Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ თბილისელი სომხები თავიანთ მდგომარეობასა და ჯავახეთში მიმდინარე მოვლენებზე?


საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს, ჯავახეთს, ვრცელი მასალა მივუძღვენით ჩვენს გუშინდელ გადაცემაში. აქტუალური ინფორმაცია სამხრეთი საქართველოს ამ კუთხის შესახებ ჩვენმა თანამშრომელმა

ჟან-კრისტოფ პეკმა მოიპოვა, რომელსაც ამას წინათ საქართველოში მივლინებით ყოფნისას, ახალქალაქში ჩასვლის შესაძლებლობაც მიეცა. და თუ გუშინ ჯავახეთის მკვიდრი ეთნიკური სომხების მდგომარეობაზე, მათ პრობლემებსა და მოთხოვნებზე გიამბეთ, დღეს თქვენს ყურადღებას საქართველოს დედაქალაქში მცხოვრებ სომხებს მივაპყრობთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ სომხები საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ უმცირესობას, მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ.

ორიოდე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში, საზეიმო ვითარებაში, ერევნის მერის რობერტ ნაზარიანისა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების თანდასწრებით, გაიხსნა სომეხ მოღვაწეთა პანთეონი – ელიას მთაზე ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან მდებარე მომცრო სასაფლაო, სადაც 1937 წლიდან სომეხი ეროვნების მწერლებს, კომპოზიტორებსა და მეცნიერებს კრძალავდნენ; ადგილი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში დარბევის შემდეგ ისევ აღადგინეს და რომელიც თბილისის კულტურულ ცხოვრებაში ეროვნებით სომეხთა დიდ წვლილს გვახსენებს.

იყო დრო (მე-19 საუკუნის შუა პერიოდი), როცა სომხები თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენდნენ, ანუ რიცხობრივად ქართველებსაც აღემატებოდნენ. ასე იყო ინდუსტრიალიზაციის ეპოქამდე, ვიდრე საქართველოს რეგიონების მოსახლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი სამუშაოს შოვნის იმედით თბილისს მიაშურებდა, და –შესაბამისად – მკვეთრად შეცვლიდა დემოგრაფიულ სურათს. როგორც ჟან-კრისტოფ პეკმა შეიტყო, სომხების რიცხვმა კიდევ უფრო იკლო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას მმართველობის წლებში.

ასე რომ, დღეს სომხები თბილისელების დაახლოებით 8 პროცენტს შეადგენენ და დაკარგული აქვთ ჩვეული პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა. მათი უმნიშვნელო ნაწილი თუ მუშაობს მაღალ თანამდებობებზე ბიზნესის სფეროში, ან სახელმწიფო უწყებებში, როგორც, მაგალითად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენრიხ მურადიანი. ამასთან, საქართველოში სომეხთა უდიდესი ორგანიზაციის, საქართველოს სომეხთა კავშირის თბილისის განყოფილების თავმჯდომარეს, არნოლდ სტეფანიანს ამ ვითარების მიზეზად ქართველთა მხრივ დისკრიმინაცია როდი მიაჩნია: [არნოლდ სტეფანიანის ხმა] “სომხების უდიდესი პრობლემა დღეს ის არის, რომ მათ თავი არასრულფასოვან მოქალაქეებად მიაჩნიათ. საქართველოს კონსტიტუცია, ბუნებრივია ყველა მოქალაქეს ერთნაირ უფლებებს ანიჭებს. ვერ ვიტყვი, რომ სომხები დისკრიმინაციას განიცდიდნენ. უფრო სწორი იქნებოდა თვითდისკრიმინაციაზე ლაპარაკი. მათი საკუთარი უფლებების არ სჯერათ.”

ამ არასრულფასოვნების კომპლექსის მიზეზად სტეფანიანი საქართველოში დამკვიდრებულ კლანურ სოციალურ სტრუქტურებს მიიჩნევს: სამუშაოზე აყვანისას, უწყებისა თუ ფირმის ხელმძღვანელი, როგორც ცნობილია, უპირატესობას ანიჭებს თავის ნაცნობს და არა რიგიანად კვალიფიცირებულ მუშაკს. შესაბამისად, სომხები ხშირად იჩაგრებიან – ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ეროვნების მოქალაქეები, მათ შორის ქართველებიც. რაც შეეხება სოციალურ, განათლების, ან კულტურის სფეროებს, ამ მხრივ თბილისელი სომხები, თუ ჟან-კრისტოფ პეკის სიტყვებს მოვიშველიებთ, საკმაოდ კარგად არიან ინტეგრირებული: თბილისში მოქმედებს ორი სომხური ეკლესია და რვა სომხური სკოლა, გამოდის სომხურენოვანი გაზეთი, სომხური თეატრი წელიწადში 50-მდე წარმოდგენას უჩვენებს და, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, თბილისელმა სომხებმა ქართული იციან - თუნდაც, ჯავახელი სომხებისაგან განსხვავებით: ჯავახეთის სკოლებში ხომ ქართული, პრაქტიკულად არ ისწავლება.

ზოგადად, ჟან-კრისტოფ პეკს საქართველოში ყოფნისას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ თბილისელი სომხები არათუ არ ემხრობიან ჯავახეთში ავტონომიის მხარდამჭერთა მოწოდებებს, მათში შეშფოთებასაც კი იწვევს სამხრეთ რეგიონში შექმნილი ვითარება, რომელიც ბევრის, მათ შორის თბილისის სომხური თეატრის დირექტორ ენოქ ტატევოსიანის აზრით, უცხო ძალების ზემოქმედების შედეგია: [ენოქ ტატევოსიანის ხმა] “ამას წინათ ყური მოვკარი, რომ ახალქალაქში მიტინგი გაიმართა. ვინ მოაწყო? რატომ? რატომ მოეწყო ეთნიკური სომხების რეგიონში დემონსტრაცია ვლადიმირ პუტინის პორტრეტებით, მაშინ როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობაა?”

ამ შეკითხვაზე პასუხის გამოძებნა მსმენელს, ალბათ, არ გაუჭირდება.
XS
SM
MD
LG