვება.

აშხაბადში უშიშროების საგანგებო ზომებია მიღებული. ნიაზოვის ავტოკოლონას ორშაბათს დილით გაუხსნეს ცეცხლი, როცა თურქმენეთის პრეზიდენტი სამსახურში მიდიოდა. ნიაზოვი არ დაშავებულა, მაგრამ ორმხრივი სროლის დროს დაიჭრნენ შემთხვევის ადგილზე მყოფი რამდენიმე ადამიანი და უშიშროების უწყების ოფიცერი. აი, რა განაცხადა მომხდარის შესახებ თვით საფარმურად ნიაზოვმა: [საფარმურად ნიაზოვის ხმა] "დილის 7 საათი იყო. აშხაბადში საბარგო ავტომანქანა "კამაზმა", ჩემს უკან, გზაჯვარედინი ჩახერგა. შემდეგ საგზაო პოლიციის მანქანა "კამაზის" გვერდით გაჩერდა. მე აღარ მივაქციე ამას ყურადღება და მივედი სამსახურში, სადაც მითხრეს, რომ იქ სროლა ატეხილა. "კამაზიდან", "ბეემვედან" და "გაზელიდან" გამოსულ ხალხს სროლა დაუწყია."

ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დააკავეს 16 ადამიანი, მათ შორის 4 ქართველი, რომლებიც თურქმენეთის მოქალაქეები არ არიან. ნიაზოვის პრესმდივანმა სერდარ დურდიევმა თქვა, რომ დაკავებული ქართველები "დაქირავებული მებრძოლები" არიან, ხოლო ორშაბათს მომხდარ ინციდენტს დურდიევმა "საერთაშორისო ტერორიზმის" აქტი უწოდა. თუმცა, ნიაზოვს არ შეუცვლია აზრი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იდგეს ამ თავდასხმის უკან. მთავრობის საგანგებო სხდომის დამთავრების შემდეგ ნიაზოვმა თავისი ოთხი უმთავრესი პოლიტიკური მოწინააღმდეგე დაადანაშაულა ამ თავდასხმის მოწყობაში.

ამჟამად ოთხივე ლტოლვილობაში ცხოვრობს, თავის დროზე კი მათ ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავათ თურქმენეთის მთავრობაში. ესენია: სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე საფარ იქლიმოვი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის შიხმურადოვი, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილე და ცენტრალური ბანკის მმართველი ხუდაიბერდი ორაზოვი და თურქმენეთის ყოფილი ელჩი თურქეთში, ნურმუჰამედ ხანამოვი.

თავდასხმის მთავარ ინიციატორად ნიაზოვმა დაასახელა იქლიმოვი, რომელმაც თურქმენეთი 1996 წელს დატოვა. შიხმურადოვი, ორაზოვი და ხანამოვი დაახლოებით ერთი წლის წინათ დაარსებული ოპოზიციური დაჯგუფების, თურქმენეთის სახალხო დემოკრატიული მოძრაობის წევრები არიან. ოთხივე ლტოლვილობაში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათ კორუფციის ბრალდებები წაუყენა.

მას შემდეგ, რაც თურქმენეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს, ნიაზოვი, რომელსაც პარლამენტმა "თურქმენბაშის", ანუ ყველა თურქმენის მამის საპატიო წოდება მიანიჭა, აბსოლუტურად შეუზღუდავი უფლებებით მართავს ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ თურქმენეთში სახელმწიფო მოხელეების უმრავლესობას, განსაკუთრებით მინისტრებს, დანიშვნიდან სულ მალე, როცა ერთი წელიც კი არ არის გასული, დამამცირებელ ვითარებაში უხდება თანამდებობის დატოვება. მაგალითად მოჰამად ნაზაროვს, რომელიც კაგებეს მემკვიდრე უწყებას, ეროვნული უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა და წლების მანძილზე ნიაზოვის ერთგული მოკავშირე იყო, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, მიმდინარე წლის დასაწყისში 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG