Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური არაოფიციალური შეხვედრების შედეგები


ნატოს სამიტის პარალელურად გერმანიაში ბერჰოფის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ქართულ-აფხაზური მეცხრე არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

მისი მონაწილეების განცხადებით, ბოლო სემინარი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა. ორივე მხარის წარმომადგენლებს, მოქმედ პოლიტიკოსებს, არაოფიციალურ ატმოსფეროში უფრო გაუადვილდათ ურთიერთმისაღები წინადადებების მომზადება. იქონია თუ არა გავლენა ბერლინის სემინარის შედეგებზე გარე პოლიტიკურმა ფაქტორებმა?

ბერჰოფის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ქართულ-აფხაზური სემინარ-დიალოგების ციკლი წარმოადგენს ერთგვარ ლაბორატორიას, სადაც კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ სხვადასხვა იდეების გენერირება ხდება. ამჯერად მხარეები სტატუსის საკითხის გადადებაზე შეთანხმდნენ და ქართულ-აფხაზური საბჭოს შექმნის წინადადება წამოაყენეს.

დიალოგის მონაწილის, პარლამენტარ ჰამლეტ ჭიპაშვილის განმარტებით, ერთობლივი საბჭო ყოველთვიურად შეიკრიბება და მასზე მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზებას თბილისში სოხუმის წარმომადგენლობას და, პირიქით, სოხუმში თბილისის ოფისს დაავალებს. ქართულ-აფხაზური კონსულტაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ბერლინში ჩამოყალიბებულ იდეას ასე განმარტავს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „მოლაპარაკების საგანი არ არის კონსტიტუციის ფარგლებში, გამოდიან კონსტიტუციიდან, კონსტიტუციის გარეთ ქმნიან რაღაც ერთობლივ ორგანოს, რომლის შეთანხმებული ვარიანტი უკვე მისაღები იქნება ორივე მხარისათვის კონსტიტუციურ დონეზე, ანუ ორივე მხარისთვის მისაღები იქნება ის როგორც კანონი. მაგრამ სანამ მიმდინარეობს მოლაპარაკება, სანამ მიღებული არ არის გადაწყვეტილება, ეს მოლაპარაკებები და შედეგები არაკონსტიტუციური, არალეგიტიმურია, ამიტომ თავისუფალია ორივე მხარე. ანუ არც ერთი მხარე უფლებამოსილებით არ არის დატვირთული.“

კონფლიქტის მოწესრიგების ამდაგვარ მეთოდს ეთანხმება პოლიტოლოგი ალექსანდრ რუსეცკი, თუმცა მოდელის სუბიექტებად სულ სხვა მხარეებს ასახელებს.

[რუსეცკის ხმა] „მე, როგორც ექსპერტი, ვფიქრობ, რომ, პირველ რიგში, ამ საბჭოში უნდა შედიოდეს არა, დავუშვათ, თბილისის წარმომადგენლობა და სოხუმის წარმომადგენლობა, არამედ აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების ორი მხარე უნდა იყოს წარმოდგენილი, აი, ამ საბჭოში.“

ამ იდეებზე მსჯელობითა და მათი განხილვა-რეალიზებით მოქმედი პოლიტიკოსები უნდა დაინტერესდნენ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში მსგავსი არაოფიციალური წინადადებებისთვის ყურადღება ჯერაც არავის მიუქცევია. არადა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა აფხაზ სეპარატისტთა განწყობათა ტრანსფორმაცია, რაც ექსპერტებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მცირეოდენ იმედს აძლევს.

აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების ლიდერი თამაზ ნადარეიშვილი სეპარატისტთა პოზიციების ცვლილებას საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესის გაზრდით ხსნის.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] „რაც უფრო მეტი იქნება ასეთი მოვლენები მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ, მით უფრო გატყდება ის ნაწილი, რომელიც მაინც დღეს რაღაც თავის თავს გამარჯვებულად მიიჩნევს და ჰგონია,რომ მან ომი მოიგო და დამოუკიდებლობა მოუპოვა ერს.“ [სტილი დაცულია]

მას შემდეგ, რაც აფხაზ სეპარატისტთა წარმომადგენლებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიეცათ, - ეს კი, თავის მხრივ, შედეგი იყო საქართველოს მიმართ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერისა, -სეპარატისტი ლიდერების პოზიციები მნიშვნელოვნად შერბილდა. თუ აქამდე სოხუმი უარს აცხადებდა სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებაზე და წინაპირობად კოდორიდან ქართული შეიარაღებული ნაწილების გაყვანას ასახელებდა, ახლა აფხაზები მზად არიან თბილისშიც კი ჩამოვიდნენ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

ამ დღეებში თბილისმა ეკონომიკურ საკითხებზეც შეძლო შეთანხმება სოხუმის ხელისუფლებასთან. ენგურჰესის ელექტროენერგიის განაწილების ურთიერთმისაღები ფორმულის შემუშავება და სხვა მაგალითები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აფხაზ სეპარატისთა შორის გაცილებით პრაგმატული პოზიცია ყალიბდება, ვიდრე ეს ადრე იყო.
XS
SM
MD
LG